შიჰენის სინდრომი – მშობიარობის საშიში გართულება

გააზიარე:

ზოგიერთი დაავადება ადამიანს თვალის დახამხამებაში მოცელავს, ზოგიერთის გამოსავლენად და დიაგნოზის დასასმელად კი კვირები, თვეები, წლებია საჭირო. შიჰენის სინდრომი მშობიარობის შემდგომი სისხლდენის გართულებაა. მისი დიაგნოზი ქალს შესაძლოა გამოვლენიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაუსვან, მანამდე კი უშედეგოდ მკურნალობდეს მის უამრავ სიმპტომს.

ქალების ამ იშვიათ და საინტერესო დაავადებაზე თსსუ ცენტრალური კლინიკის ამბულატორიული ექიმი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია გვესაუბრება:

 

– შიჰენის სინდრომი არის ქრონიკული ჰიპოპიტუიტარიზმი – ჰიპოფიზის წინა წილის უკმარისობა მისი ინფარქტისა და ნეკროზის გამო, რომელსაც ხშირად მშობიარობის შემდგომი სისხლდენა, კოლაფსური, შოკური მდგომარეობა განაპირობებს.

 

  • მრავალფუნქციური ჰიპოფიზი

– ჰიპოფიზს, ჯეკ ლონდონის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით, დიდი სახლის პატარა დიასახლისსაც უწოდებენ, რადგან, მიუხედავად მცირე ზომისა, უაღრესად მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს. ეს ორგანო ერთ გრამს თუ იწონის, მაგრამ ფაქტობრივად მთელი ორგანიზმის ჰორმონულ სისტემას მართავს. მის წინა წილში გამომუშავდება ტროპული – მასტიმულირებელი ჰორმონები: ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი თირკმელზედა ჯირკვალში კორტიზოლის გამოთავისუფლებას ასტიმულირებს და, ამის კვალობაზე, არტერიულ წნევასა და სისხლში შაქრის რაოდენობას უწევს კონტროლს, ანტიდიურეზული – თირკმელებიდან წყლის გაცემას არეგულირებს, თირეოტროპული – ფარისებრ ჯირკვალში თიროქსინის წარმოქმნის სტიმულირებას ეწევა, ფოლიკულმასტიმულირებელი და მალუთეინიზებელი ჰორმონები სქესობრივ ფუნქციებს და შვილოსნობას განაგებს, ზრდის ჰორმონი – ქსოვილების ზრდას, ოქსიტოცინი – საშვილოსნოს შეკუმშვას და რძის გამოყოფას, პროლაქტინი – სარძევე ჯირკვლის განვითარებას და რძის წარმოქმნას.

ჰიპოპიტუიტარიზმის დროს ჰიპოფიზში შემცირებულია რომელიმე, რამდენიმე ან ყველა ჰორმონის გამომუშავება, რაც, ბუნებრივია, ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება.

 

  • რა ხდება

– შიჰენის სინდრომი ემართებათ ქალებს, რომლებიც მშობიარობის დროს სიცოცხლისთვის საშიში რაოდენობის სისხლს კარგავენ ან ძლიერ უქვეითდებათ წნევა, რასაც ორგანიზმში ჟანგბადის დეფიციტი მოჰყვება. ჰიპოფიზს ამ დროს სწორედ ჟანგბადის უკმარისობა აზიანებს, რადგან მშობიარობის წინ მის წინა წილში ჟანგბადის მოთხოვნილება ისედაც გაძლიერებულია. ამ პერიოდში ეს ორგანო დაახლოებით ათჯერ იმატებს ზომასა და წონას.

შიჰენის სინდრომის განვითარების რისკს ზრდის ნებისმიერი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა ძლიერ სისხლდენამდე ან წნევის დაცემამდე და, ამის კვალობაზე, ჟანგბადის დეფიციტამდე მიგვიყვანოს. ასეთია დაბალი არტერიული წნევა მთელი ორსულობის განმავლობაში, ორი ან მეტი ნაყოფი, პლაცენტის პრობლემები...

 

  • როგორ ვლინდება

– შიჰენის სინდრომი ძალიან ნელა ვითარდება და მშობიარობიდან მხოლოდ რამდენიმე თვის, ზოგჯერ რამდენიმე წლის შემდეგაც კი ხდება თვალსაჩინო, თუმცა ზოგიერთი პრობლემა, მაგალითად, ძუძუთი კვების გაძნელება, ადრევე იჩენს თავს.

შიჰენის სინდრომის დროს სწორედ ჰიპოფიზის ჰორმონების ნაკლებობა განაპირობებს ძუძუთი კვების გაძნელებას ან შეუძლებლობას, მენსტრუაციის გაიშვიათებას ან შეწყვეტას. ხშირად გაპარსულ ბოქვენზე ან იღლიის ფოსოში თმა აღარ ამოდის, ნელდება გონებრივი ფუნქციები, ქალს ეუფლება გულგრილობა გარშემო მყოფების მიმართ, ძილიანობა, მიდრეკილია წონის მატებისკენ, შეკრულობისკენ, უჭირს სიცხეში გაჩერება, დაბალი აქვს წნევა, სისხლში შაქრის შემცველობა, გამუდმებით უჩივის დაღლილობას, შესაძლოა, არითმიაც გამოაჩნდეს. სარძევე ჯირკვლები პატარავდება და იჭმუხნება.

ვინაიდან შიჰენის სინდრომის ნიშნები არასპეციფიკურია, ხშირად მათ მშობიარობის შემდგომი მდგომარეობით ხსნიან. დიაგნოზი, წესისამებრ, არც კი ისმება, ვიდრე ფარისებრი ან თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა არ განვითარდება და მისი მკურნალობა არ დაიწყება.

შიჰენის სინდრომის სხვა ნიშნებია მუცლის ტკივილი, მადის დაქვეითება, ღებინება, გულისრევა, შეკრულობა, წყურვილის დაუოკებელი შეგრძნება და გაძლიერებული შარდვა, ანემია, თავის ტკივილი და თავბრუხვევა, სახსრების შებოჭილობა, სიცივისადმი ჭარბი მგრძნობელობა, მხედველობის პრობლემები, სექსუალობის დაკარგვა, უშვილობა, სახის შეშუპება, თმის ცვენა, ხმის ჩახრინწვა ან შეცვლა...

 

  • დაგვიანებული დიაგნოსტიკა

– როდესაც ექიმი გაარკვევს, რომ ქალს ჰქონდა ძლიერი სისხლდენა მშობიარობის შემდეგ, შეუმცირდა ან გაუქრა რძე, დაადგენს სახის შეშუპებას, დაბალ წნევას, კუნთების სისუსტეს, თმის ცვენას, აპათიას, მოდუნებას, ფსიქოზს, ანემიას, შეკრულობასა და სხვა ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს, შიჰენის სინდრომზე ეჭვის მიტანა არ უნდა გაუჭირდეს. მის დასადასტურებლად უმეტესად საკმარისია სისხლში ტროპული ჰორმონების დონის განსაზღვრა, თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ან სხვა გამოსახვითი კვლევა, რომელიც ცარიელი თურქული კეხის სინდრომს გამოავლენს (ჰიპოფიზი სწორედ თურქულ კეხზე მდებარეობს).

პრაქტიკა, სამწუხაროდ, სხვაგვარია, დიაგნოზი საკმაოდ გვიან ისმება. ერთ ჩვენს პაციენტს მშობიარობიდან ოცდაათი წლის შემდეგ დაესვა ეს დიაგნოზი. აქტიური, მოცეკვავე ქალი მშობიარობის შემდეგ დაუძლურდა, დაჩაჩანაკდა, დაინვალიდდა. დაბალი წნევის გამო კარდიოლოგთან დადიოდა, ჩიყვისა და მიქსედემის (შეშუპება) გამო – ენდოკრინოლოგთან და ასე, დაავადების ყველა ნიშანს სხვადასხვა ექიმთან მკურნალობდა.

იყო მეორე შემთხვევაც. ენერგიულმა, სიცოცხლით სავსე 24 წლის ქალმა შვილი გააჩინა. მშობიარობის შემდეგ ჰქონდა მძიმე სისხლდენა, კლინიკური სიკვდილიც კი განუვითარდა. მდგომარეობიდან გამოიყვანეს, მაგრამ დასჩემდა ძილიანობა, მოდუნება, სიზარმაცე, დაბალი წნევა, შეკრულობა, სახე შეუშუპდა, გაყვითლდა... 28 წლის ქალი დედაბერს ჰგავდა. ორმოცგრადუსიან სიცხეში პალტოთი დადიოდა და ძლივს ლუღლუღებდა... შიჰენის სინდრომი ვიეჭვეთ. იმხანად არსებობდა ღორების ჰიპოფიზის წინა წილისგან მიღებული წამალი პრეფიზონი, დავუნიშნეთ და გამოკეთდა, გალამაზდა, გაყოჩაღდა...

ჩემს პრაქტიკაში თხუთმეტამდე ასეთი პაციენტი მყავს ნანახი. ყველაზე დროული დიგნოსტიკა მშობიარობიდან ოთხი თვის შემდეგ დაისვა.

 

  • მკურნალობა

– სამწუხაროდ, ზოგი პაციენტი ისე კვდება, ნამდვილი დიაგნოზი დაუდგენელი რჩება. არადა, ამ სინდრომის მკურნალობა შესაძლებელია, უბრალოდ, პაციენტმა მთელი სიცოცხლე უნდა მიიღოს ჰორმონები, რომელთა დეფიციტსაც განიცდის. ესენი შეიძლება იყოს კორტიკოსტეროიდები, ზრდის ჰორმონი, სასქესო ჰორმონები, თიროიდული ჰორმონები. რა საოცარიც უნდა მოგეჩვენოთ, დაორსულების შემდეგ ქალი, დიდი ალბათობით, გამოჯანმრთელდება. როგორც ჩანს, ამ დროს ჰიპოფიზის ტროპული ფუნქცია აღდგება. ჩვენ ორი ასეთი შემთხვევა გვქონდა – პაციენტები დაორსულდნენ, შვილები გააჩინეს და კარგად გახდნენ.

 

სერიოზული საშიშროება

  • – კიდევ რა საფრთხე ახლავს თან შიჰენის სინდრომს?

– ჰიპოფიზის მცირედი დაზიანების დროს ქალმა, წესისამებრ, არც კი იცის, რომ რაიმე დარღვევა აქვს, არადა, ეს დაზიანება შესაძლოა დიდი უსიამოვნების მიზეზად იქცეს – სტრესმა, მწვავე ინფექციამ, ტრავმამ, ნებისმიერი სირთულის ქირურგიულმა ჩარევამ თირკმელზედა ჯირკვლის კრიზი გამოიწვიოს. კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის, გამომუშავება ერთბაშად მცირდება. ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელსაც არტერიული წნევის ძლიერი დაქვეითება ახასიათებს და შესაძლოა, შოკით, კომითა და სიკვდილითაც კი დასრულდეს. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა იცოდეს ანესთეზიოლოგმა. საზოგადოდ, სასურველია, შიჰენის სინდრომის თაობაზე ინფორმაცია ჰქონდეთ ოჯახის ექიმებს, კარდიოლოგებს, ჰემატოლოგებს, გინეკოლოგებს, ქირურგებს, ფსიქიატრებს...

 

  • გენიალური შიჰენი

– დაავადების აღმწერი ჰაროლდ ლიმინგ შიჰენი შოტლანდიელი პათანატომი გახლდათ. ის არ ყოფილა კლინიცისტი, მაგრამ დაავადების აღმოჩენა და მის არსში გარკვევა მოახერხა. შიჰენი მუშაობდა გლაზგოს სამშობიარო სახლში, სადაც მშობიარეთა სიკვდილიანობა მაღალი იყო. გარდაცვლილთა გაკვეთისას მან ჰიპოფიზის წინა წილის სრული ან ნაწილობრივი ნეკროზი აღმოაჩინა, შეადგინა იმ ქალების სია, რომლებსაც მშობიარობის შემდგომი სისხლდენა ჰქონდათ, მაგრამ გადარჩნენ და საავადმყოფოს ექიმებს სთხოვა, ეცნობებინათ მისთვის, თუ ეს პაციენტები მათთან მოხვდებოდნენ. ასე გამოიკვლია უამრავი ქალი და გააქარწყლა გერმანელი პათანატომის სიმონდსის მოსაზრება, რომ ადენოჰიპოფიზის ნეკროზის შედეგად ქალებს კახექსია უვითარდებათ – დაამტკიცა, რომ, პირიქით, სიმსუქნის განვითარებაა მოსალოდნელი, შეიმუშავა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები და გამოსცა უნიკალური წიგნი “მშობიარობის შემდგომი ჰიპოპიტუიტარიზმის კლინიკური და პათოლოგანატომიური ასპექტები”. ამ დამსახურებისთვის შიჰენი თითქმის ყველა ქვეყნის პრესტიჟული აკადემიის წევრად და უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიეს, მათ შორის – საფრანგეთის აკადემიისაც, რაც მეცნიერთათვის უმაღლესი პატივია.

 

სხვა მიზეზები

  • – გარდა შიჰენის სინდრომისა, რამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოპიტუიტარიზმი?

– ჰიპოპიტუიტარიზმი შესაძლოა განვითარდეს ჰიპოფიზში, ჰიპოთალამუსში ან მის ირგვლივ მდებარე ქსოვილში სიმსივნის (უმეტესად – კეთილთვისებიანის) არსებობისას, ასევე – რადიაციული, სხივური და ქიმიოთერაპიის, ტვინზე ჩატარებული ოპერაციის, თავის ტვინის ტრავმული დაზიანების, ინსულტის, ანევრიზმის გასკდომის შედეგად, ტუბერკულოზის ან სხვა (მათ შორის – სოკოვანი) ინფექციის, თავის ტვინსა ტვინისა და მის ირგვლივ ქსოვილში ანთებითი პროცესების ფონზე. ზოგ შემთხვევაში მას განაპირობებს იმუნური ან მეტაბოლური დარღვევებით, მაგალითად, სხეულში რკინის ჭარბი შემცველობა (ჰემოქრომატოზი), ჰიპოფიზის ანთების გამომწვევი აუტოიმუნური მდგომარეობა, სარკოიდოზი.

 

  • რა შუაშია სოკო

– გვყავდა ერთი პაციენტი – ინტელიგენტი, კულტურული 53 წლის ქალბატონი, რომელიც ტუბერკულოზს მკურნალობდა. ანტიბიოტიკების კურსის შემდეგ უცნაური მოვლენები დაეწყო: გასცვივდა თმა, წარბები, შეუშუპდა სახე, დაემართა სტომატიტი... თვალსა და ხელს შუა დაბერდა, მოიბუზა, მცივანა გახდა, სიტყვებს ძლივსღა აბამდა ერთმანეთს, ფეხზე დგომა უჭირდა, გამუდმებით ეძინებოდა. ჩემთან შეკრულობის გამო მოვიდა. გამოკვლევამ ჰორმონების დეფიციტი გამოავლინა. გარდა ამისა, ნერწყვიდან, კუჭის წვენიდან, შარდიდან, განავლიდან, ცხვირიდან, ყელიდან კანდიდა ამოითესა. სურათი ნათელი იყო – ანტიბიოტიკოთერაპიამ სოკოვანი ინფექცია გაააქტიურა. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებმა შედეგი ვერ გამოიღო. სამაგიეროდ, ეფექტური აღმოჩნდა ჰორმონები.

 

  • ისევ შიჰენი

– შიჰენის დაავადება საკმაოდ იშვიათია. თავად აღმომჩენის მონაცემებით, ის მშობიარეთა 0.1%-ს ემართებოდა. ამჟამად მშობიარეთა სამედიცინო მეთვალყურეობა გაცილებით უკეთესია, გართულებები – გაცილებით იშვიათი, შესაბამისად, შიჰენის სინდრომიც ნაკლებად გვხვდება, თუმცა მაინც არსებობს და მისი დავიწყება არ შეიძლება.

მარი აშუღაშვილი

 

გააზიარე: