ოლიმპიურ კომიტეტსა და ავერსს შორის დადებული მემორანდუმი გრძელდება

ოლიმპიურ კომიტეტსა და ავერსს შორის დადებული მემორანდუმი გრძელდება

  • 2012-01-25

  ქართულ სპორტში მოღვაწე და ვეტერანი სპორტსმენები “ავერსის” კლინიკაში სამედიცინო მომსახურებას იღებენ. გარდა ამისა, ექიმის მიერ გამოწერილი წამლებიც პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ _ ამ პირობებით მემორანდუმი “ავერსსა” და ოლიმპიურ კომიტეტს შორის 2009 წელს გაფორმდა. ხოლო მას შემდეგ, რაც “ავერსის” დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ “საქველმოქმედო ფონდი ავერსი” დააარსა, სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა სწორედ ფონდის პრეროგატივა გახდა. ხელშეკრულება ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. მემორანდუმი ყოველწლიურად ერთი წლის ვადით იდება. წლეულსაც  იანვარში ხელშეკრულება განახლდა. მემორანდუმის ხელმოწერას ქართული სპორტის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
  როგორც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა აღნიშნა, “ავერსის” დამფუძნებელი ბატონი პაატა კურტანიძე ქართული სპორტის დიდი ქომაგია: “ნაკრების წევრები მუდმივად ფორმაში რომ იყვნენ რეგულარული სამედიცინო მომსახურება, დიაგნოსტიკური კვლევები და სხვადასხვა სახის პროცედურები სჭირდებათ, ყოველივე ამას ჩვენი სპორტსმენები უსასყიდლოდ იღებენ ბატონი პაატას ხელშეწყობით. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, პროექტის ფარგლებში, უკვე 452 ათას ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა. ეს მართლაც დიდი საქმეა და მადლობლები ვართ, რომ ქართულ სპორტს ასეთი დიდი გულშემატკივარი ჰყავს. დღეს, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ბატონ პაატას გადავეცით წლის საუკეთესო მეცენატისა და სპორტის ქომაგის სიგელი. რაც ჩვენი მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატულებაა” _ აღნიშნა ბატონმა გიამ. 

_ “ავერსსა და ოლიმპიურ კომიტეტს შორის დადებული მემორანდუმის ოთხწლიანი “ოლიმპიური” ციკლი დასრულდა და, რა თქმა უნდა, კვლავაც გაგრძელდება _ აღნიშნა “ავერსის” დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ _  ეს პროექტი 2009 წლიდან მოქმედებს და ქართული სპორტის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. “ავერსსა” და ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის იდეა კომიტეტის ხელმძღვანელობას ეკუთვნის _ მათ რამოდენიმეჯერ თხოვნით მოგვმართეს, რომ ერთეული სპორტსმენებისთვის სამედიცინო მომსახურება გაგვეწია და შემდეგ თავად “ავერსმა” შესთავაზა კომიტეტის ხელმძღვანელობას მემორანდუმის გაფორმება, რომლის თანახმად, სპორტსმენებს “ავერსის” კლინიკაში უსასყიდლოდ გაუწევდნენ სამედიცინო მომსახურებას და ასევე ექიმის მიერ გამოწერილ წამლებსაც უფასოდ გადასცემდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ უფლის წყალობით, ამ პროექტის განხორციელების საშუალება მოგვეცა, ასევე ძალიან სასიამოვნოა, რომ გასული წლის მონაცემებითა და კომიტეტის გადაწყვეტილებით საუკეთესო მეცენატად “ავერსი” დაასახელეს. 
  ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანხა, რომელიც პროექტის ფარგლებში დაიხარჯა,  საკმაოდ სოლიდურია, თუმცა ეს არის ინვესტიცია, რომ მომავალში გამარჯვებები მოვიპოვოთ _ ლონდონის ოლიმპიადასთან დაკავშირებით განსხვავებული ემოცია მაქვს: რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ქართველი სპორტსმენები წარმატებებს აღწევენ, თუმცა ახლა დაძაბულობა მეტია, რადგან გარკვეულწილად პასუხისმგებლობას ვგრძნობთ _ ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორ წარსდგებიან სპორტსმენები მსოფლიო სპორტულ არენაზე. 
კიდევ უფრო მეტად ემოციურია ის ფაქტიც, რომ “ავერსი” ვეტერან სპორტსმენებს ეხმარება და სამედიცინო მომსახურებას უსასყიდლოდ უწევს, ვინაიდან ეს არიან ადამიანები, რომლებმაც თავისი საქმით, თავისი თავდადებით, გამარჯვებებითა და წარმატებებით
 ქვეყანა ასახელეს. ერთ-ერთმა ვეტერანმა სპორტსმენმა მითხრა: ორი წლის წინ ისეთი გენერალური რემონტი ჩავიტარე, რომ წელს სამედიცინო მომსახურება აღარ დამჭირვებიაო, კმაყოფილი ვარ იმითაც, რომ ვიცი, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა შემექმნა, “ავერსის” კლინიკაში სათანადო დახმარებას გამიწევენო _ ეს სიტყვები ჩემთვის ძალზედ სასიამოვნოა, რომ მე უფლის მადლით მათი დახმარების საშუალება მომეცა”. 
  “ავერსის კლინიკის” გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ კი აღნიშნა, რომ სპორტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპორტსმენები “ავერსის კლინიკას” უმეტესწილად პოსტტრავმული რეაბილიტაციისთვის მიმართავენ:
_ თუმცა სპორტსმენებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათაც ხშირად ისეთივე ყოფითი პრობლემები აწუხებთ, როგორც ჩვენ, ამიტომ სხვა სახის სამედიცინო მომსახურებაც ესაჭიროებათ ხოლმე. თქვენ იცით, რომ დიდ სპორტში წარმატების მიღწევა მძიმე შრომის გარეშე რთულია. ძლიერ დატვირთვას კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოსდევს. ამიტომ, ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია ვეტერან სპორტსმენებთან _ ასაკის მატებასთან ერთად, ძველი ტრავმები თუ განვლილი მძიმე წლების შედეგები იჩენს თავს... საზოგადოდ, თანამედროვე სპორტში შეუძლებელია წარმატების მიღწევა, თუ სპორტსმენს არ აქვს სრულყოფილი სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება. ასე რომ მათ წარმატებებში ჩვენს კლინიკას გარკვეული წვლილი შეაქვს. ქართველი სპორტსმენების წარმატება ძალიან საამაყოა ჩემთვის, როგორც ქართველისთვის და როგორც სპორტის გულშემატკივრისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წლევანდელი წელიწადი, რადგან დიდი იმედებით ვართ გამსჭვალული _ საზოგადოდ, ოლიმპიადას სპორტის ყველა მოყვარული დიდი ინტერესით ელოდება, თავისთავად ცხადია, რომ თუ ტატამზე ან სპორტულ არენაზე, ქართული დროშა აფრიალდება და სპორტსმენი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ასახელებს “ავერსის კლინიკის” პაციენტი აღმოჩნდება, სიამაყის გრძნობა დაგვეუფლება _ აღნიშნა ბატონმა დიმიტრიმ. _ მადლობას ვუხდი ბატონ პაატა კურტანიძეს, “ავერსის კლინიკის” ყველა თანამშრომელს, ფარმაცევტებს და განსაკუთრებით საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველთვის ძალზედ გულთბილად გვხვდებიან იმ დიდი სიკეთისთვის, რასაც სრულიად “ავერსი” ქართული სპორტის განვითარებისთვის აკეთებს. მემორანდუმი, რომელიც ოლიმპიურ კომიტეტსა და "საქველნოქმედო ფონდ ავერსს" შორის ფორმდება ეროვნული საქმის ერთგულების მაგალითია. სწორედ ამიტომ, 2011 წლის მონაცემების მიხედვით, რომელსაც 
 წლის ბოლოს ვაჯამებთ ხოლმე, ბატონი პაატა კურტანიძე ერთხმად ვაღიარეთ წლის საუკეთესო მეცენატად სპორტის სფეროში. ამ ტრადიციას მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით სამი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. ბატონ პაატას რომელსაც სპორტის განვითარებასა და სპორტსმენების მომზადებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, ჯილდოდ გადაეცა სპორტის მეცენატის სიგელი _ აღნიშნა ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტმა რამაზ გოგლიძემ. _ სპორტსმენს იმხელა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დატვირთვის ატანა უწევს, რომ მისთვის სამედიცინო მომსახურება ხშირად ცხოვრების წესად იქცევა ხოლმე _  აღნიშნა ვეტერანმა ოლიმპიელმა რაფიელ ჩიმიშკიანმა _ მადლობა ღმერთს და მადლობა ბატონ პაატა კურტანიძეს, ასევე დიდი მადლობა ჩვენი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, რომ საშუალება მოგვეცა სამედიცინო მომსახურება უფასოდ მივიღოთ. პირადად მე ხშირად მისარგებლია “ავერსის კლინიკის” მომსახურებით _ 6 აპრილს ქირურგმა გიორგი პეტრიაშვილმა მარჯვენა თვალის ოპერაცია გამიკეთა. საოპერაციო მაგიდაზე რომ დავწექი, მითხრა, მე მიყურეო, ხუთი წუთიც არ გავიდა, რომ საოპერაციოდან გამომიყვანეს... მაღალ დონეზე, სწრაფად, უმტკივნეულოდ და შედეგიანად გამიკეთეს ოპერაცია. მართლაც, ქების ღირსია ეს კლინიკა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ოფთალმოლოგ მაკა ლორთქიფანიძეს და თერაპევტ ნათია სვანიძეს _ დიდებული ადამიანები და დიდებული ექიმები არიან. მე მათი ნდობა და რწმენა მაქვს. ავადმყოფი ექიმთან რომ მიდის, უპირველეს ყოვლისა უნდა სჯეროდეს მისი, უნდა ენდობოდეს მას და მე სწორედ ეს განცდა მაქვს “ავერსის კლინიკის” ექ იმების მიმართ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა “ავერსს” და ოლიმპიურ კომიტეტს.  .
_ სისტემატური სამედიცინო კონტროლი სპორტსმენისთვის ისევე აუცილებელია, როგორც ვარჯიში, შრომა, თავდადება _ ეს ყველაფერი რომ არა, წარმატებასაც ვერ მიაღწევს. სპორტი დიდ დატვირთვასთან არის დაკავშირებული და ის ტრავმები,რასაც ახალგაზრდობაში ვიტანთ, ასაკის მატებასთან ერთად შეგვახსენებს ხოლმე თავს. ბატონი პაატა კურტანიძე უდიდეს საქმეს აკეთებს, მე პირადად მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და ყველა სპორტსმენის სახელით მადლობას ვეტყვი ამ ადამიანს ეროვნული საქმის ერთგულებისთვის. უფასო მომსახურება, უფასო წამლები  _ ერთი სიტყვით, ყველაფერს აკეთებენ, რომ სიცოცხლე გაგვიხანგრძლივონ, ძლიერი ახალგაზრდები გაზარდონ, რომლებიც ჩვენს სამშობლოს ასახელებენ. ასე რომ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებ “ავერსს” _ აღნიშნა ვეტერანმა ოლიმპიელმა რობერტ შავლაძემ. 
მემორანდუმი ყოველწლიურად ფორმდება და პროექტი კვლავაც გაგრძელდება. “ავერსი” სპორტსმენებს გისურვებთ ოლიმპიადაზე წარმატებას, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს

გააზიარე: