ტრადიციული ავერსული ჯომარდობა წელს 30-31 ივლისს გაიმართა, პირველ დღეს – “ავერსი-ფარმას”, “ავერსი-რაციონალის” და სადაზღვევო კომპანია “ალფას” თანამშრომლებისთვის, მეორე დღე კი “ავერსის კლინიკას”, ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკას, “მედალფას” და “მედკაპიტალს” დაეთმო. ორი დღის განმავლობაში არაგვის ხეობამ ხუთასამდე ავერსელს უმასპინძლა.
ჯომარდობამ ავერსელებისთვის ჩვეული აზარტით ჩაიარა. დაძაბული და საკმაოდ ძლიერი კონკურენციის პირობებში პირველ დღეს “ავერსი-რაციონალის” (პირველი ადგილი), “ავერსი-ფარმას” (მეორე ადგილი) და “ალფას” (მესამე ადგილი) გუნდებმა გაიმარჯვეს. თიმბილდინგში პირველობა “ავერსი-ფარმას” გუნდმა მოიპოვა.
გენო ხაჩიაური, “ავერსი-რაციონალის” შესაფუთი განყოფილების თანამშრომელი, გუნდის კაპიტანი:
– “ავერსი-რაციონალის” თანამშრომლები ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვმონაწილეობთ ჯომარდობაში და ბოლომდე ვიხარჯებით, ამიტომ ხშირადაც ვიმარჯვებთ, თუმცა ამისთვის მონდომება არ არის საკმარისი – უპირველეს ყოვლისა, გუნდი უნდა იყოს შეკრული. წელს ახალი მოასპარეზეებიც გვყავდა და შეჯიბრებას მათაც შესანიშნავად გაართვეს თავი. როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივი დღე იყო.
ლალი ბრეგვაძე, “ავერსი-ფარმას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:
– ავერსული ჯომარდობა, როგორც ყოველთვის, საინტერესო და აზარტული იყო. სამსახურის გარეთ ერთად გატარებული დღეები ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიაში ურთიერთობების განსამტკიცებლად, მით უფრო – თუ ის ცხოვრების ჯანსაღ წესსაც მოიცავს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მასპინძლებს: “არაგვის სათავგადასვალო ცენტრს”, მის ხელმძღვანელ სოსო მექვევრიშვილს და გუნდს, – რომლებმაც ყველა პირობა შეგვიქმნეს ღონისძიების უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად.
დღის მიწურულს გამარჯვებულთა დაჯილდოებას სიურპრიზი მოჰყვა: ჯგუფ Scartlet Band-ის კონცერტი და ცეცხლოვანი შოუ.