ხერხემლის პრობლემები

გააზიარე:

სიმრუდეები

სტენოზი

დისკოს თიაქარი

როცა ხერხემალი “ბერდება”

 

სიმრუდეები

ხერხემალი სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის დაზიანებისგან იცავს ზურგის ტვინს, უზრუნველყოფს დგომასა და მოძრაობას. ხერხემალი მალებისა და მალათაშორისი დისკოებისგან შედგება. პირობითად მას ხუთ ნაწილად ყოფენ: კისრის შვიდმალიან, გულმკერდის თორმეტმალიან, წელის ხუთმალიან, გავისა და კუდუსუნის ნაწილებად. ხერხემლის სტრუქტურის შეცვლას, მალებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანებას ბევრი რამ იწვევს, მათ შორის:

* ინფექციები;

* ტრავმები;

* სიმსივნეები;

* მაანკილოზებელი სპონდილიტი;

* სკოლიოზი;

* ასაკთან დაკავშირებული პრობლემები: ხერხემლის სტენოზი და დისკოს თიაქარი.

დაზიანებული, დეფორმირებული ხერხემლის ძვლოვანი ელემენტები შესაძლოა ზურგის ტვინს ან მისგან გამომავალ ნერვებს მიაწვეს. ეს ნერვები მგრძნობიარე და მომოძრავებელი ტოტებისგან შედგება, ამიტომ მათი მიჭყლეტისას თავს იჩენს ტკივილი, ზოგჯერ კი მოძრაობაც იზღუდება.

სიმრუდეები

ხერხემალი ლარივით სწორი როდია – მას ბუნებრივი სიმრუდეები აქვს, რომლებიც სხეულის წონასწორობის დაცვასა და მოძრაობაში ეხმარება. ასეთი სიმრუდე ოთხია. სხეულისკენ შედრეკილ სიმრუდეებს ლორდოზებს უწოდებენ, გარეთ გამოდრეკილებს – კიფოზებს. ამრიგად, ხერხემალს ბუნებრივად აქვს ორი ლორდოზი: კისრისა და წელისა, – და ორი კიფოზი: გულმკერდისა და გავისა.

ზოგჯერ ეს ნადრეკები ნორმალურზე მკვეთრია. პათოლოგიურ ნადრეკებსაც ლორდოზსა და კიფოზს უწოდებენ.

ლორდოზი

ლორდოზის დროს ხერხემლის წელის ნადრეკი მუცლისკენ უფრო ღრმად არის შეწეული. ეს პათოლოგია შედარებით ხშირად აქვთ ბავშვებს. ასაკთან ერთად ხერხემლის სიმრუდე უმეტესად უბრუნდება ნორმას. ასეთ ლორდოზს არასრულწოვანთა კეთილთვისებიან ლორდოზსაც უწოდებენ.

არსებობს სპონდილოლისტეზი – მდგომარეობა, როდესაც ხერხემალი

დასრიალებულია წინ, რომელიმე მალა დაძრულია, გადაცურებულია თავისი ბუნებრივი ადგილიდან, მის ზემოთ და ქვემოთ მდებარე დანარჩენი მალები კი ერთმანეთის მიმართ ჩვეულებრივ პოზიციას ინარჩუნებს. ზოგს სპონდილოლისტეზი დაბადებიდანვე დაჰყვება, ზოგს კი ტრავმის ან სპორტული აქტივობის შედეგად ემართება.

შედარებით იშვიათია აქონდროპლაზია – ზრდის თანდაყოლილი დარღვევა, რომლის დროსაც ტორსი, კისერი და თავი ნორმალურად იზრდება, კიდურები კი ჩამორჩება. ეს დაავადება ჯუჯობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

ლორდოზს ასევე იწვევს კუნთოვანი დისტროფია, სხვადასხვა გენეტიკური დარღვევა და ა.შ.

თუ გეჩვენებათ, რომ თქვენს შვილს წელის ნადრეკი მეტისმეტად მკვეთრი აქვს, სამედიცინო პრობლემის გამოსარიცხავად უმჯობესია ექიმს მიმართოთ. ის ბავშვს გასინჯავს, შესთავაზებს დახრას, გვერდზე გადახრას, მწოლიარეს დაუთვალიერებს ხერხემალს. თუ ლორდოზი მოძრავია, დრეკადია ანუ დახრისას სწორდება, ის პრობლემად არ მიიჩნევა და მკურნალობას არ მოითხოვს. თუ არ სწორდება, შესაძლოა, ექიმმა რენტგენოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია, ლაბორატორიული გამოკვლევები და სამკურნალო ვარჯიშები დანიშნოს.

კუზი

მეტისმეტად მკვეთრი გულმკერდის კიფოზი კუზს ქმნის. ის შესაძლოა ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. ძალიან იშვიათია თანდაყოლილი კიფოზი.

მოზარდებთან უმეტესად შერმანის კიფოზი გვხვდება. შერმანის კიფოზი მალის ისეთი დაზიანებაა, როდესაც ფერხდება ხრტილის კიდეების ზრდა. ის, სავარაუდოდ, ხრტილზე მუდმივი ზეწოლის, მისი მუდმივი დაჭიმულობის გამო უვითარდებათ სუსტი გენეტიკური ფონის მქონე ბავშვებს. შერმანის კიფოზი ზოგჯერ კლინიკურადაც გამოვლინდება, ზოგჯერ კი მხოლოდ რენტგენოლოგიურად. რაც უფრო ადრე დაიწყება, მით უფრო შედეგიანი იქნება მკურნალობა.

ზრდასრულებთან კი კიფოზი შესაძლოა გამოიწვიოს ხერხემლის დეგენერაციულმა დაავადებამ (ართრიტმა, დისკოს დეგენერაციამ), ოსტეპოროზის შედეგად განვითარებულმა მოტეხილობამ, ტრავმამ, სპონდილოლისტეზმა, ენდოკრინულმა დაავადებამ, შემაერთებელი ქსოვილის პათოლოგიამ, ინფექციამ (ტუბერკულოზმა), კუნთოვანმა დისტროფიამ, ნეიროფიბრომატოზმა, პეჯეტის დაავადებამ, სკოლიოზმა, სპინა ბიფიდამ (ხერხემლის არხის განვითარების ანომალიამ – მისმა არასრულმა დახურვამ), სიმსივნემ.

კიფოზის დროს ადამიანი უჩივის დაღლილობას, ზურგის სუსტ ტკივილს, ზოგი ადგილი დაჭიმული აქვს, ზოგი კი მოდუნებული. მკვეთრი კუზის დროს ჭირს სუნთქვა.

კიფოზის დიაგნოსტიკის დროს ექიმი სინჯავს პაციენტს, უმოწმებს ნევროლოგიურ სიმპტომებს (სისუსტე, დამბლა, მგრძნობელობის ცვლილება), საჭიროებისამებრ, უტარებს რადიოლოგიურ და ლაბორატორიულ კვლევას.

თანდაყოლილი კიფოზი ადრეულ ასაკშივე ქირურგიულ მკურნალობას მოითხოვს. შერმანის დაავადებას კორსეტებითა და ფიზიკური თერაპიით მკურნალობენ. თუ კუზის კუთხე 60 გრადუსს აღემატება, უმეტესად აკეთებენ ოპერაციას.

თუ ნევროლოგიური სიმპტომები და ტკივილი არ გამოიწვია, ოსტეოპოროზით გამოწვეულ კომპრესიულ მოტეხილობას ხელს არ ჰკიდებენ, თუმცა სხვა მოტეხილობათა თავიდან ასაცილებლად თავად ოსტეოპოროზის მკურნალობა აუცილებელია.

ინფექციით ან სიმსივნით გამოწვეულ კიფოზს სასწრაფო მკურნალობა სჭირდება.

სხვა სახის კიფოზების მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული. ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ, თუ ზურგის დეფორმაცია ძლიერია, ტკივილი მეტისმეტად შემაწუხებელია ან სტაბილურად ძლიერდება, ნევროლოგიური სიმპტომების ინტენსივობა იმატებს.

სკოლიოზი

სკოლიოზი ხერხემლის გამრუდებაა განივი ღერძის მიმართ. ხერხემლის ღერძი ამ დროს შესაძლოა S-ის ან C-ს მსგავსად იყოს მოდრეკილი. ეს პათოლოგია ასიდან სამ ადამიანს აღენიშნება. სკოლიოზის მიზეზი უმეტესად უცნობია. ის განსაკუთრებით ხშირად გვხვდება უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებთან. ოდნავ გამრუდებული ხერხემალი ინტენსიური ზრდის პერიოდში, 10-დან 14 წლამდე, უფრო მეტად მრუდდება. სკოლიოზი გოგონებს უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე ბიჭებს. გვხვდება მისი ოჯახური შემთხვევებიც.

სამ წლამდე განვითარებულ სკოლიოზს ინფანტილურს უწოდებენ, 4-დან 10 წლამდე განვითარებულს – იუვენილურს, 11-დან 18 წლამდე თავჩენილი კი მოზარდთა სკოლიოზად იხსენიება.

არსებობს ასევე თანდაყოლილი სკოლიოზი, როდესაც ბავშვს ხერხმალი ან ნეკნები არასწორად აქვს განვითარებული, და ნეირომუსკულარული სკოლიოზი. უკანასკნელი ფორმის დროს ნერვული სისტემის დარღვევები კუნთოვან დაზიანებას იწვევს. ასეთი დარღვევებია ცერებრული დამბლა, კუნთოვანი დისტროფია, სპინა ბიფიდა, პოლიომიელიტი.

 

სკოლიოზის ნიშნები

სკოლიოზის დროს უმეტესობა არაფერს უჩივის, იშვიათად კი მას თან ახლავს სუბიექტური სიმპტომებიც:

* ზურგის ან წელის ტკივილი;

* დაღლილობის შეგრძნება დიდხანს დგომის ან ჯდომის შემდეგ;

* თეძოების ან მხრების ასიმეტრიული დგომა (ცალ მხარეს – აწეული, მეორე მხარეს – ჩამოწეული).

დიაგნოსტიკა

სკოლიოზის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, ფიზიკური გამოკვლევა ტარდება. ექიმი დახრას სთხოვს პაციენტს – ეს ხერხემლის ფორმის დანახვას აადვილებს, თუმცა სკოლიოზის ადრეულ სტადიებზე შესამჩნევი ცვლილებები შესაძლოა არც იყოს გამოხატული; შეამოწმებს, ხომ არ არის ცალი მხარი მეორესთან შედარებით აწეული, თეძო – დახრილი, ბეჭი – ატაცებული; დანიშნავს რენტგენოგრაფიულ გამოკვლევასაც, რადგან მხოლოდ თვალით მდგომარეობის სიმძიმის შეფასება შეუძლებელია; შესაძლოა, გაზომოს ხერხემლის გამრუდების კუთხე, ჩაუტაროს პაციენტს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

მკურნალობა

მსუბუქ იდოპათიურ სკოლიოზს მკურნალობა უმეტესად არ სჭირდება, მაგრამ როდესაც ის უკვე თვალითაც ადვილი შესამჩნევია, შესაძლოა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც გამოიწვიოს, ფილტვების, გულისა და სახსრების ფუნქციობაზე მოახდინოს გავლენა, ამიტომ, თუ მკურნალობა არ დაინიშნა, პაციენტს უნდა დაუწესდეს მეთვალყურეობა, რეგულარულად (წელიწადში ორჯერ) ჩაუტარდეს კვლევა, რათა მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ექიმმა დროულად და სათანადოდ იმოქმედოს.

მკურნალობა დამოკიდებულია სკოლიოზის მიზეზზე, გამრუდების ადგილზე, მრუდის სიდიდეზე, პაციენტის ასაკზე. თუ სხეულს ზრდა არ დაუსრულებია, სასურველია, პაციენტმა ზურგის კორსეტი ატაროს. ის, წესისამებრ, მსუბუქი მასალისგანაა დამზადებული, ტანსაცმლის ქვეშ მაგრდება და გამრუდების პროგრესირებისგან გვიცავს.

კორსეტი სხვადასხვანაირია. პაციენტს მას ექიმი ურჩევს ასაკის, ხერხემლის გამრუდების ადგილისა და ხარისხის შესაბამისად. კორსეტს მხოლოდ 10 წელს გადაცილებულებს უნიშნავენ. მის ტარებას აზრი არ აქვს თანდაყოლილი ან ნეირომუსკულარული სკოლიოზის დროს. კორსეტი სკოლიოზით დაავადებულ ბავშვთა მეხუთედს სჭირდება.

მიჩნეულია, რომ ხერხემლის 10-15 გრადუსით გამრუდება საგანგაშო არ არის. ამ დროს მეთვალყურეობას სჯერდებიან. 20-40-გრადუსიანი გამრუდებისას, წესისამებრ, კორსეტი ინიშნება, 40-50-გრადუსიანი გამრუდებისას კი ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ.

 

ოპერაცია

სკოლიოზის დროს ქირურგიული ჩარევის მიზანია ხერხემლის სიმრუდის შეძლებისამებრ გასწორება. ოპერაცია ტარდება, თუ გამრუდება ძალზე მაღალი ხარსიხისაა ან სწრაფად პროგრესირებს. უმჯობესია, ოპერაცია მას შემდეგ ჩატარდეს, რაც ყველა ძვალი დაასრულებს ზრდას.

ოპერაციის დროს მალები სპეციალური სამაგრებით ერთ ან ორ მეტალის წკირზე მაგრდება. ოპერაციის შემდეგ პაციენტს ერთხანს კორსეტის ტარება უწევს.

ვარჯიში

სკოლიოზით დაავადებულთათვის რეკომენდებულია ვარჯიში. სწორად შერჩეული ვარჯიშთა სისტემა ტორსის კუნთებს ამაგრებს, ზომიერი ფიზიკურ დატვირთვა კი მთელ ორგანიზმს რგებს. მაგალითად, ქალს, რომელიც რეგულარულად ვარჯიშობს, ნაკლები აქვს ოსტეოპოროზის განვითარებისა და ამ დავადებით განპირობებულ მოტეხილობათა რისკი. თუ ბავშვი სპორტს მისდევს, კუნთოვანთან ერთად ძვლოვანი ქსოვილიც უმკვრივდება.

პროგნოზი

პროგნოზი დამოკიდებულია სკოლიოზის ტიპზე, მრუდის სიდიდეზე. რაც უფრო მკვეთრია მრუდი, მით უფრო მეტია მოზარდ ასაკში მდგომარეობის გაუარესების ალბათობაც, ხოლო მსუბუქი სკოლიოზის მქონე პაციენტებს ასაკთან ერთად ზურგის ტკივილიც უფრო და უფრო მეტად აწუხებთ.

 

სტენოზი

სტენოზი ხერხემლის სვეტის შევიწროებაა, რომელიც ზურგის ტვინზე ან ნერვებზე ზეწოლას იწვევს. სტენოზი, წესისამებრ, ასაკთან ერთად იჩენს თავს. ამას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის – ხერხემლის მალათაშუა დისკოების გამოშრობა, ფორმის შეცვლა და გამოდრეკა, ძვლებისა და იოგების გასქელება, ართრიტი, რომელიც შუახნის შემდეგ ხშირდება. სტენოზის გამოწვევა ასევე შეუძლია პეჯეტის დაავადებას, ხერხემლის თანდაყოლილ დეფექტს ან წანაზარდს, დისკოს თიაქარს, ტრავმას, ხერხემლის სიმსივნეს, ხერხემლის ძვლების მოტეხილობას.

როგორ ვლინდება

სტენოზის სიმპტომები ძალიან ნელა ხდება შესამჩნევი. მდგომარეობა თანდათან უარესდება. სიმპტომები უმეტესად ცალმხრივადაა გამოხატული, იშვიათად კი სხეულის ორივე მხარეს მოიცავს. სტენოზზე შესაძლოა მიუთითებდეს ზურგის, დუნდულების, თეძოების, წვივების, კისრის, მკლავების დაბუჟება, კრუნჩხვა, ტკივილი ან კუნთოვანი სისუსტე.

სტენოზის სიმპტომები აღმოცენდება ან მძიმდება დგომისა და სიარულის დროს, დაჯდომის ან დახრის შემთხვევაში კი ხშირად სუსტდება ან ქრება. სტენოზის დროს ადამიანთა უმეტესობას დიდხანს სიარული არ შეუძლია.

შესაძლოა, სტენოზი უფრო მძიმე სიმპტომებითაც გამოვლინდეს – ავადმყოფს უჭირდეს სიარულისას წონასწორობის დაცვა, შარდვისა და ნაწლავთა მოქმედების კონტროლი.

გამოკვლვები

თუ ექიმმა სტენოზი იეჭვა, სათანადო კვლევით დაზიანების ადგილის პოვნას შეეცდება. ის პაციენტს შესთავაზებს დაჯდომას, ადგომას, თითის წვერებსა და ქუსლებზე გავლას, წინ, უკან და გვერდზე გადახრას, ამა თუ იმ სავარჯიშოს შესრულებას, მაგალითად, წოლისას ფეხის აწევას. ფეხის აწევისას ტკივილის გაძლიერება შესაძლოა ნერვულ ფესვზე ზეწოლაზე მიუთითებდეს, მით უმეტეს, თუ პაციენტი ცალი ფეხის დაბუჟებასა და ჩხვლეტასაც უჩივის.

ფეხების სხვადასხვანაირი მოძრაობა ექიმს კუნთების ძალისა და მოძრაობის უნარის შეფასებაში ეხმარება.

ნევროლოგიურ სტატუსს ექიმი ნევროლოგიური ჩაქუჩისა და სხვა საშუალებების დახმარებით აფასებს. მაგალითად, მგრძნობელობის შესაფასებლად შესაძლოა ბამბა გამოიყენოს.

დიაგნოზის დასაზუსტებლად მიმართავენ ელექტრომიოგრაფიას, ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსულ და კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რენტგენოგრაფიას.

მკურნალობა

მკურნალობის მიზანია ტკივილის მართვა და ადამიანისთვის აქტიური ცხოვრების შენარჩუნება. ამისთვის იყენებენ სპეციალურ ვარჯიშებს, რომლებიც გაამაგრებს და გააძლიერებს ზურგის კუნთებს, მანუალურ თერაპიას, მასაჟს, აკუპუნქტურას. ზურგისა თუ კისრის ტკივილის მოსახსნელად ან შესამსუბუქებლად ზოგჯერ რამდენიმე ასეთი პროცედურაც საკმარისია.

პროცესის გამწვავების დროს შეიძლება მტკივან ადგილზე ცივი ან ცხელი სათბურის დადებაც.

სტენოზით გამოწვეული ზურგის ტკვილის მკურნალობის სქემა მოიცავს:

* მედიკამენტურ თერაპიას ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით (პარაცეტამოლი, იბუპროფენი), მიორელაქსანტებით, ანტიდეპრესიული საშუალებებით, ნარკოტიკებით (ძლიერი ტკივილის შემთხვევაში), კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებით;

* კოგნიტიურ-ქცევით თერაპიას – პაციენტს ასწავლიან ტკივილთან დაკავშირებული ნეგატიური შეგრძნებების სწორად აღქმას, მათ გარდაქმნას სასარგებლო აზრებად და ჯანსაღ ქმედებებად. კოგნიტიურ-ქცევით თერაპიის მეშვეობით ადამიანი ტკივილის მართვას სწავლობს;

* ეპიდურალურ ინექციას – წამლები უშუალოდ ხერხემლის ეპიდურალურ გარსში, დაზიანებული მონაკვეთის მიმდებარე არეში შეჰყავთ.

ზურგის ტვინის სტენოზის სიმპტომები დროთა განმავლობაში მძიმდება, მაგრამ ძალიან ნელა. თუ ტკივილი მკურნალობას არ ემორჩილება ან ადამიანი მოძრაობის უნარსა და მგრძნობელობას დაკარგავს, ხდება ქირურგიული ჩარევა.

სტენოზის ოპერაციული მკურნალობის მიზანია ნერვებსა თუ ზურგის ტვინზე ზეწოლის მოხსნა. ის შესაძლოა მოიცავდეს დაზიანებული დისკოს ამოკვეთას, ხერხემლის მალის ნაწილის მოკვეთას, ნერვული ფესვების ხვრელის გაფართოებას.

ქირურგს შესაძლოა რამდენიმე ძვლის ან მისი ფრაგმენტების ამოკვეთა მოუწიოს, რათა ზურგის ტვინსა და ნერვებს მეტი სივრცე დარჩეს, სტაბილურობის შესანარჩუნებლად კი შესაძლოა რამდენიმე ძვალი ერთმანეთს მიამაგროს. რა თქმა უნდა, ეს ხერხემალს მოქნილობას ართმევს, მაგრამ პაციენტს შვებას ჰგვრის.

პროგნოზი

ავადმყოფთა უმრავლესობა აქტიურ ცხოვრებას განაგრძობს, მაგრამ ცხოვრების წესში განსაზღვრული ცვლილებების შეტანა უწევს. ქირურგიული მკურნალობა ზოგჯერ სავსებით აგვარებს პრობლემას, ზოგჯერ – ნაწილობრივ, თუმცა შედეგის პროგნოზირება რთულია.

პაციენტებს, რომლებიც ოპერაციამდე ზურგის ხანგრძლივ ტკივილს უჩიოდნენ, ტკივილი ხშირად ოპერაციის შემდეგაც აწუხებთ. რაც უფრო მეტი ქირურგიული მანიპულაცია ჩატარდება, მით უფრო მეტია მომავალში პრობლემების წარმოშობის შანსიც. მოსალოდნელია ხერხემლის დაზიანება მალების ერთმანეთზე მიმაგრების ადგილის ზემოთ და ქვემოთ. ამ ადგილას განსაზღვრული ხნის შემდეგ ართრიტიც ადვილად ვითარდება.

დისკოს თიაქარი

ხერხემლის მალებს შორის რბილი, ჟელესმაგვარი ნითიერებით სავსე დისკოებია მოთავსებული. ისინი ხერხემალს მოქნილობას ანიჭებენ. ასაკთან ერთად დისკოები ზიანდება, მათი ამორტიზაციის უნარი მცირდება. დისკოს თიაქარი ვითარდება, როდესაც დაზიანებული დისკოს შიგთავსი მთლიანად ან ნაწილობრივ გარეთ იჟონება. ამ პათოლოგიას ზოგჯერ დისკოს დაცურებას ან გახეთქვასაც უწოდებენ. გარეთ გამოსული შიგთავსი აწვება ახლომდებარე ნერვებს, რაც ხელის ან ფეხის ტკივილს, დაბუჟებას, სისუსტეს იწვევს.

ბევრს აზრადაც არ მოსდის, რომ ეს პათოლოგია აქვს, მაგრამ ზოგჯერ დისკოს თიაქარი ისეთ შემაწუხებელ სიმპტომებს იწვევს, რომ მისი უყურადღებოდ დატოვება შეუძლებელია.

თიაქარი უმეტესად წელის არეში ვითარდება. მეორე ადგილზეა კისრის თიაქარი, უფრო იშვიათია გულმკერდისა. ყველაზე ხშირად ის შუახნის მამაკაცებს ემართებათ, წესისამებრ, ფიზიკური დატვირთვის შედეგად. თიაქრის სხვა რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია ზურგის ტვინის არხის თანდაყოლილი დეფექტები.

სიმპტომები

დავადების ნიშნები ამ შემთხვევაშიც უმეტესად სხეულის ცალ მხარესაა გამოხატული, მათი ლოკალიზაცია კი დაზიანებული დისკოს მდებარეობაზე დამოკიდებული. შეინიშნება შესაბამისი უბნის ტკივილი, რომელიც ხშირად ნელ-ნელა იწყება და ძლიერდება:

* დგომისა და ჯდომის შემდეგ;

* ღამღამობით;

* ცემინების, ხველის ან სიცილის დროს;

* უკან გადახრისას ან რამდენიმე მეტრზე მეტი მანძილის გავლისას.

დისკოს თიაქრის დროს დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნებაც სხეულის სხვადასხვა ადგილას, მიჭყლეტილი ნერვის მდებარეობის შესაბამისად იჩენს თავს.

კუნთების სისუსტეს პაციენტი ზოგჯერ ვერც ამჩნევს, თუ ექიმმა გამოკვლევის დროს არ აღმოაჩინა. შესაძლოა, უჭირდეს ხელის ან ფეხის აწევა, რომელიმე ფეხის წვერზე დგომა, ცალი ხელის ღონივრად ჩამორთმევა და სხვა.


გამოკვლევები

გამოკითხვის შემდეგ ექიმი სინჯავს პაციენტის, უმოწმებს სხვადასხვა პოზიციას, მოძრაობას, ამა თუ იმ მიდამოს მგრძნობელობას, კუნთოვან ძალას, რეფლექსებს.

ფეხის ტკივილი, რომელიც წარმოიშობა ჯდომისას ფეხის აწევის დროს, წელის დაზიანებაზე მიუთითებს, კისრის თიაქრის აღმოსაჩენად კი ასეთი ტესტი ტარდება: პაციენტი თავს ამოძრავებს, ხოლო ექიმი თავზე აწვება – ამ დროს ტკივილის ან დაბუჟების შეგრძნებათა გაძლერება კისრის ნერვებზე ზეწოლის ნიშანია.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დასაზუსტებლად მიმართავენ:

* ელექტრომიოგრაფიას. ამ დროს კუნთში წვრილი ნემსი (ელექტროდი) შეჰყავთ. ის აღნუსხავს ელექტრულ აქტივობას, რომელიც მონიტორზე აისახება. ამ გზით ადგენენ, რომელი ნერვის ფესვი განიცდის ზეწოლას.

* მიელოგრაფიას. ზურგის ტვინის სითხეში შეჰყავთ კონტრასტული ნივთიერება და რენტგენს იღებენ. ამ გზით ადგენენ თიაქრის ზომასა და ლოკალიზაციას.

* ნერვის გამტარობის გამოკვლევას იმის დასადგენად, რამდენად სწრაფად გაივლის ნერვული იმპულსი ამა თუ იმ ნერვში. ეს გამოკვლევაც ელექტროდებისა და ელექტრული იმპულსების დახმარებით ტარდება.

* ზურგის ტვინის მაგნიტურ რეზონანსულ ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას

* რენტგენოგრაფიას. ეს უკანასკნელი ის ტკივილის სხვა მიზეზების (სიმსივნე, ანთება, ძვლის მოტეხილობა ან ამოვარდნილობა) გამოსარიცხავად ტარდება. მხოლოდ რენტგენოგრაფიით დისკოს თიაქრის დიაგნოზის დასმა შეუძლებელია.

 

მკურნალობა

პირველი რიგის მკურნალობა მცირე ხნით ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღებასა და ფიზიოპროცედურებს გულისხმობს. ამის შემდეგ პაციენტთა უმრავლესობა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება.

დისკოს თიაქრით დაავადებულთათვის საჭიროა ცხოვრების სტილის შეცვლა. ჭარბწონიან პაციენტებს, უპირველეს ყოვლისა, დიეტასა და ვარჯიშს უნიშნავენ. დისკოს ნებისმიერი დაზიანებისას აუცილებელია ფიზიკური თერაპია. სპეციალისტი ასწავლის პაციენტს, როგორ გაიმაგროს ვარჯიშით ხერხემლის დამჭერი ზურგის კუნთები, როგორ ადგეს, ჩაიცვას, იაროს და შეასრულოს სხვა მოქმედებები ისე, რომ დაავადება არ გაუმწვავდეს.

დაავადების მწვავე პერიოდში პაციენტმა აქტიურობას უნდა უკლოს, პირველი ექვსი კვირა ერიდოს მძიმე ტვირთის აწევას, წელის მკვეთრ მოძრაობას, ორი-სამი კვირის შემდეგ თანდათან დაიწყოს ვარჯიში... მძიმის აწევა არც მწავვე პერიოდის ჩაცხრობის შემდეგაა რეკომენდებული. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება მხოლოდ სპეციალური კორსეტით.

დაზიანებული დისკოს მიმდებარე არეში სტეროიდული საშუალების ინექცია ადამიანს რამდენიმე თვით ჰგვრის შვებას. წამალი შეშუპებასა და ანთებას აცხრობს, რის გამოც შემაწუხებელი სიმპტომები ქრება. ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ უკანასკნელ ეტაპზე, როცა ყველა სხვა საშუალება უშედეგოა. ოპერაცია დისკოს ნაწილის ან მთელი დისკოს ამოკვეთას ითვალისწინებს.

 

პროგნოზი

უმრავლესობა მკურნალობის შედეგად უკეთ ხდება, მაგრამ შესაძლოა, ტკივილი კარგა ხანს გაჰყვეთ, ხოლო სანამ ადრინდელ ცხოვრებას დაუბრუნდებიან, რამდენიმე თვე ან წელიწადიც კი გაივლის. თუ მათი საქმიანობა ფიზიკურ დაძაბვას, მძიმე შრომას მოითხოვს, უმჯობესია, სამსახური შეიცვალონ, რათა ხელახლა არ დაიზიანონ ხერხემალი.

 

როცა ხერხემალი “ბერდება”

რა იცით ბიოლოგიური ცვეთის შესახებ? ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ 60 წლის შემდეგ ჩვენი ხერხემალი ისეთი აღარ არის, როგორიც ახალგაზრდობაში იყო. მარტივად რომ ვთქვათ, ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილი “ცვდება” და ადრინდელ მოქნილობას კარგავს. დროდადრო კისრისა და ზურგის ტკივილიც გვახსენებს თავს. ექიმები ამ ცვლილებებს სპონდილოზს უწოდებენ. ყველაზე გავრცელებულია კისრის მალების სპონდილოზი. ჩვენც თავდაპირველად სწორედ მასზე გიამბობთ.

 

კისრის მალების სპონდილოზი

წლები მხოლოდ მალათაშუა დისკოებს არ ემტერება – ასაკში შესვლის შემდეგ კისრის მალებს შორის არსებული სახსრებიც ზიანდება. გარდა ამისა, ძვლებზე ჩნდება ძვლოვანი წანაზარდები – ოსტეოფიტები. ცნობილია, რომ მალათაშუა დისკოები ამორტიზატორების როლს ასრულებს – მოძრაობის დროს მალებს შორის კონტაქტს არბილებს და უმტკივნეულოს ხდის. მაგრამ ეს მანამდე, სანამ ახალგაზრდები ვართ. ასაკთან ერთად მალათაშუა დისკოები შრება და პატარავდება. მოძრაობისას ძვალი ძვალს ეხება, რაც მტკივნეულია. იცვლება მალებს შორის არსებული იოგოვანი აპარატიც – ის უფრო მყიფე ხდება, ხერხემლის მოძრაობა კი – მოუქნელი. ასაკობრივი ცვლილებების შედეგად მალათაშუა სივრცე მცირდება და ერთი ან რამდენიმე ნერვის ფესვი იჭყლიტება. ვითარდება რადიკულოპათია, რომელიც ხალხში რადიკულიტის სახელითაა ცნობილი. გართულების შემთხვევაში ზურგის ტვინიც ზიანდება, რაც უკვე სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

რისკის მთავარი ფაქტორი ასაკია. მიიჩნევა, რომ 60 წლისთვის ადამიანთა უმრავლესობას უკვე აქვს სპონდილოზის პირველი ნიშნები.

საინტერესოა, რატომ ვითარდება ასეთი ცვლილებები ზოგჯერ უფრო მეტად, ზოგჯერ კი – ნაკლებად, გარდა ასაკისა, რისი ბრალია ეს?

გაგიკვირდებათ, მაგრამ ხერხემლის ასაკობრივი ცვლილებები უმთავრესად მას ემუქრება, ვინც აქტიურად მისდევს სპორტს (საუბარია სერიოზულ, პროფესიულ სპორტზე). სპორტსმენებს ხშირად ემართებათ მიკროტრავმები, რაც მომავალში სპონდილოზის განვითარების ალბათობას ზრდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სპონდილოზის მიმართ ერთგვარი გენეტიკური განწყობაც არსებობს. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს პრობლემა მწეველებთან უფრო ხშირია, ვიდრე არამწეველებთან.

სხვა ყურადსაღები ფაქტორებია:

* ჭარბი წონა;

* ცხოვრების პასიური წესი;

* პროფესია, რომელიც მოითხოვს მძიმე ტვირთის თრევას, ხშირ ჩამუხვლას და გადახრას;

* კისრის გადატანილი ტრავმა ან ოპერაცია;

* მწვავე ართრიტი;

* მალათაშუა დისკოს გაგლეჯა ან თიაქარი;

*  ხერხემლის მცირე ზომის მოტეხილობები, რაც ოსტეოპოროზითაა განპირობებული.

 

ტკივილი – მთავარი სიმპტომი

სიმპტომები ნელა ვითარდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, უცაბედად დაგვატყდეს თავს. მთავარი სიმპტომი ტკივილია, რომელიც შეიძლება იყოს ყრუ და ზომიერი ან ისეთი მწვავე და ძლიერი, რომ ვერც კი გაინძრეთ. კისრის სპონდილოზის დროს ტკივილი, წესისამებრ, მხრების მიდამოში წარმოიშობა. შესაძლოა, გადაეცემოდეს წინამხარს და ზოგჯერ თითებსაც კი. ძლიერდება ღამით, ასევე – ცემინების, ხველისა და სიცილის დროს, თავის უკან გადახრისას, დიდხანს დგომის ან ჯდომის, ფეხით დიდხანს სიარულის შემდეგ.



მოსალოდნელია განსაზღვრული ჯგუფის კუნთების სისუსტე, რაც პაციენტმა შესაძლოა ვერ შეამჩნიოს, სანამ ექიმი არ გასინჯავს. როდესაც სისუსტე ძლიერია, ადამიანს უჭირს მხრის აწევა, მუშტის შეკვრა...

კისრის სპონდილოზისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებია:


* კისრის გაშეშება, რომელიც დროთა განმავლობაში მძიმდება;

* დაბუჟება ან სხვა სახის პარესთეზია მხრების, მკლავების ან ფეხების მიდამოებში;

* თავის, განსაკუთრებით – კეფის, ტკივილი.

შედარებით იშვიათია:

* წონასწორობის კარგვა;

* შარდის ბუშტსა და ნაწლავებზე კონტროლის კარგვა – ასე ხდება, როცა ზეწოლა ზურგის ტვინზე მოდის.

 

ექიმთან ვიზიტი აუცილებელია

ფიზიკურმა გასინჯვამ შესაძლოა ისეთი სიმპტომები გამოავლინოს, რომელთა არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდათ. მაგალითად, ის, რომ გიჭირთ თავის გადახრა ან ტრიალი. გასინჯვის დროს ექიმი ჯერ თავის დახრას გთხოვთ, შემდეგ – აქეთ-იქით გადახრას და ოდნავ დაგაწვებათ. თუ ამ დროს ტკივილი გაგიძლიერდათ ან რომელიმე კიდური დაგიბუჟდათ, ეს ნერვზე ზეწოლის ნიშანია. სისუსტე ან შეგრძნების დაკარგვა კონკრეტული ნერვის ფესვის ან ზურგის ტვინის დაზიანებაზე მიუთითებს.

გასინჯვის შემდეგ გამოკვლევების ჯერი დგება. რენტგენოგრაფიას შეუძლია გამოავლინოს ხერხემლის ცვლილებები, თუმცა უფრო დეტალური ინფორმაციისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებაა რეკომენდებული. ნუ გადადებთ ამ გამოკვლევას, თუ გაწუხებთ კისრის ან კიდურების ძლიერი ტკივილი, რომელიც არ შემსუბუქდა მკურნალობის შემდეგ, მკლავების ან მტევნების სისუსტე და დაბუჟება. ელექტრომიოგრაფია და ნერვული გამტარობის შესწავლა ნერვის ფესვის ფუნქციის შეფასებაში გვეხმარება.

 

ვიწყებთ ტკივილის გაყუჩებით

ეს ის შემთხვევაა, როცა დაავადების მკურნალობას მთავარ სიმპტომთან – ტკივილთან – ბრძოლით ვიწყებთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების თვითნებური მიღება არ შეიძლება: შესაძლოა, ტკვივილი კი გაიყუჩოთ, მაგრამ სხვა პრობლემამ, მაგალითად, კუჭის ტკივილმა, იჩინოს თავი, – ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც თქვენი ანამნეზური მონაცემების გათვალისწინებით სწორ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას შეგირჩევთ.

მომდევნო ნაბიჯი ძირითადი პრობლემის გადაჭრაა. ამისთვის ერთადერთი შედარებით ეფექტური საშუალება ფიზიკური თერაპიაა, რომელიც, თავის მხრივ, საკმაოდ მრავალფეროვანია. ფიზიკური თერაპიის სპეციალისტი გასწავლით სპეციალურ ვარჯიშებს, გაჭიმვებს – ეს გაგიძლიერებთ კისრის კუნთებს და ტკივილიც შეგიმსუბუქდებათ. შესაძლოა, შემოგთავაზონ კისრის ტრაქცია – გაჭიმვა, რათა კისრის მიდამოში წნევამ იკლოს.

საკმაოდ ეფექტურია მასაჟი, აკუპუნქტურა. ზოგჯერ რამდენიმე ასეთი პროცედურაც საკმარისია ტკივილის გასაქრობად. ზოგს ტკივილის მართვაში კოგნიტიური ქცევის თერაპია ეხმარება. ეს ერთგვარი ფსიქოანალიზია, როცა პაციენტი შეიცნობს ტკივილს და სწავლობს მისი მართვის ტექნიკას.

თუ საქმეს არც ტკივილგამაყუჩებელმა საშუალებებმა უშველა, არც ფიზიკურმა თერაპიამ და ფსიქოანალიზმა, ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ჩარევაა. მისი არსი დაზიანებულ ნერვზე ზეწოლის მოხსნაა.

 

რა შეგვიძლია?

ზომიერი სპონდილოზის დროს შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს რეგულარული ვარჯიში. გახსოვდეთ, ფიზიკური დატვირთვა მსუბუქი და პრობლემას მორგებული უნდა იყოს. ყველაზე მარტივი ვარჯიში ფეხით სიარულია. არსებობს სპეციალური მოწყობილობაც – ე.წ. კისრის საბჯენი. ექიმის რეკომენდაციით, შეგიძლიათ ისიც გამოიყენოთ.

 

მაანკილოზებელი სპონდილიტი

მაანკილოზებელი სპონდილიტი ართრიტის სახეობაა, რომელიც ხერხემლის სახსრებს აზიანებს. მისი სახელწოდება ბერძნულიდან მომდინარეობს, “ანკყლოს” სახსრის გამაგრებას ნიშნავს, ხოლო “snkylos” – მალას. სპონდილიტის დროს ხერხემლის მიდამოში თავს იჩენს ანთებისთვის დამახასიათებელი ოთხივე სიმპტომი: სიწითლე, ტემპერატურა, შესივება და ტკივილი. მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს ზოგჯერ ანთებითი პროცესი გავა-თეძოს სახსარზეც ვრცელდება, სადაც ხერხემალი მენჯს უკავშირდება. არ არის გამორიცხული სხვა სახსრების: მხრის, ნეკნების, თეძოს, მუხლისა და ტერფის – დაზიანება. ანთებითი პროცესი ხშირად ემუქრება იმ უბნებს, სადაც მყესები და იოგები ძვალს უერთდება. ძვალსახსროვან სისტემასთან ერთად შესაძლოა დაზიანდეს თვალი, ნაწლავები, იშვიათად – გული და ფილტვები.

მაანკილოზებელი სპონდილიტით დაავადებულებს აწუხებთ ზურგის მოვლითი ხასიათის ზომიერი ან მუდმივი მწვავე ტკივილი. ზოგჯერ მათი ხერხემალი კარგავს მოქნილობას. ამ დროს ერთდროულად რამდენეიმე მალის ანთება მიმდინარეობს. ამის შედეგად მცირდება ნეკნთაშუა სივრცე და მოსალოდნელია სუნთქვასთან დაკავშირებული ჩივილები.

 

ვის ემართება

მაანკილოზებელი სპონდილიტი უმთავრესად თინეიჯერებისა და ახალგაზრდების დაავადებაა. ზემოთ აღწერილი ჩივილები უმეტესად 30 წლამდე გამოვლინდება, ხოლო 5%-თან პირველი სიმპტომები 45 წლის შემდეგ იჩენს თავს და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ცნობილია, რომ მაანკილოზებელი სპონდილიტი მამაკაცებს ქალებზე ორჯერ ხშირად ემართებათ.

 

რა იწვევს

სამწუხაროდ, მაანკილოზებელი სპონდილიტის უშუალო მიზეზი ჯერაც არ არის ცნობილი. ფიქრობენ, რომ თავის როლს ასრულებს როგორც გენეტიკა, ისე გარემოც. მაანკილოზებელ სპონდილიტთან ასოცირებულ გენს HLA-B27 ჰქვია, თუმცა გენის ქონა არ ნიშნავს, რომ დაავადება გარანტირებულია – რეალურად ის აღნიშნული გენის მქონეთა მხოლოდ 5%-ს ემართება. მეცნიერებმა ახლახან კიდევ ორ გენს – IL23R-სა და ERAP1-ს – მიაკვლიეს, რომელთა ქონა განსაზღვრულ რისკთანაა დაკავშირებული.

ზუსტი დიაგნოზის დასასმელად ექიმს სჭირდება პაციენტის გასინჯვა, მისი სამედიცინო ისტორიის შესწავლა, რენტგენოლოგიური და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა. შესაძლოა, საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის რამდენჯერმე ჩატარებაც.

 

განკურნება შესაძლებელია?

მაანკილოზებელი სპონდილიტისგან განკურნება შეუძლებელია, მკურნალობის მიზანი სიმპტომების შემსუბუქება და დაავადების პროგრესისთვის ხელის შეშლაა, რისთვისაც მიმართავენ როგორც მედიკამენტურ მკურნალობას, ისე ფიზიკურ ვარჯიშს. განსაკუთრებულ შემთხვევებში დაზიანებული სახსრის “შეკეთება” მხოლოდ ქირურგიული ჩარევითაა შესაძლებელი.

მაანკილოზებელი სპონდილიტის სამკურნალოდ რამდენიმე ჯგუფის მედიკამენტებს იყენებენ: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს, კორტიკოსტეროიდებს, ანტირევმატულ საშუალებებს და ბიოლოგიურ აგენტებს. ამ პრეპარატების უმრავლესობა ანთებით პროცესს ებრძვის. პროფესიონალის კონსულტაცია აუცილებელია, რათა მან პაციენტს მისთვის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური პრეპარატი შეურჩიოს.

ცხოვრების ჯანსაღი წესი და დიეტა ნებისმიერი ჩვენგანისთვის სასარგებლოა, მათ შორის – მაანკილოზებელი სპონდილიტით დაავადებულთათვისაც. მართალია, სპეციფიკური დიეტა არ არსებობს, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია ჯანსაღი წონის შენარჩუნება, ვინაიდან ჭარბი წონა დამატებითი დატვირთვა და სტრესია ისედაც დაზიანებული და მტკივნეული სახსრებისთვის. არსებობს მოსაზრება, რომ ომეგა-3 – ცხიმოვანი მჟავა, რომელიც ზოგიერთი სახეობის თევზის ორგანიზმში გვხვდება, ასევე – სელის თესლი და კაკალი გარკვეულწილად ასუსტებს დაავადების პროგრესს. ვარჯიში და გაჭიმვები შესაძლოა დაეხმაროს მტკივან და მყიფე სახსრებს, თუმცა ისინი დიდი სიფრთხილით ეტაპობრივად უნდა შესრულდეს. ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ზოგიერთ პაციენტს განსაკუთრებით მოსწონს წყალში ვარჯიში.

როდის გვჭირდება ქირურგის დახმარება

თუ დაავადებამ სახსრები ისე დააზიანა, რომ პაციენტს ეს ყოველდღიურ საქმიანობაში უშლის ხელს, დღის წესრიგში დგება მათი შეცვლის საკითხი.

რისი გაკეთება შეიძლება დაავადების პრევენციისთვის?

იყავით ფიზიკურად აქტიური, ნუ მოწევთ, რეგულარულად მოინახულეთ ექიმი, მიჰყევით მის დანიშნულებას – ეს ის მცირედია, რისი გაკეთებაც საკუთარი თავისთვის შეგიძლიათ.

 

 

 

გააზიარე: