უცნობი თუშეთი – თუშეთი – წიგნი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

გააზიარე:

თუშეთი მაგნიტივით იზიდავს ტურისტებსა თუ მოლაშქრეებს. ჩვენ ერთხელ უკვე დავწერეთ ამ საოცარი კუთხის შესახებ. ამჯერად ეგზოტიკურ ტურისტულ მარშრუტს აღარ გავუყვებით – რუბრიკის სტუმარ მალხაზ სამხარაულთან ერთად უცნობ, შიგნიდან დანახულ თუშეთს გაგაცნობთ.

  • – ბატონო მალხაზ, როგორც ვიცი, თუშეთში არ ცხოვრობთ, მაგრამ მისი ხშირი სტუმარი ბრძანდებით. რატომ დაინტერესდით საქართველოს ამ კუთხით?

– თუშეთში პირველად ჩვიდმეტი წლის წინ მოვხვდი, ცამეტი წლისა. თუშეთობა იყო. ასეთი არჩევანი გვქონდა: ან ჯიპით უნდა წავსულიყავით, ან სატვირთო მანქანით. ვინც მიცნობდა და ჩემი ცნობისმოყვარეობის ამბავი იცოდა, სატვირთო მანქანით მგზავრობა მირჩია – სხვაგვარად გზის სილამაზეს ბოლომდე ვერ შეიგრძნობო. საბოლოოდ კომფორტის სურვილს მართლაც სძლია ცნობისმოყვარეობამ და “კამაზის” ძარაზე აღმოვჩნდი. არასოდეს დამავიწყდება მაშინდელი განცდა... თუშეთობაზე კიდევ ერთი რამ მოხდა – პრეზიდენტმა მესაზღვრე დააჯილდოვა, რომელსაც გამოქვაბულში (გზებზე ბევრია გამოქვაბულებით დაჭორფლილი კლდე) უძველესი თუშური ოჯახის მთელი ავლადიდება ეპოვა – საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო იარაღი... ამ ამბავმა იქ ხეტიალის სურვილი გამიათკეცა. მას შემდეგ წელი არ გავა, ერთხელ მაინც არ ვესტუმრო თუშეთს.

  • – მოგვიყევი იმ სოფლებზე, რომლებსაც ტურისტები იშვიათად სტუმრობენ, მაგრამ შენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

– ერთ სოფელზე გიამბობთ. ვესტმო ჰქვია. გომეწრის ხეობის სულ ბოლო სოფელია. ვესტმოში შარშან დამპატიჟეს. თუშებს წესად აქვთ – ორი-სამი ოჯახი ერთიანდება და ერთად მიაქვს ხატთან შესაწირავი. ჩემი მასპინძელი შულტა იყო – ჯვარის ყმა, რომელიც ხატობას რიტუალებს და მსხვერპლშეწირვას ასრულებს. ერთი სიტყვით, მეც მიმიპატიჟეს, თან გამაფრთხილეს, მანქანა იქამდე ვერ ავა, ოთხი საათი ფეხით მოგვიწევს სიარულიო. უგზობის გამო იქაურობა გაუკაცურდა, ერთი მწყემსიღა ცხოვრობსო. წარმოვიდგინე ნანგრევები და ამ ნანგრევებს შორის – მწყემსის პატარა ქოხი. წავიღე კარავი, რადგან დღეში რამდენი საათიცაა, იმდენჯერ იცვლება იქ ამინდი, და ათი დღის სამყოფი სანოვაგე. გავიარეთ მანქანით გომეწრის ულამაზესი ხეობა და მივადექით ილურთას. დაგვახვედრეს ცხენები, ავკიდეთ ბარგი, ავუყევით გზას მდინარის სათავისკენ და ოთხი საათის შემდეგ სოფელიც გამოჩნდა – ფერდობზე შეფენილი ჟანგისფერი, სიპი ქვით ნაშენი, ბანიანი სახლები. მზე ჩადიოდა და რაღაც მისტიკური სურათი გადაგვეშალა თვალწინ... ტელეფონი, რა თქმა უნდა, არ იჭერდა. არც დენი იყო. ცივილიზაციის ერთადერთი კვალი ცაზე თვითმფრინავის მიერ დატოვებული კვამლის ზოლი გახლდათ.

მწყემსი შინ არ დაგვხვდა. მის მოსვლამდე გავუშინაურდით სოფელს. მოძებნეს ოჯახებმა მამაპაპისეული სახლები, ვინ იცის, რამდენი ხნის დაკეტილი. ბოლოს აქ თხუთმეტი წლის წინ ვიყავიო, ჩემმა მასპინძელმა. ავაწყვეთ კიბე, რომ კოშკში ასულიყო და კარი გაეღო. ინტერესი მკლავდა, შიგნით რა დაგვხვდებოდა.

დავაბით ცხენები, შევზიდეთ ბარგი, ავანთეთ დატოვებული ძველი სანთლები, დავლიეთ ჩაი სანთლის შუქზე.

მეორე დღეს ის მოხუცი მწყემსიც გავიცანით. ქისტები ედგნენ დამხმარეებად. ვნახეთ ცხვრის სადგომიც. პირველად მაშინ მივხვდი, რა ძნელია მწყემსობა. რა არ მინახავს, რა გამძლეობის კურსი არ გამივლია, მაგრამ ასეთი არაფერი.

დავიწყეთ დღეობისთვის მზადება. ხეობიდან შეშა ამოვზიდეთ, სარდაფებში ქვაბები ვიპოვეთ.

მეოთხე დღეს, დილაადრიან, წავიყვანეთ კაცებმა საკლავი ხატში. ქალები სუფრის სამზადისს შეუდგნენ... მოკლედ, ჩაიარა იმ დღემ. დავწექით გვიან. დილით ქალების ფუსფუსმა გამაღვიძა. გავიხედე და რას ვხედავ – ვაკე ადგილას უზარმაზარ სუფრას შლიან, სამოცი კაცი მაინც დაეტევა. ჩავედი, მოგეხმარებით-მეთქი, თან მიზეზი ვკითხე. სტუმრებისაა მეორე დღეო, მიპასუხეს. გამიკვირდა, გამეცინა, აქ ვინ ამოვა-მეთქი, მაგრამ თუშებმა – წესიაო, შემომიბღვირეს. იქნებ მოვიდეს ვინმე და ხომ არ შევრცხვებითო.

დავსხედით და შევუდექით ქეიფს. ასე, ერთ საათში – მგონი, გამოჩნდნენო, თქვა თამადამ. გავიხედე ხეობისკენ და გავშრი – ნისლებივით ამოდიოდნენ ხეობებიდან დროშიანი ცხენოსნები.

მართლაც, მხოლოდ ბუნება არ არის სამშობლო. სამშობლო ადამიანებია. ერთმანეთის პატივისცემა, დაფასება, სიყვარული. ვიფიქრე, რომ ვიღაც ძალიან ჭკვიანმა დააწესა დღესასწაული სხვადასხვა სოფელში სხვადასხვა დღეს, რათა ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა შესძლებოდათ.

ძალიან მომეწონა ხატობის ამ ფორმით აღნიშვნის წესი. ამ დროს იგრძნობა სიცოცხლე, იღვიძებს მიძინებული სოფლები... მოვიდნენ, დროშა მოაბრძანეს, დაიწყო ერთმანეთის მიკითხვ-მოკითხვა, გაგრძელდა ქეიფი. შუადღისას ტრადიციული დოღი გაიმართა. მოსაღამოებულზე ქისტი მწყემსებიც გვესტუმრნენ, შებინდებისას კი ისევ გაუჩინარდნენ.

თუშეთში ბევრი ლამაზი სოფელია, ბევრგან კოშკებიც აღადგინეს, გზებიც შეაკეთეს, კომუნიკაციებიც არის, მაგრამ ვესტმო – სოფელი, რომელსაც იქაურების გარდა არავინ იცნობს – სხვანაირად შემიყვარდა. იქ ყოფნისას შევაკეთეთ რამდენიმე სახურავი, რომლებიც თოვლის სიმძიმეს გაეფუჭებინა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მიწერ გაწეული შრომა რამდენიმე წლის სიცოცხლეს შემატებს ამ სახლებს. რამდენიმე ბილიკიც აღვადგინეთ სიპებით.

წამოსვლისას უკან მივიხედე – მწყემსი თავის ეზოში იდგა და დიდხანს გამოგვყურებდა... სოფელი ისევ დაცარიელდა. “მხოლოდ მდინარის ხმა ისმის,` ხევში მიჰქანავს ხველითა` და უფსკრულს დასცქერს პირიმზე, მოღერებულის ყელითა...”

  • – სხვა ადგილებზეც მოგვიყევი, იმ თუშეთზე, რომელსაც ნაკლებად ვიცნობთ და რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა შენზე.

– ენით აუწერელი სილამაზის ადგილია ტბათანა. პანკისის ხეობაშია, ბაწარის ნაკრძალის სათავესთან. იქიდან ფშავსა და ხევსურეთშიც შეიძლება გადასვლა და თუშეთშიც. XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, აქ წოვა თუშები ცხოვრობდნენ. საერთოდ, ტბათანას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. მის გამო საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს ედავებოდნენ ფშავლები და თუშები. საბოლოოდ დავა თუშების სასარგებლოდ გადაწყდა.

დამამახსოვრდა, რომ სოფლიდან საქისტოს მთის ძირამდე ფეხშიშველი მიხვალ – ისეთი ბალახია, ერთი ეკალი, ერთი კენჭი არ შეგერჭობა.

საოცარი ადგილებია ხარაჯოს თავი, დიდგვერდის მთა. აქ, ზღვის დონიდან 2800-3000 მეტრზე, საკმაოდ მოზრდილი ტბებია. უძიროს ეძახიან ქისტები. ეს ადგილები ძალიან ცოტამ იცის. დიდგვერდის მთაზე შარშანწინ ავიყვანე სტუმრები. იქ ქისტი მწყემსი დაგვხვდა. რომ დაგვინახა, გაუკვირდა და გაუხარდა. მთელი დღე ჩვენთან ერთად გაატარა. ოთხი თვე სულ მარტოს მიწევს ყოფნაო. საათ-ნახევრის გზას გავდივარ, რომ ცოლ-შვილს ტელეფონით შევეხმიანოო. კარგი ბიჭი გამოდგა. ახლაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. მეორე დილით, წამოსასვლელად რომ მოვემზადეთ, გვეხვეწა, საღამომდე დარჩით, ცხვარს დაგიკლავთო, მაგრამ გული დავწყვიტეთ...

სიტყვამ მოიტანა და საოცრებაა ჩობან ყაურმა – მეცხვარეების ტრადიციული კერძი: ამოთხრიან ორმოს, ჩადებენ შიგ ტყავში გახვეულ ხორცს, დააყრიან ცოტა მიწას და ზედ ცეცხლს ანთებენ. ხორცი მიწაში თავისივე ორთქლში იშუშება. თუ არ გაგისინჯავთ, აუცილებლად უნდა გასინჯოთ! უგემრიელესია მთის ქონდრით შენელებული ხინკალიც.

  • – რა არ მოგწონს იქაურებსა და იქაურობაში?

– ნაგვის დისციპლინა. თუმცა ეს მხოლოდ თუშების კი არა, მთელი ქართველობის მძიმედ გასაკურნებელი სენია. ყველამ იცის, რომ უცხოელი, ჩამოსული ტურისტი უფრთხილდება გარემოს და ჩვენ – არა. ამაზე მწყდება გული ყველაზე მეტად.

  • – წლის რომელი დროა საუკეთესო თუშეთში სტუმრობისათვის?

– თუშეთში ასვლა მხოლოდ გვიან გაზაფხულიდან ადრე შემოდგომამდეა შესაძლებელი, დანარჩენი დრო უღელტეხილს თოვლი კეტავს.

  • – სად წასვლას და რის ნახვას ურჩევდი თუშეთით დაინტერესებულ ახალბედა მოლაშქრეებს?

– თუშეთში ყველა ახალბედას გამყოლი მიჰყვება. ახალბედა მოლაშქრეები თუშეთის მონახულებას, როგორც წესი, გომეწრის ხეობითა და პირიქითა თუშეთით იწყებენ. ეს ორი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. გომეწარი უფრო ტყიანია, პირიქითა თუშეთში უფრო გაშლილი სივრცეა. ლამაზი სოფლებია დართლო, დიკლო, შენაქო, გირევი, ფარსმა, დანო, დოჭუ... ბევრი ისეთი ტბაცაა, რომლებიც ჯერ მეც არ მინახავს, არც გამიგონია, ასულიყოს იქ ვინმე, მხოლოდ რუკაზე ვუყურებ და ველოდები დროს, როცა იქ ასვლის საშუალება მომეცემა.

თუშეთზე საუბრისას მუდამ გოდერძი ჩოხელის ნათქვამი მახსენდება, ხეობები გადაშლილ წიგნს ჰგავსო. “ვეფხისტყაოსანში” ხომ, რამდენჯერაც უნდა წაიკითხო, ყოველთვის აღმოაჩენ რაღაც ახალს – ასეა თუშეთიც: ღრმა და ნისლიანი ხეობები, სოფლები, ციხე-სოფლები, თუში მწყემსები, მათი მოყოლილი ძველი ამბები; ლეკებსა და ქისტებთან გადახდილი და ძმობაში გადასული მტრობა. მოკლედ, თუშეთი არის ძალიან საინტერესო, ღრმა და ულამაზესი წიგნი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს.

ნინო ბაზერაშვილი

გააზიარე: