ჯომარდობა - ავერსული ტრადიცია გრძელდება

ჯომარდობა - ავერსული ტრადიცია გრძელდება

  • 2014-06-24

ჯომარდობა ერთ-ერთი ყველაზე მოდური და ლამაზი ექსტრემალური სპორტია. პატარა ნავი მდინარის აქაფებულ ზვირთებში, ხმაურიანი ხეობა და ულამაზესი პეიზაჟები, რომლებიც თვალწინ კადრებად იცვლება დადებითი ემოციით გავსებს. მთავარი კი აზარტი და ადრენალინია, რომელიც ჯომარდობის დროს გამორჩეულად დიდი რაოდენობით იგრძნობა.
სპორტის ამ სახეობაში შიდაკორპორატიული შეჯიბრი "ავერსმა" უკვე მეოთხედ გამართა - არც წლეულს უღალატა ტრადიციას და მდინარე არაგვის ხეობას ესტუმრა.
როგორც ჯომარდობის ორგანიზატორმა "ავერსის" რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ აღნიშნა, ჯომარდობაში მონაწილეობის მსურველი წელს განსაკუთრებით ბევრი იყო:

- ხეობას 270 ავერსელი სტუმრობდა. მათგან 162 უშუალოდ ჩაერთო ჯომარდობაში, დანარჩენები კი გულშემატკივრები გახლდნენ. მათთვის სპორტული თამაშობებიც გაიმართა. სოფელი მაღაროსკარიდან თვალივამდე, მდინარე არაგვის თორმეტ კილომეტრიანი საკმაოდ რთული საჯომარდო მონაკვეთია. მის დასაფარად საათნახევარია საჭირო. უხვი ნალექის ფონზე წყლის დონემ იმატა და ხეობაში ნავით დაშვება წინა წლებთან შედარებით კიდევ უფრო რული და ექსტრემალური იყო. საოცარი აზარტი, ადრენალინის დიდი დოზა და მხიარული განწყობა იგრძნობოდა.

"ავერსი-ფარმას" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ აღნიშნა, რომ ამ დღისთვის თითოეული ავერსელი განსაკუთრებით ემზადებოდა:
- შიდაკორპორაციული შეჯიბრება სპორტის ამ ექსტრემალურ სახეობაში "ავერსისთვის" ტრადიციად იქცა. ყველა ცდილობს საუკეთესო შედეგი აჩვენოს. ავერსელები ამ შეჯიბრში საოცარი აზარტით ჩაერთნენ. ბევრს ოჯახის წევრები ჰყავდა წამოყვანილი, რაც მათ შედეგებზე კიდევ უფრო პოზიტიურად აისახა. ტურნირი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. მთავარი კი ის გახლავთ, რომ ჯომარდობა სპორტის გამორჩეული სახეობაა. აქ ერთ ნავში მჯდომნი ერთმანეთზე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ჩვენი ნავიდან სამი მონაწილე წყალში გადავარდა... ყოველი ჩვენგანი ცდილობდა ერთმანეთისთვის საყრდენი და იმედი ყოფილიყო. ეს განწყობა გუნდურობის შეგრძნებას აღრმავებს, რაც შემდეგ სამუშაო პროცესზეც აისახება...

"ავერსი-გეოფარმის" ხელმძღვანელმა ბატონმა გია ჩიგოგიძემ აღნიშნა, რომ ჯომარდობის თითოეულმა მონაწილემ საოცრად პოზიტიური განწყობით დატოვა არაგვის ხეობა:
- "ავერსი" ცხოვრების ჯანსაღ წესს უწევს პოპულარიზაციას და ასეთი ღონისძიებები ძალიან წაადგება ჩვენს ერთიან ინტერესებს. სახალისო შეჯიბრების შემდეგ თითოეული მონაწილე დადებითი ემოციით მოდის სამსახურში, უფრო მოტივირებული და შრომისუნარიანია, ამასთან კიდევ უფრო მეტად გრძნობს გუნდურ სულისკვეთებას, რაც სამუშაო პროცესში გამორჩეულად მნიშვნელოვანია.

"ავერსის" კლინიკის გენერალური დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე აღნიშნავს, რომ ჯომარდობის ტურნირი ერთ-ერთი საუკეთესო ავერსული ტრადიციაა:
- ამ დღეს მოლოდინით ვხვდებით. ყველა დიდი სიხარულით იღებს მონაწილეობას, რადგან ეს ღონისძიება დასვენების, გართობის, განტვირთვის და თანამშრომელთა შორის კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა.
ამასთან, შეჯიბრის დროს მთავარია გუნდური წარმატება. მოგეხსენებათ გუნდურობის განცდას მედიცინაშიც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ასე რომ ეს ტურნირი ჩვენთვის ყოველმხრივ საინტერესო გახლდათ.
ჯომარდობაში ერთი გამარჯვებული არ გვყავს, ყველა გამარჯვებულია.

სადაზღვევო კომპანია "ალფა" ჯომარდობის ტურნირში მონაწილეობას ტრადიციულად აქტიურად იღებდა. კომპანიის ხელმძღვანელმა მაკა სოლოღაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტურნირის შემდეგ თითოეულ მონაწილეს დადებითი ემოცია დიდხანს მიჰყვება ხოლმე:
- ჩვენი დამფუძნებლის ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. ის "ავერსის" თითოეული რგოლის თანამშრომლების შეკავშირებას, დამეგობრებას უწყობს ხელს და გუნდურობის შეგრძნებას აღრმავებს. კლინიკის, "რაციონალის", სააფთიაქო ქსელის, "ალფას" და "ავერსი-ფარმას" თანამშრომლებს შორის საუკეთესო ურთიერთდამოკიდებულებას ქმნის.

ტურნირში რაციონალის გუნდმა გაიმარჯვა, მეორე და მესამე ადგილები "ფარმას" გუნდებმა დაიკავეს. წლეულს "ავერსი-ფარმას", "ავერსი გეოფარმის", "ავერსი-რაციონალის", ავერსის კლინიკის და სადაზღვევო კომპანია "ალფას" გარდა ჯომარდობაში მონაწილეობა ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმაც მიიღო.

ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ბაზაძე აღნიშნავს, რომ ტურნირი ძალიან აზარტული გახლდათ:
- ჯომარდობაში მონაწილეობას 23 გუნდი იღებდა. გამოცდილი, ტრადიციული ლიდერები ისევ ინარჩუნებდნენ ნიშას. ამ ღონისძიებაში ქირურგიის ეროვნული ცენტრის 15 თანამშრომელი მონაწილეობდა. ორ გუნდად გახლდნენ წარმოდგენილნი და მიუხედავად იმისა, რომ დაიღალნენ, მეორე დღეს საოცარი შემართებით, ხალისიანი განწყობით მოვიდნენ სამსახურში. ასეთი სპორტული შეჯიბრებები ხშირად უნდა გაიმართოს, ჩვენც მომავალში მონაწილეობას უფრო დიდი შემადგენლობით მივიღებთ.

ზურაბ გულიაშვილი რაციონალის გამარჯვებული გუნდის კაპიტანი გახლავთ ის საწარმოს ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის თანამშრომელია:
- ჯომარდობის ტურნირში მონაწილეობა უკვე მეორედ მივიღე. ვცდილობ, მსგავსი კორპორაციული სპორტული ღონისძიებები არ გამოვტოვო. არაფორმალურ სიტუაციაში თანამშრომლები უკეთ ეცნობიან ერთმანეთს. აზარტი ძალიან სასიამოვნო გრძნობაა და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის გამარჯვებისკენ სწრაფვა მხოლოდ სპორტული კი არა, ყოველდღიური, სამსახურეობრივი მიზანიც გახლავთ. ამ შემართებით მუშაობა ყოველთვის უფრო ნაყოფიერია.

ჯომარდობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია "ავერსისთვის" ტრადიციაა, ასე რომ მომავალ ტურნირებს თითოეული ავერსელი მოუთმენლად დაელოდება. ის ხომ ხალისიანი განწყობის და დადებითი ემოციის, წარუშლელი შთაბეჭდილებებისა და მეგობრობის საწინდარია.

გააზიარე: