საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციას დაეხმარა

საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციას დაეხმარა

  • 2012-05-25

საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციას ესტუმრა და მათ საჭირო მედიკამენტები გადასცა. უნარშეზღუდული ბავშვებისთვის მედიკამენტები სასიცოცხლოდ აუცილებელია იმისათვის რომ დაავადების მართვა შესაბამისად მოხდეს. უმეტესობა მუდმივად იღებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ასევე ნეიროლეპტიკებს, რომლებიც ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანებისთვის აუცილებელია. “ავერსი” მუდმივად ეხმარება ორგანიზაცია “მშობელთა თანადგომას” და მას პერიოდულად ამარაგებს ყველა იმ საჭირო მედიკამენტით, რაც ბავშვებისთვის არის აუცილებელი.
ორგანიზაციის დამფუძნებელმა ნათია კიკვაძემ აღნიშნა, რომ ფონდ “ავერსის” დახმარება მათთვის ფასდაუდებელია:
 _ თავადაც გახლავართ დედა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილზე ზრუნვა უწევს და მე ძალიან კარგად ვიცი, რა პრობლემების წინაშე დგანან ოჯახები, სადაც უნარშეზღუდული ბავშვები იზრდებიან. წლების წინ, სახელმწიფოს დახმარების იმედად ყოფნა უშედეგო რომ აღმოჩნდა, მივხვდი, საჭირო იყო თავად გვეზრუნა ჩვენს შვილებზე. შევქმენით საინიციატივო ჯგუფი და ჩვენი ფიზიკური შრომის, შემოწირულობების, ხშირად უძილო ღამეების და ჩვენი ენთუზიაზმის წყალობით ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია, სადაც შეზღუდული უნარების მქონე ბავშვები საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას ახდენდნენ, სწავლობდნენ და ერთმანეთთან ურთიერთობდნენ. მოგვიანებით, ახალი ხელისუფლების ინიციატივით, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ დღის ცენტრის და
ფინანსებაზე ტენდერი გამოაცხადა და 2008 წლიდან სახელმწიფოს კმაყოფაზე ვართ. დღესდღეობით ვაუჩერულ დაფინანსებას ვიღებთ თითოეულ ბავშვზე, თუმცა ეს თანხა ფართის იჯარაზეც უნდა გვეყოს და სხვა საჭიროებებზეც... იჯარა კი მართლაც საკმაოდ დიდია და ეს თანხა ისევ და ისევ ამ ბავშვებს აკლდებათ. ჩვენი სურვილია, რომ ფართი მაინც დაგვიფინანსონ...  ძალიან გვჭირდება ისეთი მხარდამჭერები, როგორიც არის ფონდი “ავერსი”, ის მუდმივად გვერდით გვიდგას, გვეხმარება მედიკამენტებით... მათგან ყურადღებითა და მზრუნველობით განებივრებული ვართ. ისინი მორალურადაც მხარს გვიჭერენ, მათი სტუმრობისთვისაც ყოველთვის მონდომებულები ვემზადებით _ ყოველი ბავშვი ცდილობს, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს: მღერიან, ცეკვავენ გამოფენებს აწყობენ, სადაც წარმოდგენილია მათი ნამუშევრები: თექის ჩანთები, ქუდები, სათამაშოები, სამკაულები... ეს გამოფენები მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არის გამიზნული, რომ საზოგადოებას თავი შევახსენოთ, დავანახოთ, რომ ამ ბავშვებსაც შეუძლიათ რაღაც სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმის კეთება, გავარღვიოთ ის უხილავი კედელი, რომელიც საზოგადოებასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის არის აღმართული და ამ ბავშვებმაც შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრაცია. ვფიქრობ, მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება,  რადგან ისინი, არიან ძალიან გახსნილები, კეთილები, თბილები _ საზოგადოებას მართლაც ბევრი რამის სწავლა შეუძლია ამ ბავშვებისგან. და რაც მთავარია, მათ საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ, მათზე დაუცველი ფენა არ არსებობს. უნდა ვეცადოთ, რომ ის უნარები განუვითაროთ, რაც აქვთ. ვასწავლოთ შეძლებისდაგვარად, რომ შემდგომში ეს ბავშვები ისევ საზოგადოებას არ დააწვნენ მძიმე ტვირთად. გარდა ამისა, საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის მშობელიც დაუცველ ფენას ეკუთვნის _ ის ვერ მუშაობს და ვერ უზრუნველყოფს საკუთარ თავს და შვილს ფინანსურად, რადგან მთელი მისი ძალა, ენერგია და დრო ბავშვის მოვლას სჭირდება. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ფონდ “ავერსს” თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის, იმ სიკეთისთვის, რომელსაც ჩვენი ბავშვების მიმართ იჩენს და ქველმოქმედებით სხვებსაც მაგალითს აძლევს.
საქველმოქმედო ფონდ “ავერსის” ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ ორგანიზაცია “მშობელთა თანადგომას” ფონდი “ავერსი” ყოველთვის მხარში უდგას და ამჯერადაც მათთვის საჭირო მედიკამენტი საჩუქრად გადასცეს. 
_ ამ ორგანიზაციაში ძალიან ნიჭიერი, თბილი და მოსიყვარულე ბავშვები გვხვდებიან, ვეცდებით ყოველთვის გვერდით დავუდგეთ და ჩვენი თანადგომით მათ პრობლემები შევუმსუბუქოთ _ აღნიშნა ქალბატონმა ქეთევანმა. 
საქველმოქმედო ფონდი მრავალ სასიკეთო პროექტს ახორციელებს და მის თანადგომას მომავალშიც კიდევ ბევრი ადამიანი იგრძნობს. 

გააზიარე: