ვებრძვით ღიპს

გააზიარე:

ალბათ გახსოვთ: ამისთვის საჭიროა მწვადები და ჩაქაფული, ცხელი შოთის პურები, ხიზილალა, ჩურჩხელები, ღვინით სავსე ჭურები… რას ვიზამთ, დროისა და გარემოებათა გამო მრავალი ჩვენგანისთვის ამდენი ნუგბარი საახალწლოდაც კი ძნელი შესაკრებია, თუმცა ღრმად პატივცემულის გასაზრდელად ღმერთმა იცის როგორი ხარისხის საკვებით კუჭის ხშირ-ხშირად ამოვსება უფრო ხელსაყრელიც კი ყოფილა.

მემკვიდრეობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერს მას ნუ დავაბრალებთ. თუ გვარში ღიპი მოგდგამთ, ჭამა-სმის სიყვარულისა და ცხოვრების უმოძრაო წესის ბრალი უფრო იქნება, ვიდრე ბუნებისა. კვლავ ღვინით სავსე ჭურებს დავუბრუნდეთ. ითვლება, რომ ღიპი ჭამა-სმის მოყვარული მამაკაცების მშვენებაა. ზოგიერთ ქვეყანაში მას ლუდის მუცელსაც კი ეძახიან, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ლუდშია საქმე – ნებისმიერ სპირტიან სასმელს ასეთივე ეფექტი აქვს. ცნობილია, რომ ალკოჰოლი საკმაოდ კალორიულია და მადასაც აღვიძებს. და მაინც, ექიმები ჯერაც ვერ მიმხვდარან, ბახუსის სიყვარული რატომ ზრდის მაინცდამაინც ღიპს.

ალკოჰოლს თავი დავანებოთ – სად მოიკალათებს ჩვენს სხეულში ჭარბი ცხიმი, მნიშვნელოვანწილად სასქესო ჰორმონებზე ყოფილა დამოკიდებული. ვერ გეტყვით, რატომ აღუძრავთ ექიმებს გაცხიმოვნებული სხეული ხილის ასოციაციას, თუმცა რაც მართალია, მართალია – მსგავსება ნამდვილად არის.  მუცელგამობზეკილები (ანუ, ჩვენებურად, ღიპიანები) ვაშლს წააგვანან, თეძო-გავაგასქელებულები კი მსხალს. გამონაკლისები, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ძლიერი სქესი ძირითადად მაინც ვაშლს სცემს პატივს.

როგორც იტყვიან, ესეც იმავე სიმღერიდანაა. ერთგულ მოურავს შიშის საფუძველი ნამდვილად აქვს. მაინცდამაინც მუცლის გასკდომას არ ვგულისხმობთ, თუმცა კუჭი რეზინის არ არის და მართალია, იშვიათად მაგრამ მაინც სკდება.

ჩვენი სხეული ისეა მოწყობილი, როგორც კი ზედმეტ ცხიმს მოიხელთებს, ცდილობს, შავი დღისთვის (ანუ იმ დროისთვის, როცა საჭმელი არაფერი ექნება) გადაინახოს. თუ თქვენც გულმოდგინედ აგროვებთ, შავი დღე კი არა და არ დგება, მარაგმა რაღა ქნას, სულ გულხელდაკრეფილი ხომ არ იჯდება? და აი, დეპოს უჯრედები სისხლში ცხიმის მოლეკულებს უფრო დიდი სიხშირით გამოყოფენ, რაც მეტაბოლიზმის ნორმალურ მიმდინარეობას და ინსულინის გამოყენებას ცვლის, ყოველივე ამან კი შეიძლება გაზარდოს ისეთი დაავადებების წარმოშობის რისკი, როგორიცაა:
- დიაბეტი;
- ზოგიერთი სახის ავთვისებიანი სიმსივნე;
- მაღალი წნევა;
- ძილის აპნოე;
- ლიპიდების ცლის დარღვევა – ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონის მომატება, რაც, თავის მხრივ, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის საშიშროებას ზრდის;
- ინსულინის მიმართ რეზისტენტობა;
- მეტაბოლური სინდრომი.

რა თქმა უნდა, ჭარბი ცხიმი არსად არის სასარგებლო, თუმცა იმასაც  დიდი მნიშვნელობა ჰქონია, სად დავაგროვებთ. ვაშლსა და მსხალზეც სწორედ ამიტომ ჩამოვაგდეთ სიტყვა: პირველი ტიპის გასუქებისას სისხლში ცხიმოვანი უჯრედები უფრო ადვილად გადადის და ყველა ზემოხსენებული პრობლემის რისკიც იმატებს.

ადამიანები ყოველთვის მარტივ და საუკეთესო ხერხს ვეძებთ. გვსურს, ყველაფერს რაც შეიძლება ნაკლები ძალისხმევით მივაღწიოთ. ასეთი რამ კი ძალიან იშვიათად ხერხდება. სამწუხაროდ, არც ღიპის გაქრობააა ადვილი.
ბევრი ღიპს პრესის ვარჯიშით ებრძვის (ზოგიერთი მათგანი რეკორდულ რაოდენობამდეც კი ადის). მათ გარჯას შედეგი თითქმის არ მოაქვს და ეს არც არის გასაკვირი – ვარჯიშის ძირითადი შედეგი ხომ კუნთების განვითარებაა, ისინი კი, რაც უნდა ძლიერი და გამოკვეთილი იყოს, თუ ცხიმის ფენაშია ჩამალული, ვერავინ დაინახავს. ასე რომ, ახალსა და ორიგინალურს ვერაფერს გეტყვით, ერთადერთი უტყუარი და გამოცდილი ღიპსაწინააღმდეგო მეთოდი ასეთია:

  • შევამციროთ მიღებული კალორიების ოდენობა. ამას შეიძლება მივაღწიოთ ულუფის შემცირებით ან ნაკლებად კალორიულ საკვებზე გადასვლით.
  • დავწვათ ცხიმი მეტი ფიზიკური აქტივობის მეშვეობით.

სულსწრაფობა ნუ გძლევთ – ყოველგვარ სტრესთერაპიას აჯობებს, თანდათანობით გაატაროთ მნიშვნელოვანი ცვლილებები. ექიმების რჩევით, ყველაზე უსაფრთხო და გამოცდილი მეთოდიკები კვირაში მხოლოდ 700-1000 გრამის დაკლებას გულისხმობს. რაც მთავარია, ეს მთელი სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს. დიეტა ხანმოკლე მკაცრ ეგზეკუციას კი არა, საერთოდ, ცხოვრების წესის შეცვლას გულისხმობს. გახსოვდეთ: ჭარბი წონა ცხოვრების ხანმოკლე ეპიზოდი როდია, რომელიც გახდომის შემდეგ უკვალოდ გაქრება. სამედიცინო თვალსაზრისით სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც პროგრესირების ტენდენცი და “განკურნების“ შემდეგ ხშირი რეციდივი ახასიათებს. თურმე ჩვენი პლანეტის ნებისმიერი მკვიდრი წელიწადში ერთხელ მაინც იწყებს საკუთარ ცხიმთან ბრძოლას. სამაგიეროდ, დიეტის შეწყვეტიდან რამდენიმე თვეში მოდიეტეთა 95% საწყის წონასაც აღიდგენს და ერთი-ორ კილოგრამსაც მიაყოლებს. თუ თქვენი საყვარელი დიეტა არ გასწავლით, წონის დაკლების შემდეგ შედეგი როგორ შეინარჩუნოთ, მიზანს მხოლოდ დროებით თუ მიაღწევთ (ისიც – თუ ბედმა გაგიღიმათ). ბოლოს კი ერთი კარგი ამბავიც: თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, მუცელი თურმე ზუსტად ის ადგილია, წონის დაკლებისას ქონს პირველი რომ ელევა.

გააზიარე: