კომფორტული მგზავრობა პატარასთვის

გააზიარე:

კომფორტი ხიბლავს ყველას, განურჩევლად ასაკისა. ჰოდა, სწორედ კომფორტის მოყვარული პაწაწინებისთვის შექმნეს მოწყობილობა, რომელიც მათ დედიკოსა და მამიკოსთან ერთად ავტომობილით მგზავრობას გაუიოლებს და ერთ დიდ საინტერესო მოგზაურობად აქცევს. ალბათ მიგვიხვდით – მანქანაში ჩასამონტაჟებელ საბავშვო სავარძელს ვგულისხმობთ.

პაწია მგზავრის ოინები

მანქანაში ჩასამონტაჟებელი საბავშვო სკამის გამოყენება სამშობიაროდან გამოყვანისთანავე შეგიძლიათ. ალბათ იტყვით, ასეთ სავარძელში ხომ ნამცეცა სულმთლად ჩაიკარგებაო… რაც უნდა უცნაურად გეჩვენებოდეთ, საზღვარგარეთ ამგვარი პრაქტიკა არსებობს, თუმცა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი პრინციპის გათვალისწინებით: ახალშობილისთვის სპეციალური, მცირე ზომის სავარძელი დაგჭირდებათ. ასეთი სავარძლები თვეების ბავშვისთვის გახლავთ განკუთვნილი (infant-only) და იმგვარად არის მოწყობილი, რომ პაწია მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით იჯდეს (rear-facing car seats).

არსებობს მეორენაირი, კომბინირებული სავარძლებიც (convertible), რომლებიც თქვენი სურვილისამებრ იცვლის ფორმასა და მიმართულებას. მცირე ასაკის (თვეების) ბავშვი შეგიძლიათ ავტომობილის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით დააბრძანოთ, ხოლო როდესაც წამოიზრდება, საზურგე შემოაბრუნოთ და მოძრაობის მიმართულებით დასვათ.

მცირე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სავარძლის  შერჩევისას გაითვალისწინეთ:

  • უმჯობესია, სავარძელი მომცრო და სახელურებიანი იყოს. ის მხოლოდ ავტომობილით მგზავრობისას კი არ გამოგადგებათ, არამედ ერთგვარი კალათის მაგივრობასაც გაგიწევთ, რომლის მეშვეობითაც სუპერმარკეტსა თუ ბუტიკს პაწიასთან ერთად დაათვალიერებთ.
  • სავარძელში ჩაკერებული უნდა იყოს დასაჭერი ღვედები, რომლებსაც ბავშვს იღლიებში ამოსდებთ.
  • ეტიკეტზე უთუოდ უნდა იყოს მითითებული ბავშვის მაქსიმალური წონა: 10-დან 13,5 კგ-მდე.
  • მცირე ზომის სავარძლებს უმჯობესია ჰქონდეს მყარი საფუძველი, რომელსაც ავტომობილის სავარძელზე  მიამაგრებთ და რომლის იქვე დატოვებაც შეგეძლებათ.

კომბინირებული სავარძლების შესახებ

ვიდრე ბავშვი ერთი წლის გახდება, სასურველია, ზურგით დასვათ, მერე კი სავარძლის საზურგე შემოაბრუნეთ და ბაიას “პერსონალური სკამი” ავტომობილის უკანა სავარძლის შუაში დაამონტაჟეთ.

განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ღვედებთან დაკავშირებით – პატარას უსაფრთხოებას ხომ, ფაქტობრივად, მათ ანდობთ. მიაქციეთ ყურადღება, რომ ისინი სათანადოდ იჭერდეს ბავშვის სხეულს და ამავე დროს დისკომფორტს არ უქმნიდეს.
პატარა დისკომფორტს იგრძნობს, თუკი:

  • სავარძელი მეტისმეტად დიდი ან პატარაა;
  • ღვედები სათანადოდ არ არის შეკრული ან გახსნილია;
  • ღვედები არასწორად არის მორგებული.

ეფექტური შოფინგი

თუკი ავტომობილში დასამონტაჟებელი სავარძლის შეძენა გადაწყვიტეთ, შემდეგი რჩევების გათვალისწინება მოგიწევთ:

  • ფასი გადამწყვეტი არ არის. მართალია, ძვირადღირებული პროდუქცია მეტწილად მაღალი ხარისხისაა, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს. ამ შემთხვევაში იხელმძღვანელეთ არა ფასით, არამედ იმით, რამდენად კომფორტულად იგრძნობს სავარძელში თავს პატარა მოგზაური.
  • სავარძლის შეძენის დროს ბავშვიც თან წაიყვანეთ (თუ, რა თქმა უნდა, ის ჯერ სამშობიაროში არ არის და შოფინგის საპატიო მისია მამიკოს არ დაევალა). ჩასვით პაწია სავარძელში, მოარგეთ ღვედები და შეამოწმეთ, მოხერხებულად გრძნობს თუ არა ბავშვი თავს ახალ სამფლობელოში.
  • გულისყურით წაიკითხეთ სავარძლის ინსტრუქცია და ახალი შენაძენი ყურადღებით დაამონტაჟეთ ავტომობილში.

უსაფრთხოების მარტივი წესები

მცირე ასაკის ბავშვისთვის განკუთვნილი სამგზავრო სავარძელი უთუოდ ავტომობილის უკანა სავარძელზე უნდა დაამონტაჟოთ. ამავე დროს, გაითვალისწინეთ, რომ პატარა მოძრაობის საპირისპიროდ უნდა იჯდეს.
დაიმახსოვრეთ: 12-13 წლამდე ასაკის ბავშვები, სპეციალური სავარძლით თუ მის გარეშე, ყოველთვის ავტომობილის უკანა სავარძელზე უნდა ისხდნენ.

და კიდევ: შვილი ბავშვობიდანვე რომ მიაჩვიოთ წესრიგს (რაც, პირველ ყოვლისა, მისივე უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი),  თავად ყოველთვის გამოიყენეთ უსაფრთხოების ღვედი. პაწია თქვენს მაგალითს აუცილებლად მიბაძავს.

გააზიარე: