საშობაოდ ახდენილი ოცნება

საშობაოდ ახდენილი ოცნება

  • 2013-01-07

ბატონო პაატა,
ჩემი ბავშვობის ოცნებაა დიდი ნაძვის ხე. მის შეძენას დედა ვერასდროს ახერხებდა, იმიტომ რომ ოჯახში რვა ბავშვი ვართ (მე მეორე ვარ). ჯერ კიდევ თოვლის ბაბუასთვის გასაგზავნ წერილებში ვაწერინებდი დედას ამ საჩუქარზე. მერე, წერა რომ ვისწავლე, მე თვითონ ვწერდი ყველას, ბატონ გიგი უგულავასაც მივწერე, ბატონ პრეზიდენტსაც, მაგრამ სულ ტყუილად…
შობა მოდის და მე ისევ დიდ ნაძვის ხეზე ვფიქრობ. დედიკო ხშირად ლაპარაკობს თქვენზე, კარგი ადამიანია და თან ბევრი შვილი ჰყავსო. ვიფიქრე, იქნებ ამ შობას მაინც ამისრულოს ბატონმა პაატამ ამდენი ხნის ოცნება-მეთქი. დედიკოსგან ნებართვა ავიღე და გწერთ წერილს დიდი იმედით. 
მარიამ ვასაძე, 10 წლის
გელოდებით. 
მრავალ შობა-ახალ წელიწადს დაესწარით.

ეს ბარათი “ავერსის” ოფისში დატოვეს. ისევე როგორც ყველა წერილს, მასაც ბატონი პაატა პირადად გაეცნო და შობა დღეს პატარა გოგონას ნატვრა აუხდა…
ნაძვის ხე ჭერს სწვდებოდა... იდგა ლამაზად მორთული დიდი ბურთებით, სათამაშოებით... პატარა მარიამი კი გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა ამდენი ხნის ნანატრ საჩუქარს. მარიამის პატარა და-ძმაც გარს ეხვეოდა ოჯახში მოულოდნელად შემობრძანებულ სასწაულს. სახლი პატარების კისკისმა და მხიარულმა შეძახილებმა გამოაცოცხლა.
– მინდა, ჩემს შვილებს სასწაულის სჯეროდეთ. მუდამ ვეუბნები, მართალია, თოვლის პაპა ადამიანების გამონაგონია, მაგრამ სინამდვილიდან არის აღებული-მეთქი. თოვლის პაპა ხომ წმინდა ნიკოლოზია, რომელიც ყველა გაჭირვებულს მოულოდნელი სიხარულით აჯილდოებს, – გვითხრა მაკამ, რომელიც 32 წლისა უკვე რვა შვილის დედაა.

 – ნაძვის ხის შეძენას ბავშვები ყოველ წელიწადს მთხოვდნენ. წელსაც, შობა-ახალი წელი მოახლოვდა თუ არა, მხოლოდ ეს ეკერათ პირზე… ვიფიქრე, ვიფიქრე და ბატონი პაატას შეწუხება გადავწყვიტე… მერიდებოდა, მაგრამ ბავშვებს საოცნებო საჩუქარი ისე გულით უნდოდათ, რომ ვეღარ გავაწბილე. მარიამი მეუბნებოდა, რა ვქნა, დედიკო, სულ ნაძვის ხეზე მეფიქრებაო…
 საქველმოქმედო ფონდიდან რომ დაგვირეკეს, ერთი სული მქონდა, როდის დავკიდებდი ყურმილს და ვახარებდი მარიამს, ნატვრა აგიხდება-მეთქი. მეორე დღეს, გათენდა თუ არა, მარიამმა მითხრა, სიზმარი ვნახე, თითქოს იმხელა ნაძვის ხე გვედგა, წვერმა ჭერი აამტვრიაო. აუხდა სიზმარი – ნაძვი მართლა ჭერს სწვდება...
 ჩემს ოჯახს “ავერსი” ისედაც ძალიან ეხმარება. ვიცოდი, რომ მრავალშვილიანთა შემწე და გულშემატკივარი იყო. პირველად მაშინ მივმართე, მეხუთე შვილი რომ შემეძინა… არც ერთი თხოვნა უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. დიდი მადლობა “ავერსს” და ბატონ პაატას ასეთი სიკეთისთვის.
მაკა და ვლადიმერი 19 
წლისანი იყვნენ, როცა ერთმანეთი გაიცნეს. მალევე დაქორწინდნენ. მაკა უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, მისი მეუღლე კი ტექნიკურ უნივერსიტეტში, კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე. მაგრამ... ოჯახი, ბავშვები და უამრავი საზრუნავი – ერთი სიტყვით, სწავლის გაგრძელება ვერც ერთმა შეძლო. დღეს ორივე უმუშევარია და მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა.
– მამა იოანეც გვეხმარება ხოლმე – მამა დავითის ტაძრის მღვდელმსახური, ჩვენი მოძღვარი. იცის ჩვენი გაჭირვების შესახებ და ხელს ხშირად გვიმართავს. მისი დამსახურებაა, რომ რწმენაში ასე გავძლიერდით. საერთოდ, უფალს ადამიანები ყველაზე ძლიერ მაშინ გრძნობენ, როცა უჭირთ, როცა განსაცდელი დაატყდებათ თავს, – გვითხრა მაკამ.
ვასაძეების ოჯახი მართლაც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ბინა რამდენიმე წლის წინ გაყიდეს – ვლადიმერის დედა ავად გახდა, მკურნალობა კი დღეს, მოგეხსენებათ, ძვირი სიამოვნებაა. უსახლკაროდ დარჩენილებმა ნაქირავებ ბინას შეაფარეს თავი. ხშირად ქირას ვერც იხდიდნენ და ასე უწევდათ ერთი ბინიდან მეორეში გადასვლა...
– მრავალშვილიან ოჯახებს უფრო უჭირთ ქირით ბინის შოვნა, რადგან მეპატრონეები გვერიდებიან, შინ არ გვიშვებენ – ეშინიათ, ბავშვებმა რამე არ დააზიანონ, არ გააფუჭონ... თან იმის შიში აქვთ, რომ ქირას ვერ მოვაგროვებთ... მართალიც არის... ამ თანხის შოვნა ძალიან გვიჭირს, რადგან არც ერთი არ ვმუშაობთ.

მეუღლე დისტრიბუციაში მუშაობდა, მაგრამ მართვის მოწმობა ჩამოართვეს, 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. ამ თანხის გადახდაც ვერ მოგვიხერხებია... უკვე წელიწადია, უმუშევარია.
 სამაგიეროდ, გაჭირვებამ უფრო მეტად გვაგრძნობინა უფლის ძალა. გული მტკივა, რომ ჩემს შვილებს ბევრი რამ აკლიათ, თუმცა უფლის შეწევნას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ. გარშემო ღვთისნიერი ადამიანებიც არიან. “ავერსი” გვეხმარება, მერია აფინანსებს ბავშვების სხვადასხვა წრეზე სიარულს, პურს უფასოდ გვაძლევენ და თავს, ასე თუ ისე, ვირჩენთ…
ვასაძეების უფროსი ვაჟი, ლუკა, 11 წლისაა, მომდევნო მარიამია. მას ბარბარე, ნინო, თეკლა და გიორგი მოსდევენ. გიორგის მომდევნო, იოანე, სამი წლისაა, ნაბოლარა თამარი კი ჯერ წლისაც არ არის.
– სამი ბავშვის მერე ექიმმა მითხრა, მეტის გაჩენას არ გირჩევო, მაგრამ შვილებზე უარის თქმას მაინც არ ვაპირებ... უფლის წყალობით, არც ჯანმრთელობას ვუჩივი. გასაჭირი კი დროებითია, ღვთის წყალობით, შევძლებ მათ გზაზე დაყენებას... მთავარია, კარგი ადამიანები გავზარდო, დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ამბობენ, ღმერთი შვილს როცა გაძლევს, მის საზრდოსაც გამოგიჩენსო. ჩვენს ცხოვრებაშიც ყოველ ნაბიჯზე ხდება სასწაულები...

 სახლი რომ გავყიდეთ, თეკლა პატარა მყავდა, გიორგის ველოდებოდით... არც მაშინ მუშაობდა ჩემი მეუღლე. ღმერთი სასწაულებრივად გვაპურებდა… ერთხელ, მახსოვს, გიორგობა დღე იყო. პურის ფული არ გვებადა. გაჭირვებისგან გული სულ დამძიმებული მქონდა, ბავშვები ნახევრად მშივრები დამიდიოდნენ. წირვაზე მაინც წავედით. უკან დაბრუნებისას მრევლის ერთ-ერთმა წევვრმა მანქანით წამოყვანა შემოგვთავაზა. მეუღლესთან ერთად იყო. გამომკითხეს, როგორ ვცხოვრობდით... სახლამდე მიმიყვანეს ბავშვებიანად. შინ რომ შევედი, მერეღა ვნახე – თეკლასთვის ჯიბეში 80 ლარი ჩაედოთ... მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ღმერთი ყველას თავის წილ საზრდოს მისცემს.
მოძღვარი მეუბნებოდა, პურის ფული თუ არ გექნება, მოდი ჩემთან და მოგცემო, მე კი მერიდებოდა, ვამბობდი, უფრო მეტად თუ გამიჭირდა, მერე მივალ-მეთქი და მართლაც, ხან საიდან გამოჩნდებოდა დახმარება, ხან – საიდან. მერე ცოტა თვითონაც გავყოჩაღდი... მიუხედავად გაჭირვებისა, შვილებზე უ არი არასოდეს მითქვამს. დაოჯახებამდეც ვიცოდი, რა მძიმე ცოდვაა შვილის მოკვდინება, ამიტომ აბორტზე არასოდეს მიფიქრია. მიუხედავად ყველაფრისა, მიმაჩნია, რომ ამაზე უკეთეს ვერაფერს გავაკეთებ – ვზრდი შვილებს და მათით ვხარობ. ბედნიერი ვარ, მათი ყურება იმედით მავსებს.
“ავერსი” მრავალშვილიანთა დახმარების პროექტს 2005 წლიდან ახორციელებს და ამ პროგრამის ფარგლებში შემწეობა 2000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. “ავერსის” მრავალშვილიანთა დახმარების პროგრამა ყველაზე ეროვნული პროექტია, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებას, არამედ შვილიერების პოპულარიზაციასაც ისახავს მიზნად.
“ავერსი” გისურვებთ ჯანმრთელობას და გამრავლებას!

გააზიარე: