“ავერსი” 20 წლისაა

“ავერსი” 20 წლისაა

  • 2014-11-14

14 ნოემბერს “ავერსმა” რესტორან “მონოპოლში” გრანდიოზულად აღნიშნა 20 წლის იუბილე. წვეულება “ავერსისთვის” ტრადიციულ გარემოში გაიმართა – მომღიმარი სახეები, ულამაზესი სუფრა, თვალისმომჭრელი სადღესასწაულო სამოსი, ფეიერვერკი და საუკეთესო სურვილები იუბილარს.

მოსალოდნელიც იყო – ავერსული დღესასწაულები ყოველთვის დახვეწილი, ეფექტური და გლამურულია.

ავერსელებს გულწრფელად უხაროდათ კომპანიის ოცწლიანი წარმატებაც და ისიც, თავადაც რომ იყვნენ მისი ისტორიის ნაწილი. მართლაც, ყოველ მათგანს მიუძღვის წვლილი კომპანიის წინსვლასა და მიღწევებში, ყოველი მათგანისთვის “ავერსი” მხოლოდ სამუშაო ადგილი კი არა, მეორე ოჯახი, მეგობრული, კეთილგანწყობილი ადამიანების გუნდია.

საზოგადოებისთვის კი კომპანია დიდი ხანია იქცა სტაბილურობის, სიკეთის, სამართლიანობისა და მიზანსწრაფულობის სიმბოლოდ.

ავერსელებმა იუბილესთვის სპეციალური სიუჟეტი მოამზადეს – კომპანიის თანამშრომლებს საშუალება მიეცათ, მიელოცათ იუბილარისთვის და გაემხილათ, რას ნიშნავდა მათთვის “ავერსი”. კომპანიის რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ ერთი დღით ჟურნალისტის როლი მოირგო და ამ ამპლუაში ოპერატორთან ერთად მიკროფონით ხელში კომპანიის სათავო ოფისის ყველა განყოფილებას ესტუმრა.

სტუმრები რეპორტაჟს ოვაციით შეხვდნენ, ისევე როგორც არქივში მოძიებულ 20, 15 თუ 10 წლის წინანდელ ჩანაწერებს, ვიდეოკადრებსა და სატელევიზიო გადაცემებიდან ამონარიდებს კომპანიის შესახებ. ოვაცია გამოიწვია ნონა გიუნაშვილის ორიგინალურმა მილოცვამ – ქვიშაში გაცოცხლებულმა “ავერსის” ისტორიამ – და ფეიერვერკმა, რომელმაც გრანდიოზული წვეულება ასევე დიდებულად დაასრულა.

ოცი წელი ალბათ არცთუ დიდი დროა, თუმცა ეს გზის მხოლოდ დასაწყისია. გზისა, რომელმაც კომპანია საყოველთაო აღიარებამდე მიიყვანა და რომელიც დაბრკოლებებით იყო სავსე. დღეს ყველა ბარიერი დაძლეულია, წინ კი უფრო გრანდიოზული გეგმები და პროექტებია.

სტუმრებს კომპანიის დამფუძნებელი პაატა კურტანიძე მიესალმა:

– გზის დასაწყისში ამ მასშტაბზე არ მიფიქრია. სკოლაშიც და ინსტიტუტშიც ვოცნებობდი, წარმატებული ექიმი ვყოფილიყავი. ბავშვები ყოველთვის მიყვარდა, ამიტომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტზე ჩავაბარე და საკუთარი თავი მხოლოდ ექიმის ამპლუაში წარმომედგინა, მაგრამ ცხოვრებამ სხვა გზით წამიყვანა: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკონომიკური კრიზისი დაიწყო და მედიკამენტები დეფიციტად იქცა. ოპერაციის წინ პაციენტს მხოლოდ მედიკამენტებზე კი არ უნდა ეზრუნა, საწვავიც კი თავად უნდა მოემარაგებინა იმ შემთხვევისთვის, თუ საავადმყოფოში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდებოდა. ამ ფონზე დაიბადა მედიკამენტების შემოტანის იდეა. ამას კომპანიის დაარსება დასჭირდა... მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოცი წლის შემდეგ “ავერსში” რვა ათასი ადამიანი იმუშავებდა. გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ბიზნესი წარმატებულია, თუ ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მთავარი კი ის არის, რომ ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა იზრუნონ მომხმარებლისთვის საჭირო პროდუქციის, საჭირო მომსახურების რაც შეიძლება ხარისხიან მიწოდებაზე.

მინდა, მადლობა გადავუხადო “ავერსის” თითოეულ თანამშრომელს, ვისაც ეს კომპანია თავის მეორე ოჯახად მიაჩნია და ჩემი ოჯახის წევრებს, რომელთა ხელშეწყობას, მხარში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი. კიდევ ერთხელ გილოცავთ “ავერსის” იუბილეს, დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ.

“ავერსს” იუბილე კომპანიის თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ კურტანიძემაც მიულოცა.

წვეულებაზე კიდევ ერთი შესანიშნავი ამბავი მოხდა – პირველი ავერსელები კომპანიის ხელმძღვანელობამ ერთგულებისა და გამორჩეული დამსახურებისთვის სოლიდური ფულადი პრემიით დაასაჩუქრა.

იუბილეზე პირველად აჟღერდა “ავერსის” ახალი ჰიმნი. რუსა მორჩილაძის შესანიშნავი სიმღერა ავერსელებმა შეასრულეს. კომპანიის თანამშრომლებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მრავალმხრივი ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. შრომასთან ერთად მათ გართობა, დასვენებაც და მოლხენაც ემარჯვებათ. პროფესიონალ მოცეკვავეთა გუნდს თავადაც აჰყვნენ და შესანიშნავი ქორეოგრაფიული კომპოზიცია წარმოადგინეს.

დღესასწაულს ხიბლი შემატეს “ავერსის” მეგობრებმა: ნოდიკო ტატიშვილმა, ანსამბლებმა “ბაგრატმა” და “აბჯარმა”, ბენდმა “გუფი ლენდმა” ულამაზესი ჰანგებით დაამშვენეს წვეულება.

ეს საღამო კომპანიის ისტორიაში კიდევ ერთ დაუვიწყარ ფურცლად ჩაიწერა, თქვენ კი გახსოვდეთ, რომ “ავერსი” თქვენს სამსახურში იყო, არის და იქნება.

“ავერსი” აგრძელებს გზას!

გააზიარე: