თბილისური ზაფხულის ფესტივალი „არტ-გენი“ რომელსაც ქართული კულტურის და ფოლკლორის თაყვანისმცემლები მთელი წლის განმავლობაში მოუთმენლად ელიან, 19 წლისაა.
ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ტრადიციული რეწვის ნიმუშებმა, თანამედროვე მუსიკის ბენდებმა 15 ივლისიდან კვლავ ერთ სივრცეში - ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოიყარეს თავი.
პროექტს, როგორც შარშან, წლეულსაც კომპანია „ავერსი“ წარადგენს. მას ფესტივალზე საკუთარი სივრცე აქვს მოწყობილი, სადაც მოსულ სტუმრებს სასიამოვნო გარემო, ბრენდირებული, მოსახერხებელი მოსასვენებელი ადგილები, საჩუქრები და გულღია მასპინძლები ელიან.
„ავერსის“ რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ „არტ-გენის“ ორგანიზატორები მთელი წლის განმავლობაში რეგიონებში აგროვებენ პოლიფონიის, რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც ცალკეულ ოჯახებშია შემორჩენილი და რომ არა „არტ-გენი“, ალბათ, ამ ფოლკლორულ საუნჯეს, წლებთან ერთად, გაქრობა დაემუქრებოდა. „ავერსი“ ამ ეროვნულ პროექტის დიდი გულშემატკივარია.
„არტ-გენის“ ორგანიზატორმა სოლომონ გოგაშვილმა აღნიშნა, რომ ფესტივალის მიზანი ქალაქსა და სოფელს შორის კულტურული ხიდის აღდგენა და ტრადიციებზე დამყარებული თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობა გახლავთ.
ხელნაკეთი ნივთების, კულინარიის, ღვინისა და ლუდის სივრცეების პრეზენტაცია მუსიკალური საღამოების ფონზე ტარდება.
ფესტივალმა უკვე უმასპინძლა ფოლკლორულ ჯგუფებს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, სვანეთის, სამეგრელოს, გურიის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, ანსამბლებს: „მესხეთს“, „გორდელას“, „ადილეის“, სუხიშვილების ფოლკლორულ ანსამბლს, რომელიც განახლებული პროგრამით წარდგა მაყურებლის წინაშე, ასევე, „გაგა ფრანს“ და „REGGAEON”-ს.
ფესტივალი „Art-გენი“ ხანმოკლე პაუზის შემდეგ დაგვიბრუნდება 22, 23 და 24 ივლისს, ფოლკლორული ანსამბლების, ნინო ქათამაძის, სანდრო ნიკოლაძის და "33ა"-ს კონცერტებით. ავერსის ულამაზესი სივრცე კი ელოდება სტუმრებს, სადაც ბევრი საჩუქრები და სურპრიზი დახვდებათ.