"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

  • 2022-01-20

 

20 იანვარს განახლდა მემორანდუმი, რომელიც ყოველწლიურად ფორმდება "ავერსსა" და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის.

 

მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" იღებს ვალდებულებას, დააფინანსოს ოლიმპიური ნაკრების წევრებისა და ვეტერანი სპორტსმენების სამედიცინო მომსახურება "ავერსის" კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს ისინი მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებით.

 

თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა დღემდე

ისარგებლეს 1 270 678 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით და  მიიღეს 860 295 ლარის ღირებულების მედიკამენტები. ჯამური თანხა 2 130 973 ლარს შეადგენს.

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი

ხაბელოვმა აღნიშნა, რომ "ავერსთან" თანამშრომლობა უდავოდ აისახა სპორტულ მიღწევებზე. გასული წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები ბრწყინვალედ წარდგნენ და ტოკიოდან რვა მედალი ჩამოიტანეს. ამჯერად ისინი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან და აქაც "ავერსის" უდიდეს მხარდაჭერას გრძნობენ.

- სპორტი ტრავმული სფეროა, ამიტომ მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი სპორტსმენების წარმატებაში "ავერსის" წვლილი უდავოდ დიდია, - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

 

"ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ ოლიმპიურ კომიტეტთან 14- წლიანი თანამშრომლობა  გრძელდება და მადლობა გადაუხადა საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საერთაშორისო სარბიელზე მიღწეული შედეგებისთვის.

 

მემორანდუმის ხელმოწერას ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი დაესწრო. ის საგარეჯოდან საგანგებოდ ჩამოვიდა მადლიერების გამოსახატავად, რადგან რომ არა "ავერსის კლინიკის" შესანიშნავი ექიმები და უმაღლესი დონის მომსახურება, მხედველობას სამუდამოდ დაკარგავდა.

 

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ "ავერსი" ქართული სპორტის დიდი გულშემატკივარია და სპორტსმენებს მომავალ  ასპარეზობებზე წარმატება უსურვა.

გააზიარე: