ზამთრის ფათერაკები

გააზიარე:

ფრთხილად, საშიში მოსახვევია!
რაც უფრო წინ მიიწევს ტექნიკური პროგრესი, მით უფრო ხშირდება ტრავმები. ინდუსტრიული რევოლუციის ნაყოფს უხვად ვიმკით: ტრავმატოლოგიურ კლინიკებს სხეულის მძიმე დაზიანებით ყოველდღე უამრავი ხალხი მიმართავს. თუმცა უსამართლობა იქნება, ყველაფერი ტრანსპორტს და გაუმართავ საწარმოო დანადგარებს დავაბრალოთ...
არსებობს დაავადებები, რომლებსაც სეზონურობა ახასიათებს – წელიწადის განსაზღვრულ დროს იჩენს თავს ან მწვავდება. ერთი შეხედვით, ტრავმებს განსაკუთრებულად არც სიცხე უნდა უყვარდეს და არც სიცივე, არც ფანჯრიდან გადმოვარდნას სჭირდება ატმოსფერული ტემპერატურის სპეციფიკური მაჩვენებელი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. თურმე ტრავმები ზამთარში ხშირდება. რატომ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუმცა პასუხის გაცემა სპეციალისტს მაინც ვთხოვეთ. გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული სამსახურის ხელმძღვანელი რამაზ აღლემაშვილი.

. რატომ არის, რომ ზამთრობით ტრავმები ხშირდება?
– მცირე ტრავმები, მაგალითად, სახსრის ღრძობა ან დაჟეჟილობა, უმეტესად თოვლიანი და მოყინული გზების ბრალია. გარდა ამისა, ზამთარში ბევრი მიაშურებს ხოლმე სამთო კურორტს, სადაც ასევე შედარებით მაღალია მწვავე ტრავმის მიღების ალბათობა. შედარებით  იშვიათია  მოტეხილობა. სტაციონარული ტრავმები, ანუ ის ტრავმები, რომელთა გამოც ადამიანს საავადმყოფოში უწევს წოლა, სეზონს ნაკლებად უკავშირდება.
ზამთარში ტრავმების გახშირება ასევე შეიძლება დავუკავშიროთ შობა-ახალი წლის უქმეებს – ამ დროს ბევრი ზომაზე მეტ ალკოჰოლს იღებს, სიმთვრალეს კი ხშირად ცივი იარაღით დაჭრა და ავტოკატასტროფა მოჰყვება.
. ზემოთ მწვავე ტრავმა ახსენეთ. არსებობს თუ არა სახსრის ქრონიკული ტრავმა?
– სახსრის ქრონიკულ დაზიანებას ტრავმას არ დავარქმევდი. ეს უფრო ქრონიკული ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული გართულებებია, რომლებიც სეზონურად, უფრო გაზაფხულზე და შემოდგომაზე მწვავდება. ასეთ გართულებებს ხშირად იწვევს ოსტეოართრიტი. ამ დაავადებით გამოწვეული სახსროვანი ცვლილებები ზამთარშიც მწვავდება, რაც აცივების ბრალია.
. როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელმაც კიდური იღრძო ან მოიტეხა?
– პირველ რიგში დაზიანებული კიდურის იმობილიზაცია უნდა მოვახდინოთ – მოვასვენოთ და დავაფიქსიროთ. მოტეხილი ხელი უმჯობესია ტანთან მივამაგროთ, ქვედა კიდური კი მაგარ საგანს ან მეორე ფეხს, ასე შევამცირებთ დაზიანებულ ქსოვილებზე ზეწოლას და მათ გაღიზიანებას. გაითვალისწინეთ: დაშავებული არამც და არამც არ უნდა წამოდგეს და დაზიანებულ ფეხზე არ უნდა დადგეს. სასურველია, დაზიანებულ კიდურზე ცივი საფენი დავადოთ. უფრო უკეთესია, მჭიდროდ გადავახვიოთ ცივი ტილო.
ხშირად მომხდარა, რომ ადამიანს კიდური მოუტეხავს ან უღრძია, გვერდზე მყოფებს კი ნატკენის ჩასწორება დაუწყიათ. საუკეთესო გამოსავალია, ტრავმისთანავე სასწრაფო დახმარება გამოვიძახოთ, მაგრამ თუ ექიმთან დაკავშირება დროულად ვერ მოხერხდა, პირველი დახმარების გაწევა მეტი სიფრთხილით მოგვიწევს, რაც მხოლოდ და მხოლოდ სხეულის დაზიანებული ნაწილის იმობილიზაციას და საფენების დადებას გულისხმობს.
. უმეტესად რა ტიპის მოტეხილობით მოგმართავენ?
– იმის თქმა, ქვედა კიდური უფრო ხშირად ზიანდება თუ ზედა, შეუძლებელია. ბოლო ხანს იმატა კომბინირებული ტრავმის შემთხვევებმა, როდესაც ერთდროულად ზიანდება ზედა და ქვედა კიდურების და თავის ქალას ძვლები. ეს ტენდენციაც ტექნიკური პროგრესის ბრალია: ხშირია ავტოავარია, რაც გამოწვეულია მოუწესრიგებელი გზებით, უსაფრთხოების ღვედების უგულებელყოფით. 
საზოგადოდ, ტრავმის შედეგად ყველაზე ხშირად იოგოვანი აპარატი ზიანდება: ჯვარედინი იოგები წყდება, მენისკი ზიანდება. ასეთი ტრავმები კუნთის არასწორი დატვირთვით არის განპირობებული. ხშირად იწვევს პირველი ძლიერი ფიზიკური დატვირთვაც, ამიტომ შეჯიბრების წინ საჭიროა მოთელვა, კუნთებისა და სახსრების გავარჯიშება.
. ესე იგი ზამთრის კურორტზე წასვლამდე ორგანიზმი საგანგებოდ უნდა მოვამზადოთ?
– თუ ადამიანი პროფესიულ დონეზე არ მისდევს სათხილამურო სპორტს, სრიალის დაწყებამდე ვარჯიშის სპეციალური კომპლექსის ჩატარება საჭირო არ არის. ერთადერთი, რაც ტრავმის ალბათობას შეამცირებს, დამცავი საშუალებების – სამუხლეების, სახსრის ფიქსატორების, იდაყვის, მუხლის ბალიშების – გამოყენებაა. ამგვარი საშუალებები, მართალია, ძვირი ღირს, მაგრამ ტრავმის ალბათობას საგრძნობლად ამცირებს. 
. სპორტსმენებს შორის ტრავმა ხშირია?
– ლოგიკურიც არის, რომ სპორტსმენები უფრო ხშირად ხდებიან ტრავმის მსხვერპლი, მაგრამ ჩვეულებრივ გარემოში, თუნდაც მოყვარულთა შეჯიბრების დროს რისკი გაცილებით ნაკლები აქვთ, ვიდრე არასპორტსმენებს.
. ხშირად იქმნება თუ არა მოტეხილობისას ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა?
– ქირურგიულ ოპერაციას მხოლოდ მაშინ მივმართავთ, თუ თაბაშირით მოტეხილი ადგილის ჩასწორება ვერ მოხერხდა. ამ შემთხვევაში დაზიანებულ სახსარს თუ ძვალს სპეციალური მეტალის კონსტრუქციით ვაფიქსირებთ.
. უმეტესად რა ასაკისა და რომელი სქესის ადამიანებს ემართებათ ტრავმა?
– ასაკს სტატისტიკურად დიდი მნიშვნელობა აქვს. ხანშიშესულთა ძვლები მყიფეა და იოლად ტყდება. რისკი დიდია მცირე ასაკის ბავშვებშიც, ვინაიდან მათი ძვლები ჯერ უმწიფარია.
რაც შეეხება სქესს, ტრავმები ქალებში უფრო ხშირია. ალბათ იმიტომ, რომ მამაკაცის სხეული უფრო ნავარჯიშევია, ძვლებიც უფრო მაგარია. ამას ემატება ჰორმონული ცვლილებების ფონზე ჩამოყალიბებული ოსტეოპოროზი – კალციუმის დეფიციტით გამოწვეული ძვლების სიმყიფე. 
. რამდენად საშიშია ჯანმრთელობისთვის ტრავმა?
– ტრავმა არ არის სხეულის უბრალო დაზიანება, რომელიც დროთა განმავლობაში, მკურნალობის ფონზე, უკვალოდ გაქრება. ძვლებს, გარდა იმისა, რომ საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქცია აქვს, სისხლის წარმოქმნაშიც მონაწილეობს. საკმარისია, მსხვილი ლულოვანი ძვლები დაზიანდეს, რომ ჰემოგენეზი (სისხლის წარმოქმნა) ფერხდება. ტრავმა საშიშია იმ თვალსაზრისითაც, რომ მოტეხილობის შემდეგ შესაძლოა ემბოლია განვითარდეს და ადამიანი დაიღუპოს.
კიდევ ერთი: ძვლებისა და დაზიანებული ქსოვილების შეხორცებას საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში ადამიანი შრომისუუნაროა, რაც მატერიალური დატვირთვაა როგორც ოჯახისთვის, ისე სახელმწიფოსთვის.
. რამდენ ხანს გასტანს რეაბილიტაცია?
– ეს დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, აგრეთვე იმაზე, დროულად გაეწია თუ არა სამედიცინო დახმარება. ოპერაციიდან 2-3 დღის შემდეგ, წესისამებრ, აქტიურ რეაბილიტაციას ვიწყებთ: პაციენტს ვურჩევთ, საწოლში მდებარეობა იცვალოს, იტრიალოს, ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ ნაწოლების გაჩენა, ფილტვების შეგუბება. ტრავმის შემდეგ სახსარი დიდხანს არის უძრავად, რამაც შესაძლოა კუნთების ატროფია (ფუნქციის დაკარგვა) გამოიწვიოს. ამიტომ საჭიროა, პაციენტმა სპეციალისტის მიერ შერჩეული დოზირებული ვარჯიშები შეასრულოს. ეს კუნთს მალე დაუბრუნებს ფუნქციას. თქვენ წარმოიდგინეთ, რეაბილიტაცია დაშავებულის სტაციონარში მიყვანისთანავე უნდა დაიწყოს. ვიდრე ოპერაციას შევუდგებით, პაციენტს ვთხოვთ, თავი წამოსწიოს, სუნთქვითი ვარჯიშები შეასრულოს, ზედა კიდურები ფრთხილად ამოძრაოს...
. დასასრულ რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს ?
– ნუ დაელოდებით ზამთარს, რომ ორიოდე კვირით მთას მიაშუროთ და თხილამურებით ისრიალოთ. ადინამიური ცხოვრება ძვლებს ასუსტებს. ასე რომ, მეტად იაქტიურეთ, გააკეთეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშები, ჯეროვნად იკვებეთ, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

გააზიარე: