“ავერსი” – კვლავ საუკეთესოთა შორის და კიდევ ორი მნიშვნელოვანი აღიარება

“ავერსი” – კვლავ საუკეთესოთა შორის და კიდევ ორი მნიშვნელოვანი აღიარება

  • 2014-10-27

კერძო სექტორის განვითარების ისტორია საქართველოში სულ ორ ათეულ წელიწადს ითვლის. ევროპის კაპიტალისტური სახელმწიფოებისთვის ეს შესაძლოა არცთუ ბევრი დრო იყოს, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ მოკლე ხანში, ისიც – მუდმივი ცვლილებების ფონზე, ბიზნესის მტკიცე რელსებზე დაყენება, სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა, წარმოების გაფართოება სახუმარო საქმე არ ყოფილა. მიუხედავად ყველა სირთულისა, დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს ბრენდები, რომლებმაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გაითქვეს სახელი.
უკვე რამდენიმე წელია, რაც ბიზნესსექტორის წასახალისებლად მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაზე წარმატებული, ქველმოქმედი, სტაბილური და საიმედო კომპანიების რეიტინგებს აქვეყნებენ. გამარჯვებულთა გამოვლენა საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგების, სპეციალისტების, ეკონომისტების აზრის გათვალისწინებით ხდება, საუკეთესოებს კი საგანგებოდ გამართულ ღონისძიებაზე საზეიმოდ აჯილდოებენ.
2013 წლის რეიტინგების მიხედვით, “ავერსი” საუკეთესო კომპანიად ორმა კვლევითმა ჯგუფმა დაასახელა.
14 ნოემბერს “ავერსს” 20 წელი უსრულდება. ამ ხნის განმავლობაში მან არაერთხელ გამოიჩინა საქმიანი, სოციალური თუ საქველმოქმედო ინიციატივა. ყოველი მისი წამოწყება – თანამედროვე სტანდარტის სააფთიაქო ქსელის შექმნა, ფარმაცევტული საწარმოს ამუშავება, კლინიკათა ქსელის დაფუძნება, სადაზღვევო სექტორში გამოჩენა თუ საქველმოქმედო პროექტები – წარმატებული და საზოგადოების კეთილდღეობაზე გათვლილი იყო.
ფუნიკულიორის კომპლექსის წვეულებათა დარბაზში ტრადიციულ ბიზნესრეიტინგში გამარჯვებული კომპანიებისა და ბიზნესმენთა დაჯილდოების რიგით მეთხუთმეტე ცერემონიალი გაიმართა.
“ჯორჯიან თაიმსისა” და “გორბის” ხელმძღვანელებმა, მალხაზ გულაშვილმა და მერაბ ფაჩულიამ, 2013 წელს სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოდ მიჩნეული კომპანიები, ბრენდები და ბიზნესმენები დაასახელეს.
კომპანია “ავერსი” “ჯორჯიან თაიმსისა” და “გორბის” ბიზნესრეიტინგში, ტრადიციულად, ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. “ავერსს” – გამარჯვებულს ნომინაციაში “ქველმოქმედება, უახლესი ტექნოლოგიები, ეფექტური მენეჯმენტი, სოციალური პასუხისმგებლობა” – ბიზნესის ნაციონალური ჯილდო “გორბიმ” პირველად 2008 წელს გადასცა.
წლეულს საუკეთესოთა სიაში კიდევ 29 კომპანია მოხვდა. ორგანიზატორები განმარტავენ, რომ პროექტის მიზანი ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის მხარდაჭერა, ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენების დაახლოება და ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნესსაზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.
ამავე მიზნებს ემსახურება ჟურნალ “თბილისელების” ბიზნესრეიტინგიც. ჟურნალმა “თბილისელებმა” “ოქროს კატალოგში” მოხვედრილი კომპანიებისა და ბიზნესმენების დაჯილდოება კლუბ “ანდერვილში” გამართა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს სპეციალური სიგელები გადაეცათ. წლის ქველმოქმედად “ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე დაასახელეს.
– “თბილისელების” “ოქროს კატალოგმა” უმასპინძლა პარტნიორებს, ბიზნესკომპანიებს, მათ ლიდერებს, გამოავლინა სეგმენტის წარმატებული წარმომადგენლები... ვფიქრობთ, სასიამოვნო საღამო გამოგვივიდა და ყველა სტუმარი კმაყოფილი დარჩა იმ პოზიტივით, რაც ამ ღონისძიებაზე უხვად იყო, – აღნიშნა თბილისელების “ოქროს კატალოგის” დამფუძნებელმა ეკა სეხნიაშვილმა.
ეს გამარჯვება თითოეულ კომპანიას სტიმულს აძლევს და კვლავ გამარჯვების სურვილს უმძაფრებს.
კომპანია “ავერსისთვის” ეს კიდევ ერთი აღიარებაა საზოგადოებრივ ასპარეზზე, თუმცა მისი საქმიანობის მთავარ მოტივად ისევ და ისევ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე ზრუნვა რჩება.
“ავერსი” გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

გააზიარე: