1 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც მიწვეული იყვნენ საქართველოს ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. "ავერსმა" როგორც საზეიმო კვირეულის სპონსორმა მიღებაზე საკუთარი კუთხე წარმოადგინა.
- "ავერსის" კუთხე კომპანიისა და მისი ექსკლუზიური კოსმეტიკური ბრენდების - "აჰავასა" და "ნორევას" ლაითბოქსებით, ასევე საბავშვო პროდუქციის მიხედვით შერჩეული ანიმაციური გმირებით გავაფორმეთ. "ავერსისგან" საჩუქრები მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმა. გარდა ამისა, ყოველ ნახევარ საათში ვმართავდით გათამაშებას უამრავი სიურპრიზითა და სასიამოვნო სიახლეებით, - გვითხრა "ავერსის" რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ტრადიცია სათავეს იღებს 1776 წლის 4 ივლისიდან, როდესაც ხელი მოეწერა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციას. მას შემდეგ ამ თარიღს საზეიმოდ აღნიშნავენ ამერიკელები და ის ადამიანები სხვა ქვეყნებიდან, ვისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა.
ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორმა ირაკლი ბაიფაშვილმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საელჩოში უკვე მესამე ათეული წელია იმართება:
- ამერიკა როგორც ქვეყანა თავისუფლების იდეით შეიქმნა და დამოუკიდებლობის დღესაც ორიგინალურად აღნიშნავს - არა სამხედრო აღლუმით, არამედ ოჯახურ წრეში, მეგობრების გარემოცვაში, "ავერსი" კი ერთ-ერთი ის გამორჩეული კომპანიაა, რომელსაც მეგობრად მივიჩნევთ.
ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ წვეულებას კელი დეგნანმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რანგში წელს უკანასკნელად უმასპინძლა. მისი თქმით, თავისუფლების იდეა ადამიანებს აერთიანებს და საქართველოსა და ამერიკის მეგობრობაც ამის დასტურია.