გაფანტული სკლეროზი თუ ალცჰაიმერი?

გააზიარე:

ამერიკის მეორმოცე პრეზიდენტი, მსახიობი და პოლიტიკური მოღვაწე რონალდ რეიგანი სიცოცხლის ბოლო წლებში, როდესაც ქუჩაში უცხო ადამიანები ესალმებოდნენ, გაოცებული კითხულობდა: “საიდან მიცნობს ეს ხალხი?!” სწორედ მისი პოპულარობის გავლენით 1981 წელს ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე პირველად გამოჩნდა სიტყვა “ალცჰაიმერი”. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრმა ბნელით მოცულმა თეორიამ იხილა დღის სინათლე, უამრავმა ტერმინმა გაიჟღერა და მსგავსების გამო გაუგებრობაც კი გამოიწვია... ბევრს დღემდე ჰგონია, რომ ალცჰაიმერი და გაფანტული სკლეროზი ერთი და იგივე დაავადებაა. მართლა ასეა? ამაში გასარკვევად ექიმ ნევროლოგს, პროფესორ მარინა ჯანელიძეს მივმართეთ.

– ალცჰაიმერი – ეს არის ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ნეირონების გადაგვარება. იწყება ხანდაზმულ ასაკში (60 წლის შემდეგ) და მეხსიერების პროგრესული დაქვეითება სდევს თან. პრაქტიკულად ჯანმრთელი, მეტყველება– და მოძრაობაშენარჩუნებული პაციენტები ნელ-ნელა კარგავენ მეხსიერებას, რაც მძიმედ აისახება თავად პაციენტებზეც და მათი ოჯახის წევრებზეც. წინათ ალცჰაიმერს სკლეროზსაც უწოდებდნენ, თუმცა მეცნიერების განვითარებასთან ერთად გამოიკვეთა, რომ ეს ორი სხვადასხვა დაავადებაა, თუმცაღა სიმპტომურად ერთმანეთს ჰგვანან. სკლეროზი ათეროსკლეროზული ფოლაქებით გამოწვეული მეხსიერების დაქვეითებაა. რაც შეეხება, გაფანტულ სკლეროზს, ეს გახლავთ ნერვული სისტემის იმუნური ანთებით განპირობებული დაავადება, რომელიც ნერვული ბოჭკოების გარსის, მიელინის, გარდამავალ დაზიანებათ გამოიხატება. დაავადება მიმდინარეობს შეტევებისა და რემისიების მონაცვლეობით – სიმპტომების გამოვლენიდან 2-3 კვირაში იწყება უსიმპტომო სტადია, როდესაც პაციენტები არაფერს უჩივიან. ამას კვლავ შეტევის სტადია მოჰყვება და ასე გრძელდება დაუსრულებლად. შეტევის დროს შესაძლოა გამოვლინდეს ნერვული სისტემის პრაქტიკულად ყველა უბნის დაზიანების სიმპტომატიკა. დაავადება უმთავრესად 20-დან 40 წლამდე ასაკის ქალებთან აღირიცხება. საბედნიეროდ, საქართველოში ის არც ისე გავრცელებულია – ამჟამად დაავადებულთა რიცხვი 1200-მდეა.


ალცჰაიმერით და ათეროსკლეროზული დაზიანებით განპირობებული მეხსიერების დაქვეითება, რომელსაც შეგვიძლია სკლეროზი ვუწოდოთ, ახლოსაც კი არ დგას გაფანტულ სკლეროზთან. მათი ერთადერთი საერთოა სიტყვა "სკლეროზი".

კლინიკური განსხვავება
– ალცჰაიმერის დაავადებას ერთადერთი კლინიკური გამოვლინება აქვს – მეხსიერების პროგრესული დაქვეითება, გაფანტულ სკლეროზს ახასიათებს კი სიმპტომების მთელი წყება, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო დემენციასთან (მეხსიერების დაქვეითებასთან). დაავადება მოიცავს ნერვული სისტემის პრაქტიკულად ყველა ნაწილს და ვლინდება:
* ან მხედველობის დაქვეითებით,
* ან ხელ-ფეხის დაბუჟებით,
* ან მოძრაობის შეზღუდვით,
* ან თავბრუსხვევით, წონასწორობის დარღვევით.


გაფანტული სკლეროზის დროს აღნიშნული სიმპტომები დაავადების დაწყებით სტადიაში შეტევითი ხასიათისა და ორი-სამი კვირის შემდეგ თავისთავად უკუვითარდება, თუმცა მეორდება თვეების, წლების შემდეგ. დაგვიანებულმა და არასწორმა მკურნალობამ შესაძლოა სერიოზული უნარშეზღუდულობა გამოიწვიოს და პაციენტი სავარძელს მიაჯაჭვოს. ვითარებას სიმძაფრეს მატებს დაავადების ახალგაზრდა ასაკში განვითარება. ეს ის ასაკია, როდესაც ქალები დედები არიან, ხდებიან ან უნდა გახდნენ. ასაკი, როდესაც დედას – შვილი, შვილს კი დედა სჭირდება ყველაზე მეტად.

მთავარი დამნაშავე
– გენეტიკა ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებასა და სიჯანსაღეში დიდ როლს ასრულებს. ალცჰაიმერის დაავადებას ხშირად მიაწერენ გენეტიკურ განწყობას, თუმცა სინამდვილეში გენეტიკის როლი მის განვითარებაში ძალიან მცირეა. ორად ორი ფაქტორი, რომელთა როლზეც ეჭვის გარეშე შეგვიძლია ვისაუბროთ, არის ასაკი და შემთხვევითობა.
რაც შეეხება გაფნტულ სკლეროზს, აქ წამყვანი ავტოიმუნური ფაქტორია – მდგომარეობა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ვერ ცნობს საკუთარ უჯრედებს, ამ შემთხვევაში – მიელინისას, მათ წინააღმდეგ გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც აზიანებენ უჯრედს და მიელინი კარგავს იმპულსის გატარების ფუნქციას.

როდის მივმართოთ ექიმს
– მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ექიმთან დროულად მისვლა დაავადების კეთილსაიმედო პროგნოზის პირდაპირპროპორციულია. ალცჰაიმერის დროს დროული მიმართვა იშვიათია. დაავადების საწყის, უმნიშვნელო სიმპტომებს პაციენტები და ოჯახის წევრები ასაკობრივ გულმავიწყობას აბრალებენ და ექიმთან მისვლას საჭიროდ არ მიიჩნევენ, თუმცა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ახლობლის ვერ ცნობა, საკუთარი მისამართის დავიწყება, ვიზიტის აუცილებლობაზე მეტყველებს.
რაც შეეხება გაფანტულ სკლეროზს, სიმპტომების სიმძაფრის გამო მისი დიაგნოსტირება ექიმისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. მთავარია, დროულად მივიდეთ მასთან. როდესაც 25 წლის ქალი მხედველობას ან ქვედა კიდურების მგრძნობელობას კარგავს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. გაფანტულ სკლეროზზე ეჭვის მიტანისას ექიმმა დიაგნოზი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით უნდა დააადასტუროს ან უარყოს და არა კომპიუტერული ტომოგრაფიით, რომელმაც შესაძლოა შეცდომაში შეგვიყვანოს და დაზიანება არ გვაჩვენოს.

მკურნალობა
– ალცჰაიმერის განკურნების გზა არ არსებობს. ამ დროს მკურნალობაზე საუბარიც კი არასწორია. თუმცა არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ანელებს დაავადების პროგრესს და საბოლოო შედეგს გაადაავადებს.


მკურნალობის უფრო რთული ტაქტიკა აქვს გაფანტულ სკლეროზს. აქ გამოყოფენ ორ საფეხურს:
1. მსოფლიოს ყველა ქვეყნის ნევროლოგები თანხმდებიან, რომ შეტევის სტადიაში მკურნალობის ერთადერთი სწორი მეთოდია ჰორმონ პრედნიზოლონის დიდი დოზის გამოყენება.
2. უსიმპტომო პერიოდის გასახანგრძლივებლად და შეტევების გადასავადებლად, თანაც საკმაოდ დიდი ხნით – შესაძლოა, წლობითაც კი – იყენებენ იმუნიტეტის დამთრგუნველ სხვადასხვა ჯგუფის პერეპარატებს. ერთი შეხედვით, პრობლემა მოგვარებულია, თუმცა გამოუვალ მდგომარეობას ქმნის ამ მედიკამენტების ფასი. ექიმს ყოველთვის უჭირს პაციენტისთვის ასეთი ძვირად ღირებული წამლებიც შეთავაზება, მით უმეტეს, მათი გამოყენება წლების განმავლობაშია საჭირო. კარგი იქნება, თუ შემუშავდება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ისედაც გასაჭირსა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ქალებს და მათ ოჯახებს მედიკამენტებით უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, ეს მკურნალობა დაწყებით სტადიაშივე დაიწყო, მანამდე, სანამ უნარშეზღუდულობა განვითარდება, რადგან ამის შემდეგ მდგომარეობის უკუქცევა უკვე შეუძლებელია.

გამოსავალი
– დაავადება ყველა პაციენტთან სხვადასხვა სიმძიმით და ხასიათით მჟღავნდება. გაფანტული სკლეორზი მიეკუთვნება იმ დაავადებების კატეგორიას, რომელთა მკურნალობის პროგნოზი კეთილსაიმედოა. ვგულისხმობ შეტევების თავიდან აცილებას და იმ პერიოდის გახანგრძლივებას, როდესაც პაციენტი ფაქტობრივად ჯანმრთელია, ახერხებს შვილების მოვლას, მათთან თამაშს და ცხოვრების ნორმალურ რიტმში ყოფნას. წინასწარ შეუძლებელია იმის თქმა, ამა თუ იმ პაციენტთან ეს პერიოდი რამდენ ხანს გაგრძელდება – ეს შესაძლოა იყოს 20 წელიც, 30 წელიც, შესაძლოა, შეტევები საერთოდ აღარ განვითარდეს. მთავარია დროული და ადეკვატური მკურნალობა, რომელიც სასურველი შედეგის მიღებაში დაგვეხარება.
რაც შეეხება ალცჰაიმერს, აქ შედეგი ყოველთვის ერთია: მეხსიერების პროგრესული დაქვეითება. ეს დაავადება მთლიანად მოიცავს პაციენტს, მის მოგონებებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. მედიკამენტური დახმარებით ვცდილობთ გავახანგრძლივოთ ნათელი პერიოდები, ოჯახის წევრებს ვუხანგრძლივებთ ბედნიერ დღეებს, სანამ დაავადება მათ საყვარელ ადამიანს სამუდამოდ შთანთქავს.

თავიდან აცილება შესაძლებელია?
– პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც გაფანტულ სკლეროზს ან ალცჰაიმერის დაავადებას თავიდან აგვაცილებდა, არ არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ცხოვრების ჯანსაღ წესს: წონისა და წნევის კონტროლს, რაც თავის ტვინის სისხლძარღვოვანი და ათეროსკლეროზული დაზიანებისგან დაგვიცავს, ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ აქტიურობას, ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარის თქმა. მსოფლიო საზოგადოება ასევე დიდ ყურადღებას აქცევს გარემოს დაბინძურების ხარისხს, რომელიც თითქმის ყველა დაავადების ძირითადი რისკფაქტორია. თუმცა მეორე ძირითად რისკფაქტორს, დაბერებას, რომელიც ასე აშინებს ყველას, სამწუხაროდ, ვერსად გავექცევით და ვერც შევაჩერებთ.

სიახლეები
– მეცნიერთა ინტერესი აღნიშნული დაავადებების მიმართ საკმაოდ მაღალია. ისინი მუდმივად ატარებენ ცდებს, ეძებენ მათთან ბრძოლის ახალ გზებსა და საშუალებებს. ამის დასტურია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო იმუნოდეპრესანტები, რომელთა რაოდენობაც პროგრესულად იზრდება.
ბოლო მონაცემებით, მეცნიერები ცდილობენ მიაგნონ მეთოდს ალცჰაიმერის დაავადების ჯერ კიდევ იმ სტადიაზე ამოსაცნობად, როდესაც მისი სიმპტომები შეუმჩნეველი ან თითქმის შეუმჩნეველია. ეს საკმაოდ ძნელია, თუმცა მეცნიერება ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია.

დაბოლოს
– მინდა, გამოვეხმაურო მოარულ აზრს, თითქოს გაფანტული სკლეროზით დაავადებული ქალებისთვის ორსულობა და მშობიარობა არ შეიძლება. ეს მცდარი აზრია. ქალებო, თქვენ შეგიძლიათ შეიგრძნოთ ის ბედნიერება, რომელსაც დედაშვილობა ჰქვია. ამას ვერავინ წაგართმევთ, თვით ისეთი ვერაგი დაავადებაც კი, როგორიც გაფანტული სკლეროზია.

თამთა კაპანაძე

გააზიარე: