ვსწავლობთ კბილების მოვლას
გააზიარე:
პირის ღრუს მოვლის წესების ცოდნა პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც. თუ ბავშვს თავიდანვე არ ჩამოვუყალიბეთ კბილების გამოხეხვის სწორი ჩვევა, სასურველ ეფექტს ვერ მივიღებთ. ამ საკითხზე სასაუბროდ ვეწვიეთ “ავერსის კლინიკის” სტომატოლოგიური სამსახურის უფროსს, მედიცინის დოქტორს, პროფესორ გიორგი ყიფიანს.
– ბატონო გოგი, რატომ არის აუცილებელი კბილების გამოხეხვა?
– ამის გასაგებად უნდა შევეხოთ კბილის ნადების თემას. კბილის ნადები, ეგრეთ წოდებული კბილის ბალთა, რომელიც ბიოაპკის სახით არის მოთავსებული კბილის ზედაპირზე,
მიკრობული ასოციაციების კოლონიებს შეიცავს. თუ ადამიანი არც კბილებს იხეხავს და არც მაგარ საკვებს იღებს, მით უმეტეს, თუ ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოშიც ცხოვრობს, ნადების სტრუქტურა იცვლება და კბილის ზედაპირზე უწყინართა ნაცვლად საკმაოდ აგრესიული ბაქტერიები ჩნდება. ამიტომ აუცილებელია მიკრობული ასოციაციის ნადების მოცილება, რასაც შესანიშნავად ახერხებს კბილის ჯაგრისი, ხოლო როდესაც მას ემატება კბილის პასტაც თავისი ქიმიური რეაგენტებით, კბილების ხეხვა უკვე მძლავრი ინსტრუმენტი ხდება კბილებისა და ღრძილების დასაცავად.
– რა ასაკიდან ვიწყებთ პირის ღრუს მოვლას? როგორ მოვუაროთ ახალშობილთა პირის ღრუს?
– პირის ღრუს მოვლა ბავშვის დაბადებისთანავე უნდა დაიწყოს. აშშ-ში მოქმედი უახლესი პროგრამით, ერთი წლის ბავშვს პედიატრთან ერთად სტომატოლოგიც სინჯავს. ამ პროგრამის ამოქმედებას მეტად სერიოზული მიზეზი უძღოდა წინ: ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში გახშირდა აგრესიული ფორმის მწვავე კარიესი (ძველად მას აყვავებულ კარიესს ეძახდნენ), რომლის შედეგადაც შესაძლოა ბავშვმა ორი წლის ასაკში სარძევე კბილების უმრავლესობა დაკარგოს, ცალკეულ შემთხვევებში – ყველა სარძევე კბილიც კი.
საზოგადოდ კი, კბილების ამოჭრისთანავე სერიოზული ჩარევის აუცილებლობა არ არსებობს. კბილების გამოხეხვის მიზანი მათი ზედაპირიდან მიკრობების მოცილებაა. ერთ წლამდე ამ პროცედურას შედარებით დამზოგველი ხასიათი უნდა ჰქონდეს. შეგვიძლია, ჭამის შემდეგ ნადები ჯაგრისის გარეშე მოვაცილოთ ბავშვს – თითზე დოლბანდი დავიხვიოთ, ჩვეულებრივ ან სოდიან წყალში დავასველოთ და კბილებზე გადავატაროთ. ეს მარტივი მოქმედება ჩვილის კბილების მოსავლელად საკმარისია. ცოტა მოზრდილი ბავშვი კი ნელ-ნელა უნდა შევაჩვიოთ კბილის ჯაგრისისა და პასტის ხმარებას.
ვინაიდან სარძევე კბილის სტრუქტურა, მით უმეტეს, ახალამოჭრილისა, მუდმივი კბილისაზე გაცილებით სუსტია, ბავშვისთვის ზედმიწევნით კარგი, საუკეთესო ჯაგრისი უნდა შევარჩიოთ. ჯაგარი (რა თქმა უნდა, ხელოვნური) ისეთი უნდა იყოს, რომ არც მინანქარი დააზიანოს და არც დენტინი. პრაქტიკული კუთხით მომხმარებელს დღეს დიდი არჩევანი აქვს. ჩვენი ბაზარი გაჯერებულია მრავალი ფირმის პროდუქციით, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ვერ აკმაყოფილებს სტანდარტულ მოთხოვნებს. სტომატოლოგებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობს “ორალ ბის” და “ლაკალუტის” ჯაგრისები. ამ უკანასკნელს ბავშვთა სერიის საუკეთესო ნიმუშები აქვს.
თავდაპირველად შეიძლება ბავშვს კბილები მხოლოდ წყლით გავახეხვინოთ და როდესაც ამას შეეჩვევა, მერეღა ჩავრთოთ პროცედურაში კბილის პასტა. ამ უკანასკნელის შერჩევისას გაცილებით მეტი სიფრთხილე გვმართებს.
– რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საბავშვო კბილის პასტა?
– საბავშვო კბილის პასტებს იმდენად დახვეწილი გემო აქვს, რომ ბავშვები მას ტკბილეულად აღიქვამენ და ყლაპავენ. ქიმიური სტრუქტურა, რომელიც საკვებად არ არის გათვალისწინებული, კუჭ-ნაწლავში ხვდება და ქრონიკულ ინტოქსიკაციას იწვევს. ამიტომ საბავშვო კბილის პასტას უაღრესად ნატიფი ქიმიური ფორმულა უნდა ჰქონდეს, რათა ბავშვი არ მოწამლოს.
2007 წელს ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციამ განგაში ატეხა იმის გამო, რომ მრავალ ქვეყანაში, ძირითადად – სამხრეთ ამერიკის ბაზარზე, გამოჩნდა ჩინური წარმოების კბილის პასტები, რომელთა წარმოებისას ერთ-ერთ კონსერვანტად გამოყენებული იყო ეთილენგლიკოლი – ნივთიერება, რომელიც მანქანის ძრავების გასაცივებელ სისტემებში გამოიყენება. ის იმდენად ტოქსიკურია, რომ მისი კანზე მოხვედრაც კი არ შეიძლება.
მნიშვნელოვანია კბილის პასტაში ფთორის შემცველობა. ეს ნივთიერება კბილის პასტის შემადგენლობაში მას შემდეგ ჩართეს, რაც დამტკიცდა, რომ ამ სახით მისი ყოველდღიური ხმარება ათიდან 4-8 შემთხვევაში კარიესის საწინააღმდეგო ძალიან სერიოზულ ეფექტს გვაძლევს. ამას მოწმობს ამერიკის, კანადის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის გამოცდილება, სადაც კარიესის მაჩვენებელი დღეს უკვე დაბალი და განსაკუთრებით დაბალია. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოზე და ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ფთორიანი პასტების მოხმარების შესაძლებლობა ჩვენში მხოლოდ 90-იანი წლების შემდეგ გაჩნდა, მაშინ როდესაც დასავლეთის წამყვანი ქვეყნების მოსახლეობა მათ 60-იანი წლებიდან ხმარობს.
საბავშვო კბილის პასტაში ფთორის შემცველობა შედარებით მცირეა. ამ მხრივ უნიკალურია “ლაკალუტის” კბილის პასტების სერია. მათ შემადგენლობაში ფთორი მოზრდილთა პასტებზე ექვსჯერ ნაკლებია. მისი გამოყენება პირველივე კბილის ამოჭრის შემდეგ შეიძლება.“ლაკალუტის” საბავშვო კბილის პასტების სერია მოიცავს ოთხ წლამდე, ოთხიდან რვა წლამდე და რვა წელს გადაცილებული ბავშვებისთვის განკუთვნილ პასტებს (თუმცა რვა წლიდან ბავშვს თავისუფლად შეუძლია იხმაროს მოზრდილის კბილის პასტაც). მათშიც ფთორის შემცველობა ასაკის შესაბამისია. გარდა ამისა, საბავშვო “ლაკალუტში” არ არის შაქარი, რომელიც, მოგეხსენებათ, აზიანებს კბილებს და ისეთი მძიმე დაავადების მიზეზადაც გვევლინება, როგორიც დიაბეტია. ეს “ლაკალუტის” ნაწარმის კიდევ ერთი ღირსება გახლავთ. მესამე პირობა, რის გამოც, მე როგორც სპეციალისტს “ლაკალუტის” კბილის პასტები ძალიან მომწონს, არის A და E ვიტამინების შემცველობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და საკმაო საფუძველს გვაძლევს, განვიხილოთ ეს პროდუქცია ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესოდ, რომელსაც სხვებთან შედარებით სერიოზული უპირატესობა აქვს.
– როგორ წავახალისოთ ბავშვი, რომ კბილების მოვლა არ დაიზაროს?
– კბილების პირველი გამოხეხვიდან (დაახლოებით ორი წლის ასაკში) თითქმის რვა წლამდე ბავშვს კბილების ხეხვისას მშობელი უნდა ედგეს გვერდით. ხუთი წლის ბავშვი, რომელიც დამოუკიდებლად დადის ტუალეტში და ხელ-პირს იბანს, კბილების სწორად გამოხეხვას ხშირად ვერ ახერხებს. მაგრამ მშობელი მკაცრი ზედამხედველი კი არ უნდა იყოს, არამედ თანამზრახველი, პროცესის მონაწილე. თუ ბავშვთან ერთად თვითონაც გამოიხეხავს კბილებს, უკეთეს მოტივაციას შეუქმნის მას. რვა წლიდან კბილების ხეხვა ჩვევად იქცევა და ბავშვს კონტროლი აღარ დასჭირდება. ასეთი მიდგომა ძალიან კარგია, თუმცა მისი შედეგები მოგვიანებით ხდება თვალსაჩინო (საზოგადოდ, ყოველგვარი პროფილაქტიკური ღონისძიების ეფექტი წლების შემდეგ ვლინდება).
– როგორია კბილების გამოხეხვის წესები?
– კბილების გამოხეხვის სხვადასხვა მეთოდიკა არსებობს. სტანდარტულად, ზედა ყბის კბილებისთვის ვერტიკალური მოძრაობები უნდა შესრულდეს ზევიდან ქვევით, ქვედა ყბის კბილებისთვის კი ქვევიდან ზევით, რათა კბილის ყელის მიდამოში ღრძილი არ დაზიანდეს და ნადები ღრძილისკენ კი არა, არამედ ღრძილიდან თავისუფალი საჭრელი კიდისკენ გადაადგილდეს.
კბილის ღრუ შეიძლება წარმოსახვით გავყოთ ჯაგრისის თავის ტოლ რამდენიმე სეგმენტად და თითოეული მათგანი დავამუშაოთ როგორც წინა, ისე უკანა მხრიდან ისე, რომ ჯაგრისით კბილის ყველა ზედაპირი გაიხეხოს, რასაც სულ 3-5 წუთი სჭირდება.
ძალიან კარგია ელექტრონული ჯაგრისი. ის ამ ყველაფერს გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად აკეთებს.
– როგორ მოვუაროთ ჯაგრისს?
– ჯაგრისს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. იგი ვარგისია საშუალოდ 3-4 თვე. ამ ხნის შემდეგ ჯაგრისის თავი ფუჭდება და გამოსაცვლელი ხდება. ხმარების შემდეგ ჯაგრისის თავი აუცილებლად უნდა გაირეცხოს. მრავალი მწარმოებელი უშვებს ჯაგრისის საწმენდ ფხვნილებს, ტაბლეტებს, ხსნარებს, თუმცა მათ გარეშეც შეიძლება გავიდეთ იოლას – საკმარისია, ჯაგრისი ნელთბილი წყლით და ჩვეულებრივი ხელის საპნით გავრეცხოთ და გავამშრალოთ, თავით ზევით, უთავსახუროდ ჩავდოთ ჭიქაში ღია ადგილას და შევინახოთ მეორე გამოხეხვამდე. ამით თავიდან ავიცილებთ ინფიცირების სერიოზულ პრობლემებს. ეს უნივერსალური წესებია, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის, თუმცა შეხსენება არ გვაწყენს.
– რა დანიშნულება აქვს სავლებს? ბავშვისთვის თუ იყენებენ მას?
– სავლებს კბილის პასტასთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ანტიბაქტერიული მოქმედება ახასიათებს, მეორე – მთელ პირის ღრუს სწვდება: ხვდება ღრძილებზე, ენის მთელ ზედაპირზე, ხახის ლიმფურ რგოლზე, ტუჩების შიგნითა ზედაპირზე. თუმცა ბავშვებში მას მოკლე ხანს იყენებენ, უმეტესად – ორთოდონტიული მკურნალობის დროს.
– უნდა დაიცვან თუ არა ჰიგიენის განსაკუთრებული წესები ბავშვებმა, რომლებიც ორთოდონტიულ აპარატებს ატარებენ?
– მიუხედავად კეთილშობილური მიზნისა, ბავშვს ჩამოუყალიბდეს კბილების ლამაზი წყობა, ორთოდონტიული მკურნალობა პირის ღრუზე – კბილებზე, ღრძილებზე – საკმაოდ აგრესიულ ჩარევად მიიჩნევა. მას აქვს გვერდითი ეფექტებიც: იწვევს ღრძილების დაავადებებს, ზრდის კარიესის განვითარების ალბათობას. ამ ეფექტების თავიდან აცილებაზე ინტენსიურად უნდა ვიზრუნოთ. პირის ღრუში საჭმლის ნარჩენებთან ერთად კბილებისა და ღრძილებისთვის აგრესიული ბაქტერიული ფლორაც რჩება. ამ დროს ჯაგრისთან ერთად სავლების გამოყენება ეფექტს აძლიერებს.
– რატომ უჩნდებათ ბავშვებს კბილებზე შავი ნადები, აზიანებს თუ არა ის კბილებს?
– ზოგიერთი ბაქტერია ცხოველმყოფელობის პროცესში გამოიმუშავებს განსაზღვრულ ნივთიერებებს, რომლებიც კბილის ბალთის ზედაპირზე შავი პიგმენტის სახით ილექება. შავი პიგმენტური ნადები კბილის ყელის მიდამოში შავ წინწკლებს წარმოქმნის, ყველა კბილს მიუყვება და უსიამოვნო შესახედავია, თუმცა სხვა მხრივ საშიში არ არის – არც კარიესის და არც პაროდონტის დაავადების განვითარებაზე არ მიუთითებს. როდესაც ნადები კბილების ორალურ (შიგნითა) ზედაპირზეა, მშობელი ხშირად ვერც ამჩნევს.
შავი პიგმენტური ლაქები არ უნდა აგვერიოს შავ პიგმენტაციებში – კბილის კარიესში, რომლებიც ასევე შავი წინწკლების სახით იჩენს თავს და კარიესის პირველი ნიშანია. ამ დროს ჩარევა აუცილებელია.
ამრიგად, თუ ბავშვს, მეტადრე – სამ წლამდე, კბილებზე შავი პიგმენტი გაუჩნდა, დაუყოვნებლის სტომატოლოგთან უნდა მივიყვანოთ.
– პროფესიული წმენდა მათ მოსაშორებლად აუცილებელია თუ სხვა გზაც არსებობს? მაგალითად, სოდა…
– სხვათა შორის, სოდა 50-იანი წლებიდანაა ცნობილი კარგ აბრაზიულ საშუალებად, ხოლო სოდიანი სავლები პირის ღრუს მოსავლელად საუკეთესოა, მაგრამ სოდა ვერ მოაშორებს მაგარ ნადებს, გარდა ამისა, შესაძლოა, მშობელმა ბავშვს ღრძილი დაუზიანოს, ამიტომ ჯობს, ნადები ექიმმა მოაცილოს, მით უმეტეს, დღეს საამისოდ უამრავი საშუალება არსებობს.
კბილების პროფესიულ წმენდას ბავშვებში, რა თქმა უნდა, შეზღუდვა აქვს, განსაკუთრებით – სარძევე კბილების შემთხვევაში. თორმეტ წლამდე მაქსიმალურად უნდა დაიზოგოს კბილღრძილოვანი კავშირი, ნადების მოცილება ტრადიციული გზით, ულტრაბგერითი სკალერით, უაღრესად დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს. საზოგადოდ, პროფესიულ ჰიგიენას თავისი წესები აქვს, რომლებიც სტომატოლოგებმა კარგად იციან. თავისთავად ცხადია, რაც უფრო დავზოგავთ კბილებს აგრესიული ჩარევისგან, მით უკეთესია, ამიტომ ერთი შეხედვით მარტივი ხერხი, ჯაგრისითა და პასტით კბილების გამოხეხვა, ყველაფერს სჯობია, სწორად გამოყენებისას კი უნიკალურ შედეგს იძლევა. 30-40 წელია, მტკიცებითმა მედიცინამ ეს ეფექტი დაადასტურა.
ჩვენ პირის ღრუს მოვლის ზოგად წესებზე ვისაუბრეთ, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველი ჩვენგანის პირის ღრუს თავისებური მოვლა სჭირდება, ამიტომ მინდა ვურჩიო თქვენს მკითხველს, კბილის პასტის, ჯაგრისისა თუ სავლების შესარჩევად პირად სტომატოლოგს მიმართოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ორჯერ აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ბავშვობის ასაკში. რაც უფრო ადრე დავაყენებთ ბავშვს სწორ გზაზე, მით უფრო ხანგრძლივ და უკეთეს ეფექტს მივიღებთ.