ჩვენი ექთნები ჩვენი მომავალია!

ჩვენი ექთნები ჩვენი მომავალია!

  • 2023-05-12

ექთანთა საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით, ექთნების საერთაშორისო დღე მსოფლიოში 12 მაისს აღინიშნება - სწორედ ამ დღეს დაიბადა ფლორენს ნაიტინგეილი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას.

,,ჩვენი ექთნები ჩვენი მომავალია!’’ ექთნების საერთაშორისო დღის 2023 წლის დევიზია, რომლითაც ექთანთა საერთაშორისო საბჭო კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ექთნებს დაფასება სჭირდებათ.

ცოტა რამ ისტორიიდან

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მდიდარ ოჯახში დაბადებულმა, ბრწყინვალე განათლების მქონე ახალგაზრდა ქალმა უარი თქვა მაღალი წრის უზრუნველ ცხოვრებაზე და, მიუხედავად ოჯახის წინააღმდეგობისა, მედდის იმხანად არცთუ პრესტიჟული პროფესია აირჩია. ყირიმის ომის დროს მან უდიდესი როლი შეასრულა დაჭრილი ჯარისკაცების ორგანიზებული მოვლის სისტემის ჩამოყალიბებაში. ის ზედმიწევნით იცავდა ჰიგიენის წესებს და თავის თანაშემწეებსაც ხელების ხშირად დაბანას აიძულებდა, რისი წყალობითაც სიკვდილიანობამ 42-დან 2 პროცენტამდე იკლო. 1860 წელს ფლორენს ნაიტინგეილმა ლონდონში, წმ. თომასის სახელობის საავადმყოფოში, ექთნებისთვის პირველი სკოლა გახსნა.

დღეს ინგლისელი მედდის ღვაწლი სათანადოდ არის დაფასებული: დამწყები ექთნები „ნაიტინგეილის ფიცს“ დებენ, ხოლო მისი სახელობის მედალი მედდის უმაღლესი ჯილდოა.

გამოწვევები

როგორც ამბობენ, ექიმი კლინიკის ტვინია, ექთანი - კლინიკის გული. სწორედ მედდების პროფესიონალიზმი, საქმის დიდი სიყვარული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პაციენტებისა და კოლეგებისადმი კეთილგანწყობაა სამედიცინო დაწესებულების წარმატებული საქმიანობის გარანტია. ექთანს ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის სამედიცინო სისტემაში განსაკუთრებულად საპატიო ადგილი უკავია, რადგან ის პირველი და ზოგჯერ ერთადერთი სპეციალისტია, ვისთანაც პაციენტს ყოველდღიური ურთიერთობა აქვს, შესაბამისად, მედდის განათლების ხარისხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სამედიცინო მიღწევები და თანამედროვე ტექნოლოგიები ექთნისგან მოითხოვს მაღალი დონის პროფესიულ ცოდნას, უნარებს, დარგობრივ და ზოგად კომპეტენციებს. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს ექთნების სასწავლო კურსები. ხარისხიანი და ეფექტური სამედიცინო სერვისების უზრუნველსაყოფად „უწყვეტი საექთნო სწავლების სამსახური“ შექმნილია საქართველოშიც.

მედდის ერთ-ერთი მთავარი ღირსება, პროფესიონალიზმთან ერთად, პაციენტისადმი მისი დამოკიდებულებაა - ექთნისთვის პაციენტი არა მხოლოდ მოვლისა და მკურნალობის ობიექტია, არამედ ადამიანი, რომელსაც მძიმე წუთებში ფიზიკური ზრუნვა და სულიერი თანადგომა სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში სამედიცინო პერსონალის თითქმის ნახევარი ექთნების წილად მოდის, მსოფლიოში, განსაკუთრებით - დაბალი და საშუალო განვითარების ქვეყნებში, ჯერ კიდევ მედდების მწვავე დეფიციტია. აღნიშნულმა პრობლემამ ყველაზე მწვავედ რამდენიმე წლის წინ იჩინა თავი. COVID-19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რაოდენ მნიშვნელოვანია კვალიფიციური ექთანი. მის გარეშე შეუძლებელია ეპიდემიებსა და პანდემიებთან ბრძოლა, მიუღწეველია მდგრადი განვითარების მიზნები და უნივერსალური ჯანმრთელობის ხელისაწვდომობა. კორონავირუსთან ბრძოლის დროს ათასობით ექთანი დაიღუპა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად უამრავი ადამიანი გადაარჩინეს.

კომპანია „ავერსი“ ყველა ექთანს ულოცავს დღესასწაულს და წარმატებასა და პროფესიულ ზრდას უსურვებს. მადლობა იმ ზრუნვისა და თავგანწირვისთვის, რომელსაც თითოეული პაციენტის მიმართ იჩენთ!

გააზიარე: