რა მიგვანიშნებს მშობიარობის მოახლოებაზე

გააზიარე:

აგული, ნაჩინაეტსააა!..

ჯერ კალენდარს შეჰყურებ და თვეებს ითვლი, შემდეგ – კვირებს, ბოლოს კალენდარს ზედაც აღარ უყურებ, სამაგიეროდ, საათს არ აშორებ თვალს – ცხრათვიანი ლიმიტი ამოიწურა!

ორსულობის დასასრულს ასეთი მღელვარება სავსებით გასაგებია – პაწიას დაბადებამდე ხომ სულ ცოტა დრო დარჩა. გარდა კალენდრისა, რამ უნდა აფიქრებინოს ორსულს, რომ მშობიარობა მოახლოვდა? მოდით, გავარკვიოთ. 

ბოლო აკორდი

ორსულობის მიწურულს (მას მესამე ტრიმესტრსაც უწოდებენ) ქალს ხშირად ახსენებს თავს უჩვეულო ნიშნები, რომლებიც  მშობიარობის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო ინტენსიური ხდება:

*გულძმარვა. ეს იმის ბრალია, რომ გაზრდილი ნაყოფი ნაღვლის ბუშტს აწვება. გარდა ამისა, ორსულობის ჰორმონების გავლენით ნაღველი ჭარბად წარმოიქმნება, თორმეტგოჯა ნაწლავიდან კუჭში ამოიტყორცნება და წვის შეგრძნებას ბადებს.

*ყაბზობა. გარდა იმისა, რომ დიდი ზომის ნაყოფი ნაწლავებს აწვება, თავიანთ საქმეს აკეთებენ ჰორმონებიც, რომელთა ზემოქმედებით ნაწლავების კედელი დუნდება და შეკრულობას იწვევს.

*ვენების ვარიკოზული გაგანიერება. სწორედ ზემოხსენებული ორსულობის ჰორმონების ბრალია, ვენების კედელი ტონუსს რომ კარგავს, რასაც გაგანიერება მოყვება. ამიტომაც ფეხმძიმობის მესამე ტრიმესტრში ქალები ხშირად უჩივიან ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნებას, კოჭ-წვივის სახსრის შეშუპებას და ფეხებზე სისხლძარღვოვანი აბლაბუდას გაჩენას, რაც გაგანიერებული და დაკლაკნილი ვენების ნიშანია.

*ტკივილი მუცლის არეში. ფეხმძიმობის მიწურულს ნაყოფი მეტად ინტენსიურად იმატებს ზომა-წონას და ლამის მთელ მუცლის ღრუს იკავებს. ორსულობის მე-40 კვირას პაწიას წონა 3-4 კგ-ს აღწევს, სიგრძე კი დაახლოებით 50 სმ-ს. მართალია, პატარა გიგანტს საშვილოსნოში მიბრუნება-მობრუნება უჭირს, მაგრამ თუ მოინდომა, ისე მძლავრად მოიქნევს კიდურს, რომ  დედიკოს შეიძლება სუნთქვაც კი შეეკრას. ასე მეტწილად მაშინ ხდება, როდესაც ბავშვი თავით წინ მდებარეობს და მოქნეული კიდური ნაღვლის ბუშტს ხვდება. გარდა მუცლისა, ტკივილი ხშირად იჩენს თავს წელისა და ბოქვენის ძვლის არეშიც.

*კანის ძლიერი ქავილი.  ამგვარი დისკომფორტი  იმის ბრალია, რომ მუცლის კანი ძლიერ იჭიმება, რაც კანში არსებული რეცეპტორების გაღიზიანებას განაპირობებს.

*ქოშინი. ნაყოფის ზრდის კვალდაკვალ დიაფრაგმა სულ უფრო მაღლა იწევს და ფილტვებს აწვება. ამიტომაც არის, რომ ორსულს მცირე ფიზიკური დატვირთვის შემდეგაც კი უჭირს სუნთქვა.
*შარდვის გახშირება. ამგვარ დისკომფორტს ისევ და ისევ გაზრდილი ნაყოფი იწვევს. იგი აწვება საშარდე ბუშტს და ეს ორგანო უწინდებურად ბევრი სითხის შეკავებას ვეღარ ახერხებს.

*სისხლძარღვოვანი პრობლემები. ყველაზე ხშირად თავს იჩენს გინგივიტი (ღრძილების ანთება), რომელიც სისხლდენით ვლინდება და დიდ უხერხულობას უქმნის ორსულს. არცთუ იშვიათად ფეხმძიმეს ცხვირიდან სისხლდენა უვითარდება. ესეც ჰორმონული ძვრების ბრალია.

სტარტი

ახლა კი ის ნიშნები ჩამოვთვალოთ, რომლებიც მშობიარობის მოახლოებაზე მიუთითებს:

*ცრუ ჭინთვები. ამ დროს საშვილოსნო ფიცარივით მაგრდება და კვლავ დუნდება. ამგვარად ის მშობიარობისთვის ემზადება, თუმცა ბავშვის დაბადება წუთი-წუთზე ნამდვილად არ არის მოსალოდნელი. ცრუ ჭინთვების დროს საშვილოსნოს ყელი არ იხსნება, ასე რომ, პატარას მცირე ხანს კიდევ მოუწევს მოცდა.

*ლორწოვანი საცობის მოცლა. საშვილოსნოს ყელის არხში გროვდება ლორწო, რომელსაც ირგვლივ არსებული ჯირკვლები მშობიარობამდე დაახლოებით 1-2 კვირით ადრე გამოიმუშავებს. ისიც შეიძლება, ლორწოთი არხი უშუალოდ მშობიარობის წინ ამოივსოს.

ლორწო, რომლის მოცულობა დაახლოებით 20 მლ-ია, ერთგვარ დამცავ ფუნქციას ასრულებს: იგი საშვილოსნოს ინფექციური აგენტებისგან იცავს.
ლორწოს მოცილება, რომელსაც ხშირად სისხლის მინარევი მოყვება, მშობიარობის წინ ნორმალურია, მაგრამ თუკი ლორწოვანი საცობი მშობიარობის სავარაუდო ვადამდე ორი კვირით ადრე მოსცილდა, უთუოდ ექიმს უნდა მიმართოთ.

*მუცლის დაწევა. ამ ნიშანს წინათ დიდ ყურადღებას აქცევდნენ: „მუცელი დაგეწია? პატარას რამდენიმე საათში ელოდეო“. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მუცელი ასე უმეტესად პირველი ორსულობის, თავით წინამდებარეობის დროს იწევს.

*წონის კლება. ზოგიერთს მშობიარობამდე მცირე ხნით ადრე მადა ეკარგება. ამის მიზეზი ისევ და ისევ ჰორმონული ფონის ცვლილებაა.

*უგუნებობა. ხშირად ფეხმძიმეს, რომელიც დღე-დღეზე ელის პაწიას, მარტოობის სურვილი უჩნდება. მას აღარ მოსწონს ხმაურიანი საზოგადოება, ერიდება ნაცნობებთან კონტაქტს. ამაში უჩვეულო არაფერია. მღელვარება და შფოთვა ბავშვის დაბადებისთანავე გაივლის.

... და ფინიში

მშობიარობის დაწყების პირველი ნიშანი ყველაზე ხშირად ჭინთვები გახლავთ. ამ დროს საშვილოსნო რეგულარულად იკუმშება, აღმოცენდება ტკივილი. ცრუ ჭინთვებისგან განსხვავებით, ასეთი შეტევა ნაყოფის გამოძევებით ანუ მშობიარობით სრულდება.

ჭინთვები თავდაპირველად იშვიათია, ინტერვალიც – ხანგრძლივი, მერე და მერე საშვილოსნოს შეკუმშვა ხშირდება (ყოველ 5 წუთში ერთხელ), ინტენსიური და ძლიერი ხდება, რასაც მოჰყვება კიდეც ტკივილი.

მშობიარობა შეიძლება არა ჭინთვებით, არამედ სანაყოფე წყლების დაღვრით დაიწყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მეან-გინეკოლოგს დროულად უნდა მიმართოთ. უწყლო პერიოდის გახანგრძლივება არამც და არამც არ შეიძლება, ვინაიდან ამ დროს მაღალია საშვილოსნოსა და ნაყოფის ინფიცირების რისკი.

B6 ვიტამინის შესახებ

ვიტამინს, რომელსაც ხშირად უბრალოდ “ბე-მეექვსედ” იხსენიებენ, უამრავი ფუნქცია აკისრია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ცილოვანი ცვლის რეგულაცია გახლავთ. ცილა ის საშენი მასალაა, ურომლისოდაც ორგანოების შენება ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ასე რომ, ორსულს (უფრო სწორად, ნაყოფს) ის ისე სჭირდება, როგორც არასდროს. ცნობილია ისიც, რომ სტრესის დროს ადამიანის ორგანიზმი B6 ვიტამინის დეფიციტს განიცდის. იგივე ხდება ორსულობისას, რაც, ექიმების აზრით, საკმაოდ დიდი სტრესია ქალის ორგანიზმისთვის. ამგვარად, B6 ვიტამინს ფეხმძიმე ქალისთვის ერთიორად მეტი მნიშვნელობა აქვს.

გარდა ჩამოთვლილი ფუნქციებისა, B6 ვიტამინი მონაწილეობს ჰემოგლობინის წარმოქმნაში. ამავე დროს, ცნობილია, რომ ორსული ანემიისკენ არის მიდრეკილი. აი კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ფეხმძიმე B6-ით სათანადოდ უნდა მოვამარაგოთ.

ბე-მეექვსეს დამსახურებათა ნუსხას შეიძლება მივაკუთვნოთ უჯრედების გლუკოზით მომარაგება (როდესაც გლუკოზის ცვლა მოწესრიგებულია, ადამიანი თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობს), იმუნური სისტემის მოძლიერება. 

B6 ვიტამინს შეიცავს ხორცი, ღვიძლი და თირკმელები, უხეშად ნაფქვი ხორბლის პური, წიწიბურა, ქერი, ფეტვი.
გაითვალისწინეთ, რომ მარცვლეული კულტურებიდან B6 ვიტამინის შეთვისება გაცილებით ძნელია, ვიდრე ხორცის პროდუქტებიდან.
ფეხმძიმობისა და ლაქტაციის (ძუძუს წოვების) დროს B6 ვიტამინზე დღიური მოთხოვნილება 2,1-2,3 მგ-ია. 

ინა ვაჩიბერიძე

გააზიარე: