ვაშლოვნის ნაკრძალი

გააზიარე:

განვაგრძობთ რუბრიკას “დალაშქრე შენი ქვეყანა”. ამჯერად საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე ულამაზეს ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების სახელით არის ცნობილი.

 

ედემის ბაღი ქიზიყში

 

კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროში, მდებარე ვაშლოვნის დაცული ტერიტორიები ვაშლოვნის ნაკრძალს, ეროვნულ პარკსა და სამ ბუნების ძეგლს: არწივის ხეობას, ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებსა და კაკლისყურის ალაზნის ჭალის ტყეს, –  აერთიანებს. 35 ათას ჰექტარზე გადაჭიმული მიწა კახეთის ორ სასიცოცხლო არტერიას: მდინარე იორსა და მდინარე ალაზანს, –  შორის არის მოქცეული. ის მოიცავს იშვიათი საკმევლის ხის (Pistaca mutica) მასივს, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 300-600 მეტრამდე მერყეობს. სწორედ ვაშლის ხესთან მისი ბუნებრივი მსგავსებიდან მომდინარეობს სახელი “ვაშლოვანიც”.

ვაშლოვანში შვიდასამდე სახეობის მცენარე გვხვდება. მათ შორის აღსანიშნავია ორქიდეები (შვიდი სახეობა), ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა, იორდასალამი, ველური ვაზი და სხვა იშვიათი მცენარეები.

საკმაოდ მრავალფეროვანია ვაშლოვნის ფაუნაც. აქ 46 სახეობის ძუძუმწოვარი ბინადრობს. მრავლადაა ტურა, მელა, კურდღელი, მგელი, ფოცხვერი, ლელიანის კატა, გარეული ღორი, მაჩვზღარბა და ნახევარუდაბნოსთვის ასე იშვიათი დათვიც კი. ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიას მოგზაურებმა “ქართული სავანაც” კი უწოდეს, რადგან მისი ლანდშაფტი საოცრად ჰგავს აფრიკულს. ეს ეფექტი განსაკუთრებით მზის ჩასვლისას მძაფრდება. ვერაფრით დაიჯერებთ, რომ საქართველოში ხართ...

ვაშლოვანი ისტორიული ძეგლებითაც მდიდარია. მათ შორის გამოირჩევა V საუკუნის ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი –  ჩვენი წინაპრების საოცარი, დიდებული ქმნილება. შესაძლოა არ იცოდეთ, რომ ცნობილმა მხატვარმა მიხაი ზიჩმა რუსთაველის უკვდავი პოემის დასურათებისას მიუვალი და აუღებელი ქაჯეთის ციხის პროტოტიპად სწორედ ხორნაბუჯი გამოიყენა.

 

როგორ მოვხვდეთ ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიებზე

თუ ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების დალაშქვრას გადაწყვეტთ, ჯერ დედოფლისწყაროს უნდა ეწვიოთ, რადგან სწორედ იქ მდებარეობს ეროვნული პარკის ადმინისტრაციული კორპუსი და ვიზიტორთა ცენტრი. ადმინისტრაციულ კორპუსში არის საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზი, სადაც სტუმრები ეცნობიან დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, ტარიფებს, უსაფრთხოების წესებს და ირჩევენ სასურველ ტურისტულ მარშრუტს.

ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტების ქსელი როგორც ერთდღიანი, ისე მრავალდღიანი ლაშქრობის საშუალებას იძლევა. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. მათ გასწვრივ მოწყობილია ბუნგალოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. საგანგებოდაა გამოყოფილი ადგილები ცეცხლის დასანთებად.

ვაშლოვნის ეროვნული პარკის სტუმრობამდე საჭიროა ვიზიტორთა ცენტრში რეგისტრაციის გავლა, რისთვისაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაგჭირდებათ.

ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების ბილიკთა უმრავლესობა სამანქანო და საფეხმავლოსთან ინტეგრირებულია. კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ ამას და სალაშქროდ სათანადოდ მომზადებული წახვალთ.

 

არწივის ხეობა

ეს 7-8-კილომეტრიანი საშუალო სირთულის მარშრუტია. მისი დალაშქვრა ფეხითაც შეიძლება და ავტომობილითაც.

მარშრუტი არწივის ხეობის შესასვლელთან იწყება. იქიდან გზა კირქვიანი კლდეების გასწვრივ მიემართება და იმ კლდის ძირთან მიდის, სადაც, თუ ბედმა გაგიღიმათ, იშვიათ ენდემურ მცენარეს – კახეთის მაჩიტას ნახავთ. კირქვიან კლდეზე ყოველგვარი ნიადაგის გარეშე ამოსული თეთრი ყვავილი, რომელსაც სასიცოცხლოდ ასეთი მკაცრი გარემო აურჩევია, მართლაც განგაცვიფრებთ. კლდის ძირიდან ბილიკი ხეობის დასავლეთ კალთაზე არსებული გადასახედებისკენ უხვევს, საიდანაც ჰაერში მოლივლივე ორბებით დატკბებით. ხეობაში კიდევ ცხრა სახეობის მტაცებელი ფრინველის ნახვა შეიძლება, თუმცა სხვა, გამორჩეული სილამაზის ფრინველებსაც შეხვდებით, მათ შორის – კოლხურ ხოხობს და შავ ყარყატს.

ხორნაბუჯისკენ მიდის ტყის ვიწრო ბილიკი, რომელიც ზაფხულში ბუნებრივ გვირაბ-ხეივანს მოგაგონებთ. ერთ ადგილას “გვირაბი” მოულოდნელად ფართოვდება და თვალწინ ციცაბო კლდეს შეზრდილი ციხესიმაგრის ნანგრევები გადაგეშლებათ. თუ ავტომობილით ხართ, ამ ადგილას მისი გაჩერება და გზის ფეხით გაგრძელება მოგიწევთ. ციხესიმაგრიდან ხელისგულივით მოჩანს ალაზნის ველი და აღმოსავლეთი კავკასიონი. შეგიძლიათ, ციხესიმაგრის ძირას მოწყობილ საპიკნიკე მდელოზე ისადილოთ, მერე კი წმინდა ელიას მთისკენ გაეშუროთ. კირქვით ნაშენი წმინდა ელია თეზბიტელის ტაძარი, სავარაუდოდ, VI საუკუნეშია აშენებული, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში ის დაუნგრევიათ და მისი აღდგენა მხოლოდ 2008 წელს დასრულდა. ტაძრის აღმოსავლეთით ქოჩების ტბა და შირაქის ველი მოჩანს, ხოლო სამხრეთით ტარიბანას ველისა და კოწახურას ქედის ხედი იშლება.

 

პანტიშარა-დათვისხევი

ამ ბილიკის სიგრძე 120 კილომეტრია. ის საშუალო სირთულისაა და საფეხმავლოსთან ინტეგრირებული სამანქანო მარშრუტების რიცხვს განეკუთვნება.

ბილიკი დედოფლისწყაროდან იწყება და სამხრეთ-აღმოსავლეთით, ვაშლოვნის დაცვის სადგურისკენ მიდის. აქ თქვენ თვალწინ ერთბაშად გადაიშლება შირაქის ველის ერთფეროვანი რელიეფისგან მკვეთრად განსხვავებული, ველური სიცოცხლით სავსე ვაშლოვნის ქვაბულის ხედი, რომელიც ბუნებრივადაა შემკული რელიქტური მცენარეებით – საკმევლის ხეებითა და მარადმწვანე ღვიით. საპიკნიკე ადგილები აქაც არის, ასე რომ, შეგიძლიათ წაიხემსოთ კიდეც.

დაცვის სადგურიდან გზა პანტიშარას ხეობისკენ მიემართება. ის ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ორი ლანდშაფტის მიჯნას წარმოადგენს: მარჯვნივ მოჩანს ბალახით დაფარული ნაგომრების ქედი, ხოლო მარცხნივ, 50-70 მეტრით დაბლა – ციცაბო ფერდობებით გამოყოფილი, ტყიანი და ღრმა ხეობებით დასერილი ვაშლოვნის ნაკრძალი. ქედის თხემზე გამავალი ბილიკი თანდათან ქვემოთ ეშვება და პანტიშარას ვიწრო ხეობაში ჩადის, რომლის ორივე მხარეს მერცხლის ბუდეებით შემკული, ციხესიმაგრეების მსგავსი შვეული კლდეები აღმართულა. ალბათ ამიტომ უწოდებენ ამ ადგილს მერცხლების ქალაქს.

სამხრეთით ხეობა თანდათან ფართოვდება და მოლაშქრეთა თვალწინ ვრცელი პანორამა იშლება. ეს საუკეთესო ადგილია მტაცებელი ფრინველების დასათვალიერებლად. აქედან მარშრუტი ისევ ხეობაში ბრუნდება და დათვის ხევისკენ იღებს გეზს. სწორედ აქედან იღებს სათავეს საფეხმავლო ბილიკი, რომელიც ხევის სიღრმეში შედის. ფერდობებზე შეამჩნევთ გაქვავებულ ზღვის მოლუსკებს, რაც ოდესღაც ამ ადგილას ზღვის არსებობას მოწმობს. მარშრუტის მთავარი ღირსშესანიშნაობა სამხრეთული სპილოს გაქვავებული ძვლებია. აქვე ნახავთ დათვის, მგლის, გარეული ღორის, ფოცხვერის ნაკვალევს.

 

ტახტი-თეფასტალახის ვულკანი

ეს სამანქანო ბილიკი საშუალო სირთულისაა და მისი სიგრძე 110 კილომეტრს აღწევს.

დალის მთის მახლობლად მდებარე ბუნების ეს ძეგლი განსხვავდება ყველაფრისგან, რისი ნახვაც კი საქართველოშია შესაძლებელი. ამ ტალახოვანი ვულკანის მნახველს გეჩვენება, რომ სხვა პლანეტაზე მოხვდი.

ვულკანი მოთეთრო, ბრტყელთხემიანი ბორცვია, რომელიც გამუდმებით ფეთქავს და თუხთუხებს. კრატერებიდან განუწყვეტლივ ინთხევა და ჟონავს სამკურნალო თვისებების მქონე აირი, ნავთობი და ტალახი.

 

კაკლისყურეალაზნის ჭალა

ეს მარშრუტიც სამანქანოა და საშუალო სირთულისა. მისი სიგრძე 150 კილომეტრია. კაკლის ყურე მდინარე ალაზანში შეჭრილი ნახევარკუნძულის მსგავსი წარმონაქმნია. მისი ყელის სიგანე 30-40 მეტრს არ აღემატება, ხოლო ფართობი 204 ჰექტარზე მეტია. სადღეისოდ სრულყოფილად მხოლოდ ამ ყურეშია შემორჩენილი ალაზნის ხეობისთვის დამახასიათებელი ლეშამბოიანი ჭალის ტყეები. აქვეა კაკლის ბუნებრივი ვრცელი კორომები, სადაც გიგანტური იფნების, ჭალის მუხებისა და თელების ცალკეული ეგზემპლარებიც შეგხვდებათ.

ალაზნის ჭალიდან ბილიკი უკანა თხემს მიუყვება, სადაც აპრილში ველის იორდასალმებით მოფენილ ფერდობებს ნახავთ.

 

მიჯნისყურეშავიმთა

ეს მარშრუტი ყველაზე გრძელია – 220 კმ – და მის მოსავლელად მანქანით ორი დღე დაგჭირდებათ, თუმცა არის ისეთი ადგილებიც, რომლებსაც ავტომობილი არ უდგება. მათი დალაშქვრა ფეხით მოგიწევთ.

ბილიკი პანტიშარას ხეობიდან იწყება, ვაშლოვნის დაცვის სადგურს გაივლის და ჩიღოელთ ხევში ეშვება, რომლის ნათელი, ტყით დაფარული ფერდობები გაზაფხულობით სავსეა ულამაზესი კვირიონებით, ყაპყაპებითა და მოლაღურებით. აქედან გზა ნათლისწყლის ხეობაში გადადის. ხეობაში მუდმივადაა წყალი, თუმცა ზოგან ის მიწის ქვეშ მიედინება, ზოგან კი მიწის ზემოთ ამოდის და წვრილი ფრინველების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს.

აქ ღამის გათევა კარვებშიც შეიძლება და საგანგებოდ მოწყობილ ღამის სათევებშიც. მეორე დღეს გზას შავი მთისკენ გაუყვებით, იმედას ხეობას გაივლით და კოლხური ხოხბის საბინადროს – შავი მთის ტყეებთან მიხვალთ. აქვეა საპიკნიკე ადგილებიც. სურვილის შემთხვევაში საფეხმავლო ბილიკით შავი მთის მონასტრამდე მისვლაც შეიძლება.

ბილიკი პატარა ქედის თხემზე გადის, რომლის მარცხენა მხარეს ფართოფოთლოვანი ტყე მოჩანს, ხოლო მარჯვენა მხარეს – ალაზნის ველი და მინგეჩაურის წყალსაცავი. გზა ძველ მონასტერთან წყდება, სადაც IV-V საუკუნეების ტაძრის საძირკვლის მხოლოდ ნაშთიღაა შემორჩენილი. კარგ ამინდში, განსაკუთრებით – ზამთრობით, როდესაც ჰაერი უფრო კამკამაა, შესაძლოა კავკასიონის ქედიც დაინახოთ.

ამ ბილიკის დალაშქვრის დროს ალაზანზე სათევზაოდ შეჩერებაცაა შესაძლებელი. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ანკესითა და ბადით, სათევზაოდ საუკეთესო სეზონი კი გაზაფხული და შემოდგომაა. ალაზანში ოცამდე სახეობის თევზი ბინადრობს. მრავლადაა ლოქო, კობრი, ფარგა, შამაია, ღორჯო, წვერა, კავკასიური ქაშაყი.

 

ბუღამოედანიშავიმთა

ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მარშრუტია. მისი სიგრძე 200 კმ-ია. მარშრუტი დედოფლისწყაროში იწყება, ჩაუყვება პანტიშარის ხეობას, უმშვენიერესი ლანდშაფტებისა და კლდოვანი მასივის – ალესილების დათვალიერების შემდეგ კი სრულიად განსხვავებულ ეკოსისტემას მიადგებით. ეს ის ადგილია, სადაც ნახევარუდაბნოში კავკასიონის თოვლიანი მთების ხედით დატკბებით.

 

 

 

გააზიარე: