სიმსუქნის პარადოქსი

გააზიარე:

 

 

იშვიათია დაავადება, რომლის რისკფაქტორადაც ჭარბი წონა არ მოიაზრებოდეს. არ აქვს მნიშვნელობა, რა გაწუხებთ, რამდენი წლის ბრძანდებით ან რომელი პროფილის ექიმი გიწევთ კონსულტაციას – ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ამ დროს წონის კორექციაა.

ჭარბი წონა სათავეს უდებს უსიამოვნებათა მთელ სპექტრს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებით დაწყებული, უშვილობით დამთავრებული.

სწორედ მის შესახებ სასაუბროდ ვესტუმრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ამავე უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ კახაბერ ჭელიძეს. მაგრამ ჩვენი საუბარი ისე არ წარიმართა, როგორც ველოდი. ჩემმა რესპონდენტმა, ნაცვლად იმისა, რომ სხვებივით სიმსუქნის ძაგება დაეწყო, მითხრა: “დღეს ჩვენ პრობლემას განსხვავებულ, არატრადიციულ ჭრილში განვიხილავთ და ვისაუბრებთ სიმსუქნეზე არა როგორც აბსოლუტურ ბოროტებაზე, არამედ შევეხებით მის ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობ, პარადოქსულ მხარეებსაც; რაც მთავარია, ვისაუბრებთ არა პირადი დასკვნების საფუძველზე, არამედ სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. უცნაური მოგეჩვენებათ, მაგრამ რამდენიმე სერიოზული და მასშტაბური კვლევის შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ განსაზღვრულ შემთხვევებში სიმსუქნეს ადამიანისთვის სიკეთეც კი მოაქვს”.

დიახ, აღმოჩნდა, რომ სიმსუქნე ყოველთვის პრობლემას არ ნიშნავს, გამხდარი ყოველთვის არ არის გამხდარი, მოძრაობა ყოველთვის არ გვეთვლება ფიზიკურ აქტივობად და ა.შ. მართალია, ახალმა კვლევებმა უამრავი კითხვა გამიჩინა, მაგრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა: ადამიანის ორგანიზმი ამოუხსნელი ფენომენია და რაც უფრო მეტად ვსწავლობთ მას, მით უფრო უკეთ ვხვდებით, რა ცოტა რამ ვიცით მის შესახებ.

 

საშიში კილოგრამები

– სიმსუქნე მხოლოდ ადამიანის პრობლემა არ გახლავთ – ცხოველებიც სუქდებიან. ცხენებთან, ძაღლებსა და კატებთან მისი გავრცელების მაჩვენებელი არცთუ იშვიათად უფრო მაღალიც კია. რაც შეეხება ადამიანს, უკანასკნელ ათწლეულებში სიმსუქნის გავრცელება უფრო და უფრო იმატებს. ამას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს, უმთავრესად კი – კვების თანამედროვე სტილი და ადინამია. მაგალითად, 80-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც სწრაფი კვების ობიექტები ფართოდ გავრცელდა, სიმსუქნის გავრცელებამ სამჯერ იმატა.

სამწუხაროდ, საქართველოში სტატისტიკური აღრიცხვა არ ჩატარებულა, მაგრამ, ვფიქრობ, მეტად საინტერესო და ყურადსაღებია სხვა ქვეყნების გამოცდილებაც. აშშ-ში 1990-დან 2013 წლამდე ზრდასრულთა შორის ჭარბი წონის გავრცელებამ ორჯერ იმატა, ხოლო ბავშვებს შორის – სამჯერ. საერთო ჯამში, ჭარბი წონის მქონე ამერიკელთა რაოდენობა სამი უდიდესი შტატის: კალიფორნიის ტექსასისა და ნიუ-იორკის, – მოსახლეობის რაოდენობას უტოლდება. დიდ ბრიტანეთში ოთხიდან ერთი ბავშვი ჭარბწონიანია.

ადრეულ ასაკში განვითარებული სიმსუქნე ადამიანს არაერთ პრობლემას უქადის – ნორმული წონის მქონე თანატოლებთან შედარებით ჭარბწონიან ბავშვებს:

* 2-3-ჯერ მეტად ემუქრებათ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები;

* 10-ჯერ მაღალი აქვთ პანკრეასის დაზიანებისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი;

* მკვეთრად აქვთ მომატებული ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაზიანების ალბათობა;

* 5-ჯერ ხშირად უვითარდებათ ღამის აპნოე, რაც, თავის მხრივ, ჯანმრთელობისთვის სახიფათო ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი ფაქტორია.

ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, თუმცა, ვფიქრობ, პრობლემის მასშტაბის გასაგებად ესეც კმარა. არცთუ სახარბიელოა პროგნოზიც: ექპერტები ვარაუდობენ, რომ გლობალური დათბობის გამო საკვები ნაკლებყუათიანი გახდება, საჭირო ენერგიის მისაღებად გაცილებით მეტის ჭამა დაგვჭირდება და ეს სიმსუქნის გავრცელებას ერთიორად გაზრდის. დღეს თუ მსოფლიოში ყოველ მესამე ადამიანს აქვს ჭარბი წონა, 2030 წლისთვის წონის პრობლემას ყოველი მეორე შეეჯახება.

– საუბრის დასაწყისში სიმსუქნის პარადოქსი, მისი “სიკეთე” ახსენეთ. ამ მონაცემების გაცნობის შემდეგ თეორიულად მაინც თუ შეიძლება ჭარბი წონის დადებით მხარეზე საუბარი?

– გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ მძიმე სტატისტიკას ნათელი შტრიხებიც ახლავს – სიმსუქნის გავლენა ყოველთვის არ არის ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი.

 

დაუჯერებელი რეალობა

– მინდა, გაგაცნოთ რამდენიმე თანამედროვე კვლევის შედეგები, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და სიმსუქნეს შორის კავშირს რამდენადმე სხვა კუთხით წაროაჩენს. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ სიმსუქნის როლი ამ კუთხით მხოლოდ უარყოფითი იყო, ბოლოდროინდელი კვლევები კი სხვაგვარად ფიქრის საფუძველსაც გვაძლევს.

აქამდე სიმსუქნის ერთადერთ პლუსად იმას მივიჩნევდით, რომ ჭარბწონიან ქალებთან მენოპაუზის შემდგომ ოსტეოპოროზი გაცილებით იოლად მიმდინარეობს, ვიდრე ნორმული წონის ან წონის დეფიციტის მქონეებთან. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ეს არ ყოფილა მისი ერთადერთი პლუსი. დავიწყოთ იაპონიაში სულ ახლახან ჩატარებული კვლევით, რომელიც გულის სისხლძარღვებზე ჩარევის შემდგომ კლინიკაში განვითარებული გართულებების (ჰოსპიტალური გართულებები კორონარული სტენტირებისა და შუნტირების შემდგომ) შესწავლას მიეძღვნა. კვლევამ აჩვენა, რომ სხეულის მასის მაჩვენებლებს აშკარა კავშირი აქვს ჩარევის შემდგომი გართულებების სიხშირესთან. მცირე წონის მქონე პაციენტებთან კატასტროფულად მაღალია სისხლდენების, ჰოსპიტალური სიკვდილობისა და სხვა მაჩვენებლები, ჭარბწონიან და მსუქან პაციენტებთან კი – სარწმუნოდ დაბალი.

25 000-მდე პაციენტზე 4-წლიანმა დაკვირვებამ გამოავლინა ტოტალური სიკვდილობისა და მიოკარდიუმის ინფარქტის გამო სიკვდილობის მაღალი სიხშირე დაბალი (და არა ჭარბი!!!) წონის პაციენტებთან. დამეთანხმებით, ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ რეალობაა.

ასეთივე კავშირი წარმოაჩინა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებზე დაკვირვებამაც – სხეულის მასის ზრდასთან ერთად ჰოსპიტალური სიკვდილობის მაჩვენებელი ერთმნიშვნელოვნად მცირდება.

შესწავლილ იქნა ჰოსპიტალური სიკვდილობის დინამიკა პერიფერიული არტერიების დაავადების მქონე პირებთან (იგულისხმება ქვედა კიდურების არტერიათა დაზიანება, რომლის გამოვლენა გარდამავლი კოჭლობიდან კიდურის ამპუტაციამდე ვარირებს). პერიფერიული არტერიების დაავადებასთან ასოცირებული ჰოსპიტალური სიკვდილობა მცირე და ნორმული წონის პაციენტებთან გაცილებით მაღალი აღმოჩნდა.

იგივე ტენდენცია წარმოჩნდა სხვადასხვა ლოკალიზაციის თრომბოემბოლიზმსა და კარდიოქირურგიულ ჩარევებთან ასოცირებულ სიკვდილობასა და გართულებებთან მიმართებითაც.

საინტერესოა ჭარბი წონისა და არიტმიების სამკურნალო ინვაზიური მეთოდის – აბლაციის (არიტმიის განმაპირობებელი პათოლოგიური გზის გაწყვეტა ან კერის ჩახშობა) გართულებათა ურთიერთდამოკიდებულება. აღმოჩნდა, რომ აბლაციის შემდგომ ჭარბი წონის პაციენტებთან სისხლძარღვოვანი გართულებები, თავის ტვინის ემბოლიზმი და გულის პერანგში სისხლჩაქცევა ანუ ტამპონადა გაცილებით იშვიათია, ვიდრე გამხდრებთან.

ჭარბწონიანებთან მაღალი აღმოჩნდა ინსულტის შემდგომ გადარჩენის მაჩვენებელიც.

ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ კვლევებმა აჩვენა ისიც, რომ ამ კატეგორიის პირებთან სარწმუნოდ დაბალია ტიპი 2 შაქრიან დიაბეტსა და ჰემოდიალიზთან ასოცირებული სიკვდილობაც.

 

პარადიგმებიდან პარადოქსებამდე

– მართლაც ძალზე საინტერესო და მოულოდნელი მონაცემებია. აქვს თუ არა ამას რაიმე ახსნა?

– უპირველეს ყოვლისა, მინდა, ვთქვა: მიუხედავად იმისა, რომ ამ მონაცემებმა ცნობილი პარადიგმა განსხვავებული რაკურსით დაგვანახა და ერთგვარად შეარბილა მისი იმიჯი, სიმსუქნე ცუდია! ჭარბი წონა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი ძირითადი რისკფაქტორია და ის ავადობისა და სიკვდილობის მაღალ მაჩვენებლებთანაა ასოცირებული, თუმცა თანამედროვე მონაცემები მოწმობს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (და არამხოლოდ) მქონე პირებთან, რომლებსაც, იმავდროულად, ჭარბი წონაც აქვთ, გადარჩენის ალბათობა უფრო დიდია, ხოლო გართულებების რისკი – უფრო დაბალი, ვიდრე ნორმული ან ნორმაზე დაბალი წონის მქონე პაციენტებთან.

– ამრიგად, ფაქტორი, რომელიც ზრდის კარდიოვასკულური დაავადების განვითარების რისკის, შემდეგ თავადვე გვიცავს სხვადასხვა რისკისგან. რით შეიძლება აიხსნას ეს პარადოქსი?

– აღნიშნული ფენომენის ზუსტი მექანიზმი ჯერაც უცნობია. არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა, რომელთა შორისაც ფიგურირებს ენდოთელური პროგენიტორული უჯრედების, თრომბოქსანის პროდუქციის, გრელინის მიმართ მგრძნობელობისა და სიმსივნის მანეკროზებელ ფაქტორ ალფას რეცეპტორების თეორიები. ამჯერად ამ უკანასკნელზე შევჩერდები.

აღმოჩნდა, რომ კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი გამოიმუშავებს ამ სახეობის პირველი და მეორე ტიპის პრეცეპტორებს, რომლებიც ბოჭავს სიმსივნის მანეკროზებელ ფაქტორს და ანეიტრალებს გულის კუნთზე მის მავნე ზემოქმედებას. რაც უფრო მეტია ცხიმოვანი ქსოვილის მასა და ცხიმის პროცენტული თანაფარდობა, მით უფრო მეტია ამ რეცეპტორთა რაოდენობაც და, აქედან გამომდინარე, მეტადაა დაცული გული ამ დამაზიანებელი ფაქტორის ზემოქმედებისგან.

 

სმი – უტყუარი ინდექსი?

– მიხარია, რომ ჩვენი საზოგადოება, პირდაპირი მნიშვნელობით, ამოძრავდა; მიხარია, რომ თანამოქალაქეს ვხედავ, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს და ებრძვის ჭარბ წონას, რომლის შესაფასებლადაც დღესდღეობით სხეულის მასის იდექსს იყენებენ. სწორედ ამ უკანასკნელის სანდოობაზე მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა.

ბოლო ხანს დუალურ-ენერგეტიკული რენტგენოლოგიური აბსორბციომეტრიის გამოყენებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სხეულის მასის ინდექსი შემთხვევათა 41%-ში ცდება და მხოლოდ ამ მაჩვენებლით ხელმძღვანელობა არ არის მართებული. არსებობს პათოლოგიური მდგომარეობა – სარკოპენიული სიმსუქნე, რომლის დროსაც ერთსა და იმავე დროს აღინიშნება სარკოპენია – კუნთოვანი მასსი დაქვეითება – და ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბე. ამ შემთხვევაში სხეულის მასის ინდექსი შეიძლება ნორმული ან დაქვეითებულიც კი იყოს. სარკოპენიული სიმსუქნის მქონე პაციენტებს სხეულის მასის ინდექსი დაბალი აქვთ, კარდიოვასკულური სიკვდილობის რისკი კი – მაღალი.

დასასრულ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ ამ მეტად საინტერესო ნიუანსებზე საუბრის საშუალება მომეცით. ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს მკითხველებს, რომლებსაც აქვს შევახსენებ, რომ ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ და მხოლოდ ექიმისა და პაციენტის ურთიერთთანამშრომლობით არის შესაძლებელია. თანამშრომლობას, თავის მხრივ, პრობლემის გააზრება და გაცნობიერება სჭირდება, ამას კი საკითხისადმი სწორხაზოვანი და სტერეოტიპული მიდგომით ვერ მივაღწევთ. სირთულეების წარმატებით დაძლევის უმთავრესი პირობა პრობლემის ყოველმხრივი შეფასება და ანალიზია. ვფიქრობ, ჩვენი საუბრის მორალიც სწორედ ეს არის.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: