პირველი აკრედიტებული ლაბორატორია საქართველოში

პირველი აკრედიტებული ლაბორატორია საქართველოში

  • 2014-11-05

“ავერსის კლინიკა” და მისი ლაბორატორია 2007 წლიდან ემსახურებიან პაციენტებს. ქსელის გაფართოებასთან ერთად ფართოვდებოდა ლაბორატორიული სამსახურიც, რომელიც დღეს აერთიანებს საკმაოდ დიდი წარმადობის ცენტრალურ ლაბორატორიას, ორ მძლავრ სადღეღამისო ლაბორატორიას, შედარებით მცირე წარმადობის ხუთ ლაბორატორიას და ნიმუშების მისაღებ შვიდ ცენტრს თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. ლაბორატორია საქართველოს არაერთ წამყვან კლინიკასთან თანამშრომლობს.
ხარისხიანი მომსახურების დასტურად “ავერსის კლინიკის” ლაბორატორიას 24 ოქტომბერს საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი ISO 15189 გადაეცა. ის პირველი ლაბორატორიაა საქართველოში, რომელმაც ეს აკრედიტაცია გაიარა.
ISO 15189 მოიცავს ორი სტანდარტის – ISO 9001-ისა (ხარისხის მენეჯმენტის სისტემის) და ISO 17025-ის (საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების კომპეტენტურობის) – ძირითად დებულებებს. აკრედიტაციის მოპოვება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. სერტიფიკატის მინიჭებასთან ერთად იმატებს პაციენტებისა და კონტრაქტორი ორგანიზაციების ნდობა, სარწმუნო ხდება, რომ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული პასუხები ზუსტია, მას ენდობიან მსოფლიოს წამყვანი კლინიკები და ანალიზების დამატებითი კონტროლი საჭირო არ არის.
მოწმობასთან ერთად ლაბორატორიას გადაეცა შესაბამისი დანართი, სადაც დაწვრილებით არის აღნუსხული, რა სფეროშია კომპეტენტური ლაბორატორია.
სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალზე კომპანია “ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ განაცხადა, რომ აკრედიტაციის იდეა დაახლოებით სამი წლის წინ, საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ბიუროს დირექტორთან პაატა გოგოლიძესთან პირადი საუბრის დროს დაიბადა: “ჩემთვის როგორც დამფუძნებლისთვის მეტად მნიშვნელოვანია პაციენტის კმაყოფილება, ამიტომ აუცილებლად მივიჩნიე ლაბორატორიის აკრედიტაცია, რაც მისი მაღალი, საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი ხარისხის დასტურია”.
სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი “ავერსის კლინკის” გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ გახსნა:
– დღეიდან მსოფლიოს ვერც ერთი ლაბორატორია ვერ იტყვის, რომ მათი ანალიზის პასუხი უფრო ზუსტია, ვიდრე “ავერსის კლინიკის” ლაბორატორიისა. აკრედიტაციის მიღების პროცესი, განსაკუთრებით – ბოლო რვა თვე, საკმაოდ შრომატევადი იყო როგორც ჩვენთვის, ისე აკრედიტაციის ბიუროს თანამშრომლებისთვისაც. აკრედიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მისი თანამშრომლების დიდი დამსახურებაა, რომ “ავერსის კლინიკის” ლაბორატორიამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილა.
მან ხაზი გაუსვა პაატა კურტანიძის წვლილს კლინიკის განვითარებაში – კომპანიის დამფუძნებელი თავიდანვე ხარისხზე იყო ორიენტირებული და თანამშრომლებს დღემდე ყოველგვარ პირობას უქმნის პროფესიული თვითსრულყოფისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის.
ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელმა ნანა ძნელაძემ სტუმრებს გამოკვლევათა ფაქტობრივად სრული სპექტრი და ლაბორატორიის მუშაობის პრინციპები გააცნო:
– ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია მაღალკვალიფიციური მომსახურება, ამიტომ ვიყენებთ მსოფლიოში აღიარებული ბრენდების ანალიზატორებს, ვმუშაობთ მხოლოდ სერტიფიცირებული რეაგენტებით, რაც აკრედიტაციის მიღების ერთ-ერთი პირობა იყო, გამუდმებით ვაწარმოებთ ხარისხის შიდა და გარე კონტროლს, ვზრუნავთ პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, გვაქვს უახლესი ანალიზატორების სპექტრი და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – მათი ანალოგებიც. თუ ტექნიკურმა პრობლემამ იჩინა თავი ან კრიტიკული შედეგი მივიღეთ, ეს კვლევის ანალოგიურ ანალიზატორზე შესრულების საშუალებას გვაძლევს.
როგორც ქალბატონმა ნანამ აღნიშნა, ლაბორატორიის წარმადობა დღითი დღე იზრდება. შარშან 400 000-მდე გამოკვლევა ჩატარდა, მიმდინარე წელს კი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 30%-იანი მატება შეინიშნება. ლაბორატორიას საშუალება აქვს, შეუფერხებლად მოემსახუროს პაციენტთა დიდ ნაკადს.
აკრედიტაციის ეროვნული ბიუროს გენერალურმა დირექტორმა პაატა გოგოლიძემ “ავერსის კლინიკის” ლაბორატორიას წარმატება მიულოცა:
– აკრეტიდაციის პროცესი მართლაც დიდი ხნის შრომის შედეგი გახლავთ. მინდა მოგახსენოთ, რომ, საქართველოს კანონმდებლობით, სამედიცინო ლაბორატორიის აკრედიტაცია სავალდებულო არ არის, ეს ნებაყოფლობითი აქტია. მიხარია, რომ “ავერსის კლინიკის” ლაბორატორიამ საქართველოში პირველმა მიიღო აკრედიტაცია საერთაშორისო სტანდარტის ISO-15189-ის შესაბამისად და, დარწმუნებული ვარ, საქართველოში მრავალი სხვა ლაბროატორიაც მონდომებს, აკრედიტაციის გზით დაადასტუროს საკუთარი კომპეტენტურობა. აღტაცებული ვარ „ავერსის კლინკის“ თანამშრომლების გუნდური მუშაობით, ეს დღე მათი კიდევ ერთი დიდი წარმატებაა.

გააზიარე: