საქველმოქმედო ფონდ “ავერსის” ხელშეწყობით ფესტივალი “გზა მომავლისაკენ” ჩატარდა

საქველმოქმედო ფონდ “ავერსის” ხელშეწყობით ფესტივალი “გზა მომავლისაკენ” ჩატარდა

  • 2012-06-06

ინტერკულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ფონდის ინიციატივით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისში ფესტივალი “გზა მომავლისკენ” გაიმართა, სადაც სხვადასხვა ეროვნების მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა. საქველმოქმედო ფონდი “ავერსი”, რომელმაც ღონისძიების თითოეულ მონაწილეს სასაჩუქრე ნაკრები _ მოვლის და ჰიგიენური საშუალებები, ასევე ვიტამინების კომპლექსი გადასცა, ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ. 6 ივნისს თბილისის “კავკასიურ სახლში” ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.

_ “ღონისძიებას ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენლებთან ერთად ვატარებთ. ეს მეცხრე ფესტივალია, რომელიც ჩვენი ინიციატივით აღინიშნება. მოვიწვიეთ ანსამბლები და უნიჭიერესი ბავშვები თბილისის მასშტაბით, რომლებმაც დღევანდელი დღე მართლაც დაუვიწყარი გახადეს _ აღნიშნა ინტერკულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარემ, ქალბატონმა დალილა გოროშიძემ. მისივე თქმით, ინტერკულტურულ ურთიერთობათა საერთაშორისო ფონდისა და მასთან არსებული სტუდია “მომავალი ვარსკვლავები”-ს წამოწყება საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ანსამბლი “ტაძარი”, “სლავიანურ სახლთან” არსებული ანსამბლი “კოლოკოლჩიკი”, ანსამბლი “ვანქე”, სტუდია “მომავალი ვარსკვლავები”, აზერბაიჯანის მოსწავლეთა კულტურის ცენტრი, ანსამბლი “ჯეირანი”...  
_ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ “ავერსს” რომელმაც არაჩვეულებრივი საჩუქრებით დააჯილდოვა ბავშვები. ეს ბავშვთა დღესასწაულია და ყოველთვის სასიხარულოა, როდესაც მსგავსი საღამო იმართება, სხვადასხვა კულტურის და ეროვნების წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს, მათ შორის მეგობრული ურთიერთობები მყარდება და ამ ყველაფერს საქველმოქმედო ფონდის დახმარებითა და მხარში დგომით ვაღწევთ _ აღნიშნა ქალბატონმა დალილამ _ კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა საქველმოქმედო ფონდს. ასეთი გულისხმიერება ძალზედ იშვიათია დღევანდელობაში. ჩვენი კონცერტი ბავშვთა დაცვის დღეს ეძღვნებოდა, თუმცა სხვადასხვამიზეზის გამო 1 ივნისს ვერ მოვახერხეთ მისი აღნიშვნა და ამ შესანიშნავ დღესასწაულს ცოტა მოგვიანებით ვზეიმობთ. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც შევძლებთ ასეთი ფესტივალების ორგანიზებას და კვლავ გავახარებთ ჩვენს ბავშვებს. ნოემბერში უკვე მეათე ფესტივალის გამართვას ვგეგმავთ და კვლავ ფონდ “ავერსის” იმედი გვაქვს. 
ამის იმედს მაძლევს ის კეთილგანწყობა და სითბო, რომელსაც ავერსის საქველმოქმედო ფონდისგან ყოველთვის ვგრძნობთ. სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა არ იყოს მერიდებოდა კვლავ ფონდის შეწუხება, შევეცადე მხარდაჭერა სხვა ორგანიზაციებისგან 
მომეპოვებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ყველგან უარით გამომისტუმრეს. ისევ საქველმოქმედო ფონდ “ავერსს” ვთხოვე დახმარება და კვლავ გამომიწოდეს დახმარების ხელი. 
უდიდესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ პედაგოგების, მოსწავლეების და ჩვენი დაწესებულების სახელით. “ავერსის” გარეშე, დღესასწაულს ასეთი ელფერი არ ექნებოდა.” 

საქველმოქმედო ფონდ “ავერსის” ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ ფესტივალის თითოეულ მონაწილეს საჩუქრად მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები, ასევე ვიტამინების კომპლექსი გადაეცა:
_ “ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნულ უმცირესობათა მხარდაჭერა და მათ შორის ინტერკულტურული ურთიერთობების გაღრმავება ძალზედ მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ფონდ “ავერსს” თავისი წვლილი შეაქვს სხვადასხვა ეროვნების მოზარდთა დამეგობრებაში. ეს ფესტივალი ბავშვებისთვის ნამდვილი დღესასწაული იყო და იმედი მაქვს, დიდხანს ემახსოვრებათ”.
“ავერსი” ზრუნავს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე.

გააზიარე: