„ავერსის“ საფეხბურთო გუნდი ოქროს ლიგის მესამე ადგილის მფლობელია

„ავერსის“ საფეხბურთო გუნდი ოქროს ლიგის მესამე ადგილის მფლობელია

  • 2026-05-13

„ავერსის“ საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრებს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული არაერთი წარმატება გვახსოვს, მათ შორის – ბრინჯაოს ლიგის პირველი ადგილი და მეგობრობის თასი. 2024 და 2025 წლებში „ავერსმა“ ზედიზედ მოიგო ვერცხლის ლიგა და ოქროს ლიგაში გადაინაცვლა. გუნდის დებიუტი აქაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა - 2026 წლის სეზონი ავერსელებმა მესამე ადგილით დაასრულეს.

მინი-ფეხბურთში კორპორაციული სამოყვარულო ლიგა სპორტული სააგენტო SBM-ის ინიციატივით დაარსდა. პროექტი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ემსახურება. ჩემპიონატი მაღალ დონეზეა ორგანიზებული და მასში მაღალკვალიფიციური – FIFA-ს კატეგორიის – მსაჯები მონაწილეობენ.

„ავერსი-ფარმას“ გენერალურ დირექტორს გიორგი მელანაშვილს მიაჩნია, რომ კომპანიასთან წარმატებული სპორტული კლუბის არსებობას მრავალი დადებითი მხარე აქვს: ჰოლდინგის სხვადასხვა რგოლის თანამშრომლები კვირაში ორჯერ იკრიბებიან და სამუშაო დღის შემდეგ სასიამოვნო განტვირთვას იწყობენ, სპორტულ მოედანზე ყოველთვის მეგობრული და ჯანსაღი ატმოსფეროა, ტურნირები კი სხვა კომპანიებსა და მათ წარმომადგენლებთან საქმიანი და პირადი კავშირების განმტკიცებას უწყობს ხელს.

ბატონ გიორგის განსაკუთრებით ახარებს, რომ თამაშებს ფეხბურთელების შვილებიც ესწრებიან. ისინი აქტიურად გულშემატკივრობენ სპორტულ კლუბს და ცხოვრების ჯანსაღი წესის საუკეთესო მაგალითს იღებენ.

„ავერსის“ საფეხბურთო გუნდის კაპიტან კობა სებუა მიიჩნევს, რომ ლიგაში თამაში კომპანიის ცნობადობის ამაღლების კარგი საშუალებაა.

ნახევარფინალურ შეხვედრაზე ავერსელები ყველაზე ტიტულოვან გუნდს - შსს-ს – დაუპირისპირდნენ. როგორც გულშემატკივრებმა და ექსპერტებმა აღნიშნეს, „ავერსმა“ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს. საბოლოოდ ავერსელები მესამე ადგილს დასჯერდნენ, მაგრამ მომავალში უფრო მაღალი მიზნებისთვის აპირებენ ბრძოლას, მით უმეტეს, წლევანდელი სეზონი ჯერ არ დასრულებულა – წინ ლიგის თასის მატჩები გველის.

წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებთ „ავერსის“ სპორტულ გუნდს.

გააზიარე: