ბავშვობიდანვე ჯანმრთელი პირის ღრუ

გააზიარე:

 20 მარტი პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. მისი დაწესების მიზანია, მოსახლეობამ მეტი შეიტყოს პირის ღრუს სიჯანსაღის მნიშვნელობის შესახებ. ჩვენც გადავწყვიტეთ, ამ დღის აღსანიშნავად ძალზე საყურადღებო თემაზე – ბავშვობის ასაკში კბილების მოვლაზე გვესაუბრა.

კბილები, წესისამებრ, 4-დან 7 თვემდე ასაკში იწყებს ამოჭრას, მაგრამ ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, კბილების ამოჭრა უფრო ადრე ან უფრო გვიან დაიწყოს. პირველად ქვედა ყბის საჭრელები ამოდის, მერე – ზედა ყბისა. 2-3 წლის ბავშვს უკვე 20 სარძევე კბილი აქვს, მუდმივთა ამოჭრა კი 5-7 წლიდან იწყება.

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვის პირის ღრუში ახალი ბინადარი აპირებს დამკვიდრებას? პატარას უძლიერდება ნერწყვდენა, უჩნდება ნივთების ღეჭვის სურვილი. პროცესი ზოგჯერ მტკივნეულია და ბავშვს განწყობა უფუჭდება, წრიალებს, ჭირვეულობს. გახსოვდეთ, კბილების ამოჭრა ტემპერატურის მატებას არ იწვევს, ამიტომ თუ პატარას სიცხემ აუწია, მიზეზი სხვაგან უნდა ეძებოთ. მიმართეთ პედიატრს.

პირველი კბილის ამოჭრა მშობლებს ახარებთ, მაგრამ თავად ბავშვისთვის ეს დიდი განსაცდელია. როგორ შევუმსუბუქოთ პატარას რთული პერიოდი?

* მიეცით სპეციალური საღეჭი რგოლი. უკეთესი იქნება, წინასწარ ოდნავ გააცივოთ.

* სუფთა თითით დაუზილეთ ღრძილები.

* ექიმთან შეთანხმებით მიეცით პარაცეტამოლი. ასპირინს ნუ დაალევინებთ – ის მძიმე დაავადებას, რეის სინდრომს, იწვევს.

* ექიმთან შეთანხმებითვე შეიძლება ღრძილებზე სპეციალური გამაგრილებელი გელის წასმაც.

კბილების ამოჭრამ კვებას ხელი არ უნდა შეუშალოს. მენიუსა და კვების რეჟიმის შეცვლა ამ დროს საჭირო არ არის, მაგრამ გახსოვდეთ: თუ ბავშვს საწოვარათი კვებავთ, კვების დროს პატარა ხელში უნდა გეჭიროთ. არ დატოვოთ ბოთლით ხელში მარტო, მეტადრე – საწოლში. არ მისცეთ უფლება, საწოვარიანი ბოთლით ჩაიძინოს – გარდა იმისა, რომ ეს სახიფათოა, საკვები კბილებსაც აზიანებს და თუ დიდხანს დაყოვნდა პირის ღრუში, პრობლემები გარანტირებული გექნებათ. ნურც რძითა თუ წვენით სავსე საწრუპ ჭიქას მისცემთ თავის შესაქცევად. საზოგადოდ, ეცადეთ, მზა წვენი იშვიათად ასვათ, რადგან წვენების უმეტესობა შაქარს შეიცავს და კბილებს ვნებს.

კარიესი

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების 25%-ზე მეტს კარიესი აქვს. 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებთან იგივე მაჩვენებელი 50%-ს უტოლდება, 16-დან 19 წლამდე ასაკის პოპულაციაში კი ორ მესამედს აღწევს. სტატისტიკა კიდევ უფრო შემაშფოთებელი მოგეჩვენებათ, თუ გეტყვით, რომ კარიესის განვითარება უმეტესად არა გენეტიკური თუ სხვა უმართავი ფაქტორების, არამედ კბილების არასწორი მოვლის შედეგია.

რა აჩენს ღრმულს?

პირის ღრუ სავსეა ბაქტერიებით, რომლებიც ბრჭყალების გამოსაჩენად ხელსაყრელ დროს ელიან. ეს დრო მაშინ დგება, როდესაც ნახშირწყლების შემცველ საკვებს ვიღებთ. ნახშირწყლებით ჩვენთან ერთად ბაქტერიებიც იკვებებიან და მათი დაშლისას მჟავებს წარმოქმნიან, რომლებიც კბილის მინანქარს მინერალებით აღარიბებს და შლის. საკვებში შაქრის შემცველობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია პირის ღრუში ნახშირწყლების დაყოვნების ხანგრძლივობა. თუ კბილები რეგულარულად არ გავიხეხეთ, პირის ღრუში იდეალური პირობები შეიქმნება ბაქტერიების გასამრავლებლად.

რატომ ვუფრთხით კარიესს? – ჭიანი კბილები, გარდა იმისა, რომ უსიამოვნო შესახედავია და ტკივილითაც გვახსენებს თავს, ინფექციის მუდმივი კერაც არის და შესაძლოა, გავრცობილი ინფექციაც კი გამოიწვიოს. ასე რომ, კარიესთან ხუმრობა არ ღირს.

+ ფთორი, -კარიესი

ჯანმრთელი კბილების შესანარჩუნებლად ხეხვა არ კმარა. ჩვეულებრივი გასინჯვის დროს ექიმმა შესაძლოა წყლის სმის რეჟიმის შესახებაც დაგისვათ კითხვები. ეს იმიტომ, რომ ფლორიდი, ფთორის შემცველი ნაერთი, რომელიც აუცილებელია პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის, სწორედ სასმელ წყალში მოიპოვება. ცნობილია, რომ ის მხოლოდ კარიესის პრევენციას კი არ უწყობს ხელს, არამედ ადრეულ სტადიებზე მის უკუგანვითარებასაც კი იწვევს. ფთორის შემცველი ნაერთების ოპტიმალური დოზის ხანგრძლივი ზემოქმედება კბილებზე ღრმულების გაჩენას საგრძნობლად აფერხებს.

ათეულობით წლის განმავლობაში წყლის ფთორირება კარიესის თავიდან აცილების ყველაზე უსაფრთხო და ეკონომიკურად მოგებიან გზად მიიჩნეოდა. ამჟამად მის ეფექტურობას 20-40%-ით აფასებენ. ოცდაათიოდე წელია, კარიესის შემთხვევათა შესამჩნევ კლებას სწორედ წყლის ფთორით გამდიდრებას მიაწერენ. ექსპერტებმა წყლის ფთორირება XX საუკუნის საზოაგადოებრივი ჯანდაცვის ათ უდიდეს მიღწევას შორისაც კი დაასახალეს. მაგრამ კარიესი, განსაკუთრებით – ბავშვთა ასაკში, კვლავ პრობლემად რჩება. მის აღმოსაფხვრელად ფთორის სხვა წყაროდან მიღებაცაა საჭირო. ერთ-ერთი წყარო კბილის პასტაა. მაგრამ აქაც სიფრთხილე გვმართებს: ფთორიც სიჭარბე, ისევე როგორც ვიტამინებისა თუ სხვა მინერალებისა, საზიანოა. მაგალითად, 8 წლამდე, კბილების ჩამოყალიბების პერიოდში, მან შესაძლოა მინანქრის ფლუოროზი გამოიწვიოს. ორგანიზმში ფთორის ჭარბი დაგროვების მთავარ მიზეზად სწორედ ფთორიანი კბილის პასტის გადაყლაპვას მიიჩნევენ. ბავშვი შესაძლოა მოიწამლოს კიდეც ამ გზით, თუმცა ასეთი რამ, საბედნიეროდ, ძალზე იშვათად ხდება, ისიც მაშინ, როცა პატარა დროის მცირე მონაკვეთში ფთორის ექსტრემალურად დიდ დოზას იღებს. ინტოქსიკაციის ნიშნებია გულისრევა, ღებინება, ნერწყვდენა, გაძლიერებული წყურვილი, დიარეა, მუცლის ტკივილი.

მოწამვლის შიშით ფთორის შემცველ კბილის პასტაზე კი არ უნდა თქვათ უარი, არამედ გულისყურით აკონტროლოთ ბავშვი ჰიგიენური პროცედურების დროს და კბილების სწორად გამოხეხვა ასწავლოთ.

ასე რომ, მოდი, ყოველი დღე პირის ღრუს ჯანმრთელობის დღედ ვაქციოთ. ამისთვის არც ისე ბევრი დრო დაგვეხარჯება, შედეგს კი უზარმაზარს მივიღებთ. აქვე იმასაც შეგახსენებთ რომ მშობლის რჩევას მაშინ აქვს ფასი, როდესაც ამ წესს თავადაც იცავს. კბილების მოვლის მაგალითი თქვენ თვითონ უნდა მისცეთ შვილს.

ორჯერ ორი

* ბავშვის კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა პირველი კბილის ამოჭრისთანავე დაიწყეთ.

* ერთ წლამდე ასაკის პატარებს კბილები თითზე დახვეული სუფთა ნაჭრით ან დოლბანდით გაუწმინდეთ. კბილის ჯაგრისისა და პასტის გამოყენება ერთი წლიდან დაიწყეთ.

* ამ ასაკიდან ბავშვს კბილები გამოუხეხეთ წყლით და ძალზე მცირე რაოდენობის ფთორშემცველი კბილის პასტით (დაახლოებით ბრინჯის მარცვლისოდენა ულუფით).

* გამოიყენეთ ფორმულა “ორჯერ ორი” – კბილების ხეხვა დღეში ორჯერ ორი წუთის განმავლობაში.

* მცირეწლოვან ბავშვებს ხშირად წყლაპებათ კბილის პასტა, ამიტომ ჰიგიენური პროცედურების დროს მანამდე ადევნეთ თვალი, სანამ არ დარწმუნდებით, რომ კბილების გამოხეხვა ისწავლა.

* არ დაგავიწყდეთ კბილის პასტის, სავლებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების ისეთ ადგილად შენახვა, რომ ბავშვებმა ხელში არ ჩაიგდონ.

კბილის ჯაგრისი

* ჯაგრისის ზომა და სისქე ისეთი უნდა იყოს, რომ პირის ღრუს ყველა უბანს მისწვდეს.

* ცვალეთ კბილის ჯაგრისი 3-4 თვეში ერთხელ, თუ ძაფები გაუცვდა ან პატარამ იავადმყოფა – უფრო ხშირადაც.

ვებრძვით ნადებს

* თუ ნადები – მიკრობული ფენა, რომელიც კბილებსა და ღრძილებზე ჭამის შემდეგ წარმოიქმნება – დროულად არ მოიცილეთ, კარიესის გაჩენა გარანტირებულია.

* დღეში ერთხელ გაისუფთავეთ კბილები ფლოსით – კბილის ჯაგრისი ყველა კუნჭულს ვერ სწვდება.

* ბაშვებს ფლოსის გამოყენება დააწყებინეთ, როგორც კი გვერდიგვერდ ამოუვათ ორი კბილი.

* ნადებს ყოველგვარი კბილის პასტა აცილებს, მაგრამ მხოლოდ ფთორის შემცველი ამაგრებს მინანქარს.

* ფთორის შემცველი სავლების გამოყენება ექვს წლამდე არ შეიძლება.

კვლავ ჯანსაღი ცხოვრება

* ნუ აჭმევთ ბავშვს ბევრ ტკბილეულს. განსაკუთრებით მოარიდეთ საწუწნ კანფეტებს, რადგან მათი წუწვნისას კბილები დიდხანს განიცდის ტკბილი ნერწყვის ზემოქმედებას.

* აჭამეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული.

* წელიწადში ორჯერ მიიყვანეთ სტომტოლოგთან, თუნდაც არაფერს უჩიოდეს.

დაბადებამდე

ადამიანის ჯანმრთელობა მუცლად ყოფნის პერიოდშივე ისახება. ბავშვის კბილების სიჯანსაღეზეც ორსულობიდანვე უნდა დავიწყოთ ზრუნვა – ჯანსაღი კვებით, ინფექციების კონტროლით, ჰიგიენის უკვე მრავალჯერ გამეორებული წესების დაცვით...

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: