"ავერსის კლინიკის" და "ავერსის" ტრადიციად ქცეული საქველმოქმედო აქციების ნუსხას კიდევ ერთი აქცია შეემატა _ 4 ივლისს "ავერსი" ადიგენს ესტუმრა. უფასო სამედიცინო გასინჯვები სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად ყაზბეგში, შატილში, სამცხე-ჯავახეთში, თუშეთში, უჯარმასა და გორის რაიონში ჩატარდა. აქციის ფარგლებში 40 000 ლარამდე მედიკამენტი გაიცა. "ავერსი" უმეტესწილად მაღალმთიან სოფლებს სტუმრობს, სადაც სამედიცინო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს. უფასო გამოკვლევა-გასინჯვა ადიგენის რაიონის მოსახლეობისთვისაც გამორჩეულად მნიშვნელოვანი გახლდათ _ აქ რამოდენიმე სოფელი მხოლოდ ერთი ექთნის იმედად არის დარჩენილი. როგორც "ავერსის" კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის სრულიად უსასყიდლოდ შეთავაზება მნიშვნელოვანია სოფლებსა და რეგიონებში, სადაც სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის; _ "ტრადიციად ქცეული გასინჯვების აქცია უკვე რამოდენიმე სოფელსა და რეგიონში ჩავატარეთ. ამჯერად ადიგენს ვესტუმრეთ. ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა თავად მოგვმართა თხოვნით, რომ ამ აქციის ფარგლებში ადიგენის მოსახლეობა ჩაგვერთო. მართლაც, ვეწვიეთ ამ რაიონს, ჩავიტანეთ სამედიცინო აპარატურა, წავიყვანეთ ექიმების გუნდი, რომლებიც ასეთ აქციებში მუდმივად იღებენ მონაწილეობას.
"ავერსის" კლინიკის ექიმებმა ადიგენის რაიონში მცხოვრები, კერძოდ მოხეს, ნამინაურის, ციხისუბნის და ჭეჭლას მოსახლეობას ექოსკოპიური, ოფთალმოლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, პედიატრიული და ნევროლოგიური გამოკვლევები ჩაუტარეს. ადგილობრივ მაცხოვრებლებს ფარისებრი ჯირკვლის ლაბორატორიული გამოკვლევის საშუალებაც ჰქონდათ. აქციის ფარგლებში ასზე მეტი ადამიანი გავსინჯეთ. უმეტესობას არა თუ ექიმთან ვიზიტის, მედიკამენტის შეძენის სახსრებიც არ ჰქონდათ. "ავერსმა" აქციაში მონაწილე თითოეულ მოსახლეს საჩუქრად პირველადი დახმარების 18 დასახელების მედიკამენტისგან შემდგარი ნაკრები გადასცა".
"ავერსი" თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი მათზე ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია. ადიგენის რაიონში დაგეგმილი აქციაც სწორედ ამ მისიას ემსახურებოდა. მსგავსი ტიპის აქციები ტრადიციაა და მომავალშიც კვლავ გაგრძელდება.
"ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!