გასეირნება ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში

გააზიარე:

თუ ჩვენი ერთგული მკითხველი ბრძანდებით, არ გამოგეპარებოდათ, რომ წინა ნომერში ახალი რუბრიკა – “დალაშქრე შენი ქვეყანა” – წამოვიწყეთ. ამ რუბრიკის მიზანი მხოლოდ ლაშქრობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა კი არა, საქართველოს უცნობი თუ ნაცნობი ადგილების უკეთ გაცნობა-შესწავლაც გახლავთ.

მოდი, მოგზაურობა დაცული ტერიტორიებიდან დავიწყოთ.

 

საერთაშორისო სტანდარტების პირველი ეროვნული პარკი კავკასიაში

ეს ხმამაღალი სახელწოდება სხვას არაფერს აღნიშნავს, თუ არა ყველა ქართველისთვის ნაცნობ და საყვარელ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს.

მართალია, საქართველოში ყველა ნაკრძალი თავისებურად უნიკალურია, მაგრამ სტანდარტებისადმი შესაბამისობით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ვერც ერთი ვერ შეედრება. ის 1995 წელს შეიქმნა, ოფიციალურად კი 2001 წელს გაიხსნა. ფართობის მიხედვით ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკია, რომელიც საქართველოს რამდენიმე ისტორიული კუთხის განაპირა მხარეებს აერთიანებს. პარკი თორის, იმერეთისა და სამცხის ტერიტორიებზე მდებარეობს. აქ შეხვდებით მუქწიწვოვან, შერეულ და ფართოფოთლოვან ტყეებს. სიმაღლის ცვლილებასთან ერთად ერთი სახეობის ტყე მეორით იცვლება.

2007 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის – “PAN პარკის” წევრი გახდა, რაც საერთაშორისო სტანდარტებისადმი მის შესაბამისობაზე მეტყველებს. ნაკრძალის საერთო ფართობი დაახლოებით 61 235 ჰექტარია და საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურითაც გამოირჩევა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ნამდვილი სამოთხეა ლაშქრობისა და ეკოტურიზმის მოყვარულთათვის. სხვადასხვა სირთულისა და სიგრძის ბილიკებით შეგიძლიათ ხანგრძლივი და საინტერესო მოგზაურობა მოიწყოთ. პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია ისეთი იშვიათი ენდემური სახეობის მცენარეები, რომლებიც საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი: წაბლი, კოლხური მუხა, უთხოვარი, სტევენისა და ვინოგრადოვის ზამბახი... მრავალფეროვანია პარკის ფაუნაც. აქ ბინადრობენ მგელი, ფოცხვერი და დათვი, ჩლიქოსნებიდან კი პარკის ტერიტორიაზე ყველაზე ხშირად შველსა და გარეულ ღორს ნახავთ.

ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებასთან ერთად, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ მისი შემოგარენი მდიდარია ისტორიული ძეგლებით: ტიმოთესუბნის გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც მეცამეტე საუკუნეში აიგო, ნეძვისა და ნუნისის ეკლესიები, რომლებიც უფრო ადრინდელია, გოგიას ციხე...

ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ისეთ უძველეს არქეოლოგიურ ძეგლებსაც ნახავთ, როგორებიცაა ბრინჯაოს ხანის ციკლოპური ნამოსახლარი სოფელ ბოგასთან, ბრინჯაოს ხანის სამარხები და სხვა.

 

როგორ მოვხვდეთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში

თუ შესავალმა მოგხიბლათ და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დალაშქვრა გადაგაწყვეტინათ, სანამ ზურგჩანთას მოიკიდებდეთ, პარკის ვიზიტორთა ცენტრს მიაკითხეთ და დარეგისტრირდით. ეს თქვენი უსაფრთხოების გარანტიაც იქნება (რადგან პარკის ადმინისტრაციას ეცოდინება, რომ ნაკრძალში მოლაშქრეთა ჯგუფი იმყოფება) და იმის საშუალებასაც მოგცემთ, უფასოდ დაათვალიეროთ საგამოფენო დარბაზი, ისარგებლოთ ვიზიტორთა ცენტრის სპეციალისტის მომსახურებით და თუ ლაშქრობისთვის აუცილებელი აღჭურვილობა არ გაქვთ, იქვე იქირაოთ საჭირო ნივთები.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ორი ცენტრია – ერთი ბორჯომში, მეორე კი ხარაგაულში. ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი მესხეთის ქუჩის 23 ნომერში მდებარეობს, ხარაგაულისა – სოლომონ მეფის 17-ში. თუმცა დაცულ ტერიტორიაზე მოხვედრა სხვა შესასვლელებიდანაც შეიძლება, მათ შორის:

•              ლიკანით – ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 5 კმ;

•              ქვაბისხევით – ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 15 კმ;

•              აწყურით – ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 27კმ;

•              ზანავით – ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 6 კმ;

• აბასთუმნით – ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 80 კმ;

•              მარელისით – ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 17 კმ;

•              ნუნისით – ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 27კმ.

გაითვალისწინეთ, რომ ამ შესასვლელებთან განლაგებული რეინჯერთა საგუშაგოები მხოლოდ ვიზიტორთა შესვლასა და გამოსვლას აკონტროლებს. იქ რეგისტრაციის გავლას და საჭირო ტურისტული აღჭურვილობის დაქირავებას ვერ შეძლებთ.

 

აირჩიეთ სასურველი მარშრუტი

სალაშქროდ წასვლამდე თქვენთვის მისაღები სირთულისა და ხანგრძლივობის მარშრუტი უნდა შეარჩიოთ, რომელიც, ამასთან, თქვენ ინტერესებსაც უპასუხებს. იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევები ამაში დაგეხმარებათ.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ყველაზე ცნობილი ბილიკებია:

•              ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი;

•              წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი;

•              პანორამების ბილიკი;

•              ხელუხლებელი ტყის ბილიკი;

•              ზეკარის უღელტეხილის ბილიკი;

•              ნაკვალევის ბილიკი;

•              მეღრუკის ხეობა;

•              მწყემსების ბილიკი;

•              თოვლის ფეხსაცმლის 2 ბილიკი;

•              ლიკანის ხეობის ბილიკი.

რამდენიმე მათგანის შესახებ უფრო ვრცლად მოგითხრობთ.

ნიკოლოზ რომანოვის ბილიკის სიგრძე 43 კილომეტრია. ამ მარშრუტის დასალაშქრავად, სავარაუდოდ, სამი დღე დაგჭირდებათ. ბილიკი საშუალო სირთულისაა. მარშრუტის მთავარი ღირსშესანიშნაობებია წიწვოვანი და შერეული ტყე, ლომის მთა, ლომის მთის წმინდა გიორგის ეკლესია, გადასახედი კავკასიონის ხედით, კოლხური სუბტროპიკული ტყე.

ბილიკი მდინარე ლიკანის ხეობაში, ლიკანის მცველთა საგუშაგოდან (930 მეტრი ზღვის დონიდან) იწყება. პირველი ღამის თევა ლომის მთის ტურისტულ თავშესაფარშია შესაძლებელი. მეორე დღის სალაშქრო მარშრუტი ლომის მთის მწვერვალისკენ (2198 მეტრი ზღვის დონიდან) მიემართება. იქ ასვლას საშუალოდ საათ-ნახევარი სჭირდება. ლომის მთის მწვერვალიდან კარგ ამინდში შესაძლებელია დიდი კავკასიონის ქედისა და ევროპის უმაღლესი მწვერვალის – იალბუზის დანახვა.

სწორედ ლომის მთის წვერზე მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია. ბილიკს ხედებთან ერთად განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს აყვავებული დეკა მაისში და როდოდენდრონი ივნისში.

ლომის მთიდან ბილიკი სუბალპურ მდელოებს მიუყვება და კოლხური სუბტროპიკული ტყის სარტყელში, სახვლარის ტურისტულ თავშესაფართან (1025 მეტრი ზღვის დონიდან) ეშვება.

ლაშქრობა მესამე დღეს მარელისის მცველთა საგუშაგოსთან მთავრდება.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკის სიგრძე 54 კილომეტრია. მის დასალაშქრავად ოთხი დღე დაგჭირდებათ. თუ ახალბედა მოლაშქრე ხართ, ამ ბილიკს ნუ შეეჭიდებით, რადგან ის რთულ მარშრუტთა კატეგორიას მიეკუთვნება.

ბილიკის მთავარი ღირსშესანიშნაობებია ნიამორების ვოლიერი, შერეული ტყეები, ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალი – სამეცხვარიო, მთა რკინის ჯვარი, კოლხური სუბტროპიკული ტყე. ბილიკი აწყურის მცველთა საგუშაგოსთან (1000 მეტრი ზღვის დონიდან) იწყება და ამარათის ტურისტთა, სამეცხვარიოს მცველთა და სახვლარის ტურისტთა თავშესაფრების გავლით მარელისის მცველთა თავშესაფართან სრულდება.

ამ გზაზე ერთმანეთს ენაცვლება წიწვოვანი ტყეები, ალპური და სუბალპური მდელოები და კოლხური ფართოფოთლოვანი ტყეები. მარშრუტის პირველი მონაკვეთი მდინარის ხეობას მიუყვება და ვიწრო ბილიკით ადის ფერდობებზე, სადაც პირველი პანორამული ხედები გელით, მერე კი ამავე ფერდობებზე გამავალი გზიდან მცირე კავკასიონის ხედით დატკბებით.

სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფრიდან, ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალიდან, ბილიკი დაბლა ეშვება. 19 კმ-ის შემდეგ რკინის ჯვრის მთას ჩაუვლით, სადაც, ლეგენდის თანახმად, ანდრია პირველწოდებულმა პირველ საუკუნეში რკინის ჯვარი აღმართა.

პანორამების ბილიკის სიგრძე 34 კილომეტრია. გამოცდილი მოლაშქრე ამ მანძილს ორ დღეში დაფარავს, ახალბედებს კი ვურჩევთ, პანორამების ბილიკს არ შეეჭიდონ – საკმაოდ რთული დაბრკოლებების გადალახვა მოუწევთ. ამ მარშრუტის მთავარი ღირსშესანიშნაობებია ნიამორების ვოლიერი, ეროვნული პარკის შერეული ტყეები, მცირე კავკასიონის პანორამული ხედები და მთა ამარათია.

ბილიკი წრიულია და იწყება და მთავრდება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან, რომელიც ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან 27 კმ-ით არის დაშორებული.

მარშრუტის პირველი ღირსშესანიშნაობა ნიამორის ვოლიერია. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ნიამორის რეინტროდუქციის პროექტი 2006 წლიდან მიმდინარეობს. მისი მიზანი ველურ გარემოში უკვე გადაშენებული ცხოველის ხელახალი გამრავლება და ისევ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაშვებაა. ნიამორის ვოლიერიდან 20 წუთის სავალზე გზა მთის ფერდობზე ადის, საიდანაც თვალწინ ულამაზესი ხედები გადაგეშლებათ. პანორამების ბილიკზე წააწყდებით ირმის, დათვის, მგლის ნაკვალევს, შეხვდებით მწყემსების საზაფხულო ქოხებს, სადაც შეგიძლიათ მწყემსური ცხოვრების წესსაც ეზიაროთ.

გამოცდილი მოლაშქრეებისთვის ერთ-ერთი მისაღები მარშრუტი ხელუხლებელი ტყის ცამეტკილომეტრიანი ბილიკია. ბილიკის მთავარი ღირსებაა ეროვნული პარკის ხელუხლებელი წიწვოვანი, ფოთლოვანი, შერეული და კოლხური სუბტროპიკული ტყეები. მარშრუტი ზანავის მცველთა საგუშაგოდან (950 მეტრი ზღვის დონიდან) იწყება და ნუნისის მცველთა საგუშაგოსთან (870 მეტრი ზღვის დონიდან) მთავრდება. მისი კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა IX საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერი, რომელიც ნუნისის რეინჯერთა საგუშაგოსთან მდებარეობს.

ზეკარის უღელტეხილის ბილიკის სიგრძე 31 კილომეტრია. ამ გზაზე მდებარეობს კურორტი აბასთუმანი, ზეკარის უღელტეხილის ულამაზესი ხედები და კოლხეთის სუბტროპიკული ტყე.

მარშრუტი აბასთუმანში (1390 მეტრი ზღვის დონიდან), საგუშაგო პოსტთან, საავტომობილო გზით იწყება, აბასთუმნის ხეობიდან მდინარე ოცხეს ხეობისკენ უხვევს, მერე კი კილომეტრნახევრიანი ბილიკით, იმერეთისა და აჭარის ქედების გავლით, ნასაბაჯვარში მეცხვარეების საზაფხულო სახლებს უახლოვდება. მარშრუტი წრიულია და აბასთუმანშივე, საგუშაგო პოსტთან, მთავრდება.

ნაკვალევის ბილიკი ცამეტკილომეტრიანია და იდეალურია ახალბედა მოლაშქრეებისთვის. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობებია პანორამული ხედები, ხედი ქვაბისხევის კანიონზე და წმინდა მარიამის ეკლესია ქვაბისხევში.

მოგზაურობა მდინარე ლიკანის ხეობიდან იწყება. გზად მოლაშქრეები ნახავენ საქართველოს წითელ წიგნში შეტანილ უიშვიათესი ჯიშის რვა-ათსაუკუნოვან ხეებს, დატკბებიან ქვაბისხევის ხეობის ხედებით, რომლებიც ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა და წელიწადის ნებისმიერ დროს თვალწარმტაცი. ბილიკის ბოლოს საკემპინგე და საპიკნიკე ადგილებია. ბილიკი დასახლებული პუნქტიდან მხოლოდ 1 კმ-ით არის დაშორებული, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, აქვე შეიძინოთ სასურველი ნატურალური პროდუქტები.

მეღრუკის ხეობაზე ერთ-ერთი ყველაზე მოკლე მარშრუტი გადის. ამ ბილიკის სიგრძე მხოლოდ ხუთკილომეტრ-ნახევარია. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა მდინარე მეღრუკის კანიონი, რომელიც კოლხური სუბტროპიკული ტიპის ტყეებით არის დაფარული. მეღრუკის ხეობის დალაშქვრა განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულში – ადგილობრივი მიკროკლიმატი საშუალებას მოგცემთ, ზაფხულის ცხელ დღეებში სიგრილით ისიამოვნოთ.

ლიკანის ხეობის ბილიკის სიგრძე 7 კილომეტრია. მარშრუტი ლიკანის მცველთა საგუშაგოდან (900 მეტრი ზღვის დონიდან) იწყება და ლიკანის დასახლებაში მთავრდება. ბილიკი 2 კმ-ის მანძილზე მდინარე ლიკანის ხეობას მიუყვება, მერე კი ჩითახევის ქედზე ადის. მარშრუტის გასავლელად 4 საათია საჭირო. ის გამოირჩევა ხელუხლებელი ბუნებითა და ლამაზი ხედებით, რომლებიც თრიალეთის ქედისკენ იშლება. ბილიკის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 1 446 მეტრზე მდებარეობს.

ლიკანის ხეობის ბილიკი შესანიშნავი გამოსავალია მათთვის, ვისაც დროის უქონლობის გამო სურს, მოკლე ხანში დაათვალიეროს ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება და დატკბეს უმშვენიერესი ხედებით.

 

ამჯერად სულ ეს იყო. ჟურნალის მომდევნო ნომერში კიდევ მრავალ საინტერესო ადგილზე გიამბობთ, მანამდე კი იმ წესებს შეგახსენებთ, რომლებიც ლაშქრობის დროს უნდა დაიცვათ:

 

* ლაშქრობაში წასვლამდე აუცილებლად დაგეგმეთ და დროში გაწერეთ მთელი მარშრუტი.

* წასვლის წინ რამდენიმე ადამიანს უთხარით, სად და როგორ მიდიხართ. აცნობეთ ჩამოსვლის დროც.

* დააზუსტეთ მოლაშქრეთა რაოდენობა.

* დაბანაკებამდე გულისყურით შეამოწმეთ გარემო.

* გაითვალისწინეთ: საპირფარეშო იმ მხარეს უნდა იყოს, საითაც ქარი უბერავს, თორემ უსიამოვნო სუნი მოსვენებას არ მოგცემთ.

* არავითარ შემთხვევაში არ დადგათ კარვები წრიულად და შუაში ცეცხლი არ დაანთოთ.

* კოცონსა და კარავს შორის სასურველი დისტანცია 3-4 მეტრია.

* საჭმელი სუფთა და მშრალ ადგილას (მაგალითად, კარავში) შეინახეთ.

* საპირფარეშოში ან უბრალოდ გარემოს დასათვალიერებლად გასვლისას გააფრთხილეთ ჯგუფის მეთაური.

* ყურადღებით მოეკიდეთ ისეთ ნივთებს, რომლებიც შეიძლება მალე აალდეს ან აალება გამოიწვიოს.

* არ დატოვოთ ნაგავი.

* საკუთართან ერთად, თუ მოახერხებთ, სხვისი დაყრილი ნაგავიც წამოიღეთ.

* ნუ ატარებთ დანას გაშლილს.

* ნუ დაიჭერთ საბჯენ ჯოხს წვეტიანი ბოლოთი თქვენკენ.

* გაუფრთხილდით ბუნებას.

* პატივი ეცით თანამოლაშქრეებს. თუ რომელიმე მათგანი სწრაფად ვერ დადის, არ ეჩხუბოთ – ეს უფრო შეანელებს.

* ეცადეთ, დასახულ გეგმას არ გადაუხვიოთ.

სასიამოვნო ლაშქრობას გისურვებთ

 

 

 

გააზიარე: