კიდევ ერთხელ ინსულტის შესახებ

გააზიარე:

მეცნიერები პრევენციის ეფექტურ გზებს ეძებენ

               

ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა. ეს ვერაგი სენი, რომელსაც ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანება უდევს საფუძვლად, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს ლოგინად აგდებს და სამუდამოდ სხვისი დახმარების იმედად ტოვებს. არც ლეტალური შედეგია იშვიათი – ინსულტს ყოველწლიურად 5 მლნ კაცი ეწირება. დაავადების რისკფაქტორებს, გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან ერთად, მიაკუთვნებენ არტერიულ ჰიპერტენზიას, გულის იშემიურ დაავადებას, ათეროსკლეროზს, შაქრიან დიაბეტს, ჭარბ წონას, ადინამიას, არაჯანსაღ კვებას, სტრესსა და ასაკს – 65-დან 74 წლამდე მისი ალბათობა ექვსჯერ მეტია, ვიდრე 45-დან 54 წლამდე. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 55 წლიდან ინსულტის განვითარების რისკი ყოველ ათ წელიწადში ორმაგდება.

ინსულტი ჯანმრთელობის მძიმე დარღვევებს იწვევს. ამ დარღვევათა აღმოფხვრა ძალიან ძნელია, ზოგჯერ – შეუძლებელიც კი. ამიტომაც ეკისრება უდიდესი როლი ინსულტის პრევენციას. პრევენციის საუკეთესო გზა კი ცხოვრების ჯანსაღი წესია. ჯანსაღი წესით ცხოვრება იმ დაავადებების განვითარებასაც უშლის ხელს, რომლებიც ინსულტით რთულდება.

ამის საბუთად გაგაცნობთ ორი უახლესი კვლევის შედეგებს, რომლებიც რამდენიმე ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა. მართალია, დასკვნები ჯერ კიდევ მოითხოვს დადასტურებას და უფრო მასშტაბური კვლევებით განმტკიცებას, მაგრამ, ვფიქრობთ, ისინი მაინც საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის.

ვინაიდან ინსულტი ქალებთანაა განსაკუთრებით აქტუალური, ეს ორი კვლევაც სწორედ ქალებს შეეხო.

 

 

მეტი კალიუმი – ინსულტის ნაკლები რისკი

 

ბრონქსის ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მენოპაუზის შემდეგ კალიუმით მდიდარი საკვების მიღება ამცირებს ინსულტისა და ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს. კვლევამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქალების რაციონში ხილისა და ბოსტნეულის ჩართვის აუცილებლობა, რადგან სწორედ ეს პროდუქტებია კალიუმის მთავარი წყარო.

კვლევებმა აქამდეც არაერთგზის დაადასტურა, რომ კალიუმი სისხლის წნევას აქვეითებდა, მაგრამ მისი უნარი, შეემცირებინა ინსულტისა და სიკვდილიანობის რისკი, ბოლო დრომდე უცნობი იყო.

აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობდა პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი 50-დან 79 წლამდე ასაკის 90 137 ქალი. პოსტმენოპაუზის საშუალო ხანგრძლივობა 11 წელი იყო. მკვლევრები რეგულარულად აღრიცხავდნენ კალიუმის მოხმარების დონეს, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემთხვევათა რაოდენობას და სიკვდილიანობას. კვლევის დასაწყისში ინსულტი არც ერთ მონაწილეს არ ჰქონია გადატანილი. ისინი დღეში საშუალოდ 2.611 გ კალიუმს იღებდნენ.

კვლევამ ცხადყო, რომ საშუალოზე მეტი ოდენობის კალიუმის მოხმარებისას ინსულტის საერთო რისკი 12%-ით იკლებს, საკუთრივ იშემიური ინსულტისა კი – 16%-ით. კალიუმის მაქსიმალური ოდენობით მიღებისას პირობებში ნადრევი სიკვდილის ალბათობა 10%-ით მცირდება.

კვლევამ ისიც აჩვენა, რომ კალიუმის საკვებისმიერი გზით მიღება ჰიპერტონიული დავადების განვითარებამდე უფრო ეფექტურია, ვიდრე განვითარების შემდეგ.

უკანასკნელი მონაცემებით, ამ ელემენტის ოპტიმალური სადღეღამისო ოდენობა 4.7 გრამია.

კალიუმით მდიდარია კარტოფილი, ბანანი, პარკოსნები, ისპანახი, სატაცური, პომიდორი, კომბოსტო, გოგრა, ფორთოხალი, კივი, შავი ქლიავი, გარგარი, ქიშმიში.

 

 

ვცხოვრობთ ჯანსაღად, ვამარცხებთ ინსულტს

 

სტოკჰოლმის კაროლინის ინსტიტუტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულ კვლევაში 60 წლის 31696 ქალი მონაწილეობდა. კვლევა 10 წელი გაგრძელდა. მის მონაწილეებს ჯანსაღი ცხოვრების 5 პრინციპის დაცვა მოეთხოვებოდათ: ჯანსაღი კვება, ალკოჰოლის ზომიერი მიღება, მოწევაზე უარის თქმა, ფიზიკური აქტიურობა, ჯანსაღი წონის შენარჩუნება. იმ ქალებთან, რომლებიც ხუთივე პრინციპს იცავდნენ, ინსულტის განვითარების რისკმა 54% ით იკლო.

  • ჯანსაღი კვება განისაზღვრებოდა რეკომენდებული რაციონის ჯამური ქულების, სულ მცირე, 50%-ით (მონაწილეებს ქულებს ანიჭებდნენ ჯანსაღი საკვების: ხილის, ბოსტნეულის, უცხიმო რძის ნაწარმის – მიღების სიხშირის მიხედვით);
  • ფიზიკური აქტიურობა გულისხმობდა დღეში 40 წუთის განმავლობაში ფეხით სიარულს ან ძუნძულს და დამატებით კვირაში ერთსააათიან ფიზიკურ დატვირთვას;
  • ჯანსაღად მიჩნეული იყო წონა, როდესაც სხეულის მასის ინდექსი არ აღემატებოდა 25-ს.

ხუთივე პრინციპს მხოლოდ 589 ქალი იცავდა. უმრავლესობა ორი-სამი მათგანის დაცვას სჯერდებოდა, 1525-ს კი არც ერთი არ დაუცავს. საინტერესოა, რომ კვლევის ფარგლებში ინსულტის 1554 შემთხვევა აღირიცხა – თითქმის იმდენი, რამდენმა ქალმაც ჯანსაღ ცხოვრებაზე უარი თქვა.

საბოლოოდ კვლევამ აჩვენა რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი თითქმის ანახევრებს ინსულტის განვითარების რისკს.

ცნობისათვის: შვედეთში, სადაც აღნიშნული კველვა ჩატარდა, ინსულტის გამო ყოველწლიურად 1.08 მლრდ დოლარი იხარჯება. ასე რომ, ეს დაავადება საზოგადოებივი ჯანდაცვის კუთხითაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ქალთა სიკვდილიანობის მიზეზთა ნუსხაში ინსულტი მეოთხე ადგილს იკავებს, ინვალიდობის მიზეზთა ჩამონათვალში კი პირველს. მოწოდება ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, ვფიქრობთ, ზედმეტიც კია.

 

 

 

გვანცა გოგოლაძე

 

 

 

გააზიარე: