11 ივლისი - საუკეთესო დღე თავგადასავლებისთვის

11 ივლისი - საუკეთესო დღე თავგადასავლებისთვის

  • 2021-07-15

ჯომარდობის ავერსულ ტრადიციას, რომელიც 2010 წლიდან იღებს სათავეს, შარშან პანდემიამ შეუშალა ხელი. წელს კი ავერსელმა ჯომარდებმა მდინარე არაგვის ხეობა ისევ აახმაურეს.

ექსტრიმისა და თავგადასავლების მოყვარული ავერსელები მოუთმენლად ელოდნენ უქმეებს. ღონისძიება ორი დღე გაგრძელდა. 10 ივლისს ჯომარდობაში ერთმანეთს შეეჯიბრნენ „ავერსი-ფარმას“, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის, „ავერსი-რაციონალის“ და „ალფას“, ხოლო 11-ში - „ავერსის კლინიკის“, ქირურგიის ეროვნული ცენტრის, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის, „მედალფას“ და „მედკაპიტალის“ გუნდები.

ხეობაში ჩასულებს ღონისძიების ორგანიზატორებმა არაგვის პირას მოწყობილი დასასვენებელი კუთხეები დაახვედრეს, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლებოდა. ამინდმაც გაამართლა. წვიმამ ავერსელებს ხეობაში დაბრუნება მიულოცა და ასპარეზი დაუთმო.

შეჯიბრებაც დაიწყო. მდინარეზე ორ ნაკადად დაშვებულ ჯომარდებში აზარტისა და ადრენალინის მოზღვავება იგრძნობოდა. თითოეული ჯგუფი ბოლომდე იბრძოდა გამარჯვებისთვის. იყო ყიჟინა, მხიარული გადაძახილები... არაგვთან ჭიდილით დაღლილ-დაქანცულები, ახლა თიმბილდინგში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. გუნდურობაზე ორიენტირებულ, ცოცხალ, ენერგიულ თამაშებში ჩართულებს გულშემატკივრები ამხნევებდნენ. გუნდები ქულასაც არ თმობდნენ. ამ ყველაფერს თან ახლდა სიცილი, ხალისი, კურიოზები...

დასასვენებლად არავის ეცალა. ორგანიზატორებმა მშვენიერი სანახაობრივი და მუსიკალური სიურპრიზები მოუწყვეს სტუმრებს - ემოციებით ყელამდე დამუხტულმა ავერსელებმა ვერც კი შეამჩნიეს, როგორ აღმოჩნდნენ სალიოსა (სალომე კორკოტაშვილი) და მემეს (მარიამ ჟორდანია) კონცერტზე. არაჩვეულებრივი პროგრამის შემდეგ, შებინდებულზე, ცეცხლოვანი შოუ გაიმართა.

ამ ულამაზეს სანახაობას კი კულმინაცია - გამარჯვებულების დაჯილდოება მოჰყვა.  პირველ დღეს თიმბილდინგში „ავერსი ფარმას“  გუნდმა გაიმარჯვა, მეორე დღეს - ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გუნდმა. რაც შეეხება ჯომარდობას, პირველ დღეს პირველობა არავის დაუთმო „ალფას“ გუნდმა, მეორე ადგილი „ავერსი-რაციონალს“ ერგო, მესამე კი - „ავერსი ფარმას“. მეორე დღეს პირველობა „მედალფამ“ მოიპოვა, ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა და „მედკაპიტალმა“ კი მეორე და მესამე ადგილები გაიყვეს. ყველა გამარჯვებული „ავერსის“ სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ.

დღის ბოლოს არაგვის ხეობა აჭარულის, მთიულურის, ლაზურის ჰანგებმა კიდევ უფრო გამოაცოცხლა. აღმოჩნდა, რომ გუნდები ერთმანეთს არც ცეკვაში უდებდნენ ტოლს.

კომპანიის დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ცხოვრების ჯანსაღი წესის მაგალითს თავად აძლევდა თანამშრომლებს და მათთან ერთად ასპარეზობდა.

- ეს აზარტული სპორტი, ერთი მხრივ, თანამშრომლების დამეგობრებას და ერთ გუნდად შეკვრას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი დასვენებისა და განტვირთვის ძალიან კარგი საშუალებაა, - გვითხრა მან, - კარგი დასვენება და აქ მიღებული მუხტი, რა თქმა უნდა, შრომის ნაყოფიერებაზეც აისახება, მაგრამ ყველაზე მეტად  ის მახარებს, რომ ავერსელებს შორის ასეთ ერთსულოვნებას, ასეთ მეგობრულ, გუნდურ სულისკვეთებას ვხედავ.

ირაკლი ფურცელაძე, „ავერსი-ფარმას“ გენერალური დირექტორი:

- ორწლიანი ლოდინის შემდეგ მოგვეცა საშუალება, ისევ წავსულიყავით არაგვზე საჯომარდოდ. ყველაფერი, როგორც ყოველთვის, მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. თამაშებიც, რეგულაციების შესაბამისად, რაც შეიძლება არაკონტაქტური შეირჩა. „ავერსი“, როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდამჭერი, მომავალშიც ჩაატარებს ასეთ ღონისძიებებს. იგეგმება ახალი აქტივობებიც, რომლებიც პანდემიის უკუსვლასთან ერთად უფრო და უფრო მასშტაბური გახდება.

ეკა ბურძენიძე, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის დირექტორი:

- ძალიან სასიამოვნო, ხალისიანი და დატვირთული დღე გამოვიდა. არა მხოლოდ თბილისის, არამედ სხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ფარმაცევტებმაც მიიღეს მონაწილეობა ჯომარდობაში, აზარტულ თამაშებში, დაბრუნდნენ შინ ემოციებით სავსეები და უზომოდ კმაყოფილები, იმ იმედით, რომ გაისად არაგვის ხეობაში ერთად ისევ საუკეთესო დროს გავატარებთ.

მალხაზ კურტანიძე, „ავერსი-რაციონალის“ გენერალური დირექტორი:

- ექსტრიმიც იყო და სიამოვნებაც, ბრძოლის ჟინიც და ურთიერთობის სიხარულიც. ამჯერად მეორე ადგილს დავჯერდით. როგორც ყოველთვის, ყველაფერი დაუვიწყარი იყო.

აკაკი ლომაური, სადაზღვევო კომპანია „ალფას“ აღმასრულებელი დირექტორი:

- მეორედ ვესწრები ავერსულ ჯომარდობას. პირველ ჯერზე საუკეთესო მოგონებებით დავბრუნდით, მომდევნო წელს კი პანდემია დაიწყო და ჯომარდობა ვეღარ გაიმართა. ამჯერად ძალიან ვისიამოვნეთ. მართლაც თავდაუზოგავი ბრძოლით მოვიპოვეთ პირველი ადგილი და მოქმედი ჩემპიონების სტატუსით დავბრუნდით.

ლალიბრეგვაძე, „ავერსის“ რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:

- პანდემიით გამოწვეული იძულებითი შესვენების გამო ავერსელები განსაკუთრებით ელოდნენ ამ დღეს, ამიტომ გვინდოდა, ის განსხვავებული და უფრო მეტად დასამახსოვრებელი გამოსულიყო. ავერსელებმა საოცრად ძლიერი გუნდური სულისკვეთება გამოამჟღავნეს, ხალისით ჩაერთნენ აქტივობებში და ძალიან ისიამოვნეს. ამისთვის კი მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პაატას, რომელიც ყოველთვის მხარში გვიდგას და მეგობრულ და ჰარმონიულ ატმოსფეროში ურთიერთობის საშუალებას გვაძლევს.

დიმიტრი ჯორბენაძე, „ავერსის კლინიკის“ გენერალური დირექტორი:

- ჯომარდობა ერთ-ერთი საუკეთესო ავერსული ტრადიციაა. ამ დღეს განსაკუთრებით ველით. მთელი ჰოლდინგი ერთად იკრიბება, ვხვდებით კოლეგებს...  მინდა, ყველას მოვუწოდო, ჩაებან ამ შესანიშნავ სპორტში, ხშირად გავიდნენ ბუნების წიაღში და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიონ.

თეა გამეზარდაშვილი, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

- ქირურგიის ეროვნული ცენტრი ჯომარდობაში უკვე მეხუთე წელია მონაწილეობს. ყველა ჯომარდობა დაუვიწყარი იყო, მაგრამ წლევანდელი განსაკუთრებული გახლდათ, რადგან ამდენი ხნის მონატრებულ მეგობრებს შევხვდით... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თიმბილდინგი ძალიან მნიშვნელოვანია და გაცილებით უკეთესი მოტივატორია კომპანიაში დასაქმებული ადამიანებისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფორმით წახალისება. მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას ყოველთვის დიდი სიამოვნებით მივიღებთ.

მაკა სოლოღაშვილი, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

- პროფესიონალიზმი და უახლესი ტექნოლოგიები წარმატების ნახევარია, მეორე ნახევარს კი გუნდის განწყობა, ერთ მთლიანობად შეკვრა განაპირობებს. 11 ივლისის ღონისძიება ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, სიურპრიზებით და ემოციებით სავსე. დიდხანს გაგვყვება ეს ემოციები და მომავალი ღონისძიებების მოლოდინში საქმეს კიდევ უფრო ენერგიულად, კიდევ უფრო მეტი მოტივაციით შევუდგებით.

სოფო ბაბუციძე, „მედალფას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

- ნებისმიერ შეჯიბრებაში გამარჯვება, რა თქმა უნდა, ამაღელვებელია. ძალიან მიხარია, რომ წლევანდელ ჯომარდობაში საუკეთესო „მედალფა“ აღმოჩნდა. ეს იყო ულამაზესი დღე, თავგადასავლებით და შთაბეჭდილებებით სავსე.

ეკა ქემაშვილი, „მედკაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი:

- 2002 წლიდან ავერსელი ვარ და ბევრ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა. მინდოდა, ეს სულისკვეთება „მედკაპიტალშიც“ გადამეტანა. ჯომარდობაში 2019 წლიდან ჩავერთეთ. მაშინ მთელი გუნდი აღფრთოვანებული, ბედნიერი იყო. დიდხანს საუბრობდნენ განცდილ ემოციებზე. ჯილდოც წამოვიღეთ. წელსაც გაგვიმართლა და მესამე ადგილზე გავედით. მიხარია, რომ ასეთ მეგობრულ ორგანიზაციაში ვმუშაობ, მთელ „ავერსს“ კი წინსვლას და უამრავ გამარჯვებას ვუსურვებ.

მართლაც ძალიან ლამაზი, ხალისიანი და ემოციებით აღსავსე დღე აჩუქა „ავერსმა“ თანამშრომლებს. ტელეკომპანია „პულსის“ გუნდმა კი თავდაუზოგავად იშრომა და ავერსელებს საოცარი სიურპრიზი მოუწყო - დღის მიწურულს ფილმად ქცეულ ამ ულამაზეს დღეს ახლა ეკრანზე ადევნებდნენ თვალს და ემოციების ბოლო წვეთებს აგროვებდნენ.

ავერსელები ულამაზესი ფეირვერკით დაემშვიდობნენ არაგვის ხეობას და მომავალ წელს დაბრუნებას დაჰპირდნენ.

გააზიარე: