ავერსის კლინიკის ფილიალი ბოგდან ხმელნიცკზე გაიხსნა

ავერსის კლინიკის ფილიალი ბოგდან ხმელნიცკზე გაიხსნა

  • 2013-03-15

ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე 153 ა ნომერში გასულ წლამდე ბავშვთა მე-7 პოლიკლინიკა ფუნქციონირებდა. ეს სამედიცინო დაწესებულება უბნის მოსახლეობას ემსახურებოდა _ პოლიკლინიკის ექიმების ხელში თაობები გაიზარდნენ, თუმცა ის უკვე თანამედროვე სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებდა. უფრო ზუსტად კი, აქ ელემენტარული სანიტარული პირობები და ტექნიკური აღჭურვილობაც აღარ არსებობდა.
2012 წლის ივნისში გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე შპს “ავერსის კლინიკამ” პოლიკლინიკა შეისყიდა და სულ რამოდენიმე თვეში რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარა. ჩამოყალიბდა უახლესი აპარატურით აღჭურვილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებით დაკომპლექტებული ამბულატორიული ტიპის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი _ “ავერსის კლინიკის” ბოგდან ხმელნიცკის ფილიალი, რომელიც 7 მარტს საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, “ავერსის” დამფუძნებელი და “ავერსის კლინიკის” გენერალური დირექტორი ესწრებოდნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს კლინიკა, ვიზიტის დასასრულ კი ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა თეა გიორგაძემ შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა: _ ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ასეთი დონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი გაიხსნა. მოგეხსენებათ, პირველი მარტიდან ამოქმედდა საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელშიც “ავერსის კლინიკა” აქტიურად არის ჩართული და სასიხარულოა, რომ პროგრამის ფარგლებში, ჩვენს დაზღვეულ მოსახლეობას საშუალება მიეცემა ასეთი მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულებაში მიიღოს სხვადასხვა სამედიცინო სერვისი. კლინიკას დეტალურად გავეცანი და ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს საუკეთესო ჯანდაცვას.“ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ ამავე ქუჩაზე 155 ნომერში მანამდეც ფუნქციონირებდა “ავერსის კლინიკის” სამკაბინეტიანი მცირე ამბულატორია, დღეიდან კი მოსახლეობას 22 კაბინეტიანი პირველადი სამედიცინო სერვისის დაწესებულება სპეციალისტთა სრული სპექტრით მოემსახურება: 
_ დღეს ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე “ავერსის კლინიკის” კიდევ ერთი ფილიალი გავხსენით. წინათ, აქ პოლიკლინიკა იყო, რომელიც სახელმწიფოსგან შევიძინეთ. შენობის რეაბილიტაციასა და აღჭურვაში დაახლოვებით ერთი მილიონის ინვესტიცია განვახორციელეთ და  მივიღეთ მართლაც ულტრათანამედროვე ამბულატორიული კლინიკა, სადაც აბსოლუტურად ახალი აპარატურა და სამედიცინო დანადგარებია.
 
“ავერსის კლინიკა” და, მათ შორის, ეს ფილიალიც აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში და მოსახლეობას, საშუალება ექნება, რომ სამედიცინო მომსახურება ასეთი მაღალი დონის კლინიკაში მიიღოს. ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკა საუკეთესო კადრებით დაკომპლექტდა. ახალ კლინიკაში  ბავშვთა #7 პოლიკლინიკის 25 თანამშრომელია დასაქმებული, შევქმენით ახალი სამუშაო ადგილებიც. მოხდა კადრების შესაბამისი მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და სათანადო ტესტირებისა და გამოცდების საფუძველზე შევარჩიეთ საუკეთესო გუნდი. ამჟამად კლინიკაში 60 ადამიანია დასაქმებული და დღეს აქ არა მარტო აპარატურა, არამედ კადრებიც მხოლოდ უმაღლესი დონის შესატყვისია”. “ავერსის კლინიკის” ბოგდან ხმელნიცკის ფილიალში ხორციელდება ყოველგვარი ტიპის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული გამოკვლევა. ექოსკოპიური, ექოკარდიოგრაფიული, ნეიროსკოპიული და რენტგენოლოგიური გამოკვლევები უახლესი მოდელის თანამედროვე აპარატურით ტარდება. კლინიკაში ფუნქციონირებს დღის სტაციონარი მოზრდილებისა და ბავშვებისათვის, ასევე, ფიზიოთერაპიისა და მასაჟის კაბინეტებიც. “ავერსის კლინიკის” გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, რომ აუქციონზე შეძენილ შენობაში უმძიმესი სანიტარული მდგომარეობა იყო: _ იმ პირობებში პაციენტის მიღება შეუძლებელი გახლდათ. მოხდა კლინიკის სრული რეკონსტრუქცია, პრაქტიკულად მხოლოდ კარკასი დავტოვეთ და ნულიდან დავიწყეთ მშენებლობა. საბოლოოდ, კლინიკა აღიჭურვა უახლესი აპარატურით, დღეს ტარდება ყველა სახის კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. პაციენტს ყველა ამბულატორიული სერვისი მიეწოდება. უმაღლესი სამედიცინო მომსახურებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს, თუმცა კლინიკა, ამავდროულად, სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის პროგრამაშიც გახლავთ ჩართული. უნდა აღვნიშნო, რომ შესაბამისი დაზღვევის მქონე ადამიანებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ იმ სერვისებით, რაც სადაზღვევო პაკეტშია გათვალისწინებული, ხოლო იმ პაციენტებს, ვინც ჩვენს კლინიკაში აღრიცხვაზე დადგებიან, სერვისებზე, რასაც დაზღვევა არ აფინანსებს, მნიშვნელოვან ფასდაკლებებსა და შეღავათებს ვთავაზობთ. 
მარინა ოსეფაიშვილი “ავერსის კლინიკის” ბოგდან ხმელნიცკის ფილიალის მენეჯერია. როგორც ქალბატონმა მარინამ აღნიშნა, კლინიკა მართლაც საამაყოა და მოსახლეობაც უდიდესი სიხარულით შეხვდა უბანში ასეთი მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულების
გახსნას: _ პირველი, რაც დიდი სიამაყით უნდა აღვნიშნო, ჩვენს კლინიკაში დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის რენტგენის აპარატი. იაპონური კომპანია “შიმაძუს” რენტგენოგრაფი მაქსიმალური გამჭვირვალობითა და მინიმალური გამოსხივებით ხასიათდება, რაც მოსახლეობისთვის ძალიან მიმზიდველი გახლავთ. რენტგენის სურათი უმაღლეს დონეზე ინფორმაციულია. ამ კაბინეტში შესანიშნავი კადრები მუშაობენ. გვაქვს თანამედროვე აპარატით აღჭურვილი სტომატოლოგიური კაბინეტი, სადაც  სტერილიზაციის ნორმები მაქსიმალურად არის დაცული. სტომატოლოგიური ხელსაწყოების და იარაღების სტერილიზაცია ცენტრალურ კლინიკაში ტარდება და ჩვენთან ერთჯერადად შეფუთული მოდის. თითოეული ნაკრები პაციენტის თვალწინ იხსნება. ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს ალერგოლოგიური კაბინეტი, სადაც ალერგიული სინჯები კეთდება, გთავაზობთ ნებულაიზერულ თერაპიასაც დამონტაჟებულია სპირომეტრიის აპარატიც. ასე რომ, უმაღლეს დონეზე ხდება ალერგიული დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობაც.
ულტრასონოგრაფიის კაბინეტი აღჭურვილია ფილიპსის თანამედროვე აპარატით, ექოსკოპისტიც არაჩვეულებრივი სპეციალისტია _ ამ უბანში 15 წელიწადზე მეტია მუშაობს და აქაური მოსახლეობისთვის საკმაოდ ცნობადი სახეა. ამასთან, გამოცდილი და მცოდნე კადრია. გინეკოლოგიური კაბინეტიც ციფრული კოლპოსკოპით გახლავთ აღჭურვილი. აქ ტარდება ყველანაირი გინეკოლოგიური გამოკვლევა _ ყელის დათვალიერება, პაპ-ტესტი.
გვაქვს არაჩვეულებრივი ლაბორატორია, სადაც სამი ულტრათანამედროვე აპარატი დგას. ადგილზე ტარდება კლინიკო-ჰემატოლოგიური კვლევები. ამ სიახლეს დიდი სიხარულით შეხვდა უბნის მოსახლეობა, რადგან ანალიზს იღებენ თუ არა, მაქსიმუმ, ერთ საათში პასუხსაც იგებენ. ბიო-ქიმიური და სხვა კვლევებისთვის ანალიზები ცენტრალურ ლაბორატორიაში იგზავნება.
გვაქვს ახალი მცირე ქირურგიული საოპერაციო, რომელიც ყველაზე თანამედროვე ტექნიკით გახლავთ აღჭურვილი, დაცულია სტერილიზაციის ნორმები.
გვყავს ბავშვთა და მოზრდილთა ქირურგები. აქვეა ყელ-ყურის განყოფილება, სადაც ამბულატორიული ოტორინოლარინგოლოგიური მანიპულაციები ტარდება. 
კლინიკაში განთავსებულია, ასევე, დღის სტაციონარი ორ საწოლზე  _ ბავშვთა და მოზრდილთა (დამხმარე სათავსოებით და ყველა სტანდარტის გათვალისწინებით). 
ფუნქციონირებს იმუნიზაციის კაბინეტიც...  ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კლინიკა სამი _ გინეკოლოგიური, ოჯახის ექიმის და ულტრადიაგნოსტიკის კაბინეტით ბოგდან ხმელნიცკის # 155-ში უკვე წლებია არსებობდა. უზომოდ კმაყოფილი პაციენტების ჯარიც გვყავდა. ასე რომ, იმ პატარა კლინიკიდან 5 ექიმი გადმოვიყვანეთ. მართლაც ძალიან წარმატებული და კვალიფიციური კადრები არიან. ბავშვთა #7 პოლიკლინიკაში დასაქმებული 9 პედიატრიდანაც 6 ახალ კლინიკაში დავასაქმეთ. გადავამზადეთ და შესაბამისი ტესტირებების საფუძველზე მივიღეთ ამ პოლიკლინიკის ალერგოლოგი, სტომატოლოგი, კლინიკური ლაბორანტი, ბავშვთა ქირურგი _ შევეცადეთ კარგი კადრები ძველი პოლიკლინიკიდანაც გვყოლოდა, რადგან ამ უბნის მოსახლეობისთვის ისინი ცნობადი სახეებიც გახლდნენ და, უკვე, ახლობელნიც. ახალი კადრებიც მივიღეთ _ ნევროპათოლოგები, ენდოკრინოლოგი, უროლოგი... ასე რომ, ძველი და ახალი კადრების კარგი სინთეზი გამოგვივიდა. არაჩვეულებრივი კოლექტივი მყავს რეგისტრატორების ჩათვლით და ხელმძღვანელობაც ყველანაირად ხელს გვიწყობს, რომ ჩვენი მუშაობა მაქსიმალურად ხარისხიანი და შედეგიანი იყოს. დიდი მადლობა “ავერსის” ხელმძღვანელობას, რომ ასეთი ლამაზი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა გვაჩუქა ჩვენც და ამ უბნის მოსახლეობასაც. დარწმუნებული ვარ, ასეთი აღჭურვილობის, ასეთი მონდომებული და კვალიფიციური კადრების წყალობით, ჩვენი კლინიკიდან არც ერთი პაციენტი უკმაყოფილო არ წავა. ჩვენს არაჩვეულებრივ კოლექტივს გვაქვს ამბიცია, რომ ამ რეგიონში პირველები და საუკეთესონი ვიქნებით. რადგან “ავერსი” ყველგან ლიდერია. პირადად ჩემთვის კი, ეს კომპანია საკუთარი ოჯახივით არის. “ავერსის კლინიკა” და ბოგდან ხმელნიცკის ფილიალი გთავაზობთ უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებას, კვალიფიციურ, გულისხმიერ კადრებს და საუკეთესო გარემოს.
“ავერსის კლინიკა” გისურვებთ ჯანმრთელობას.

გააზიარე: