ფონდი

ფონდი "ავერსი" ბერი ანდრიას სახელობის ფონდს დაეხმარა

  • 2014-06-02

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ფონდმა "ავერსმა" საქველმოქმედო აქციით აღნიშნა - ბერი ანდრიას სახელობის სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო სახლს ესტუმრა და პატარებს მათთვის საჭირო მედიკამენტები, სხეულის ჰიგიენის საშუალებები და ტკბილეულობა გადასცა. კომპანია "ავერსის" რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ქეთევან ნასარიძემ აღნიშნა, რომ კომპანია "ავერსი" ფონდს მათთვის აუცილებელი ნივთების შეძენაშიც დაეხმარება.

სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო სახლი სამი წლის წინ, ბერი ანდრიას გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა. მას დედა თინათინი უძღვება. დედას ეძახიან, თუმცა მონაზონი არ არის, ასე კი იმიტომ მიმართავენ, რომ დედასავით ზრუნავს ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებზეც. როგორც თინათინმა გვითხრა, სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვა ბერმა ანდრიამ თავად სთხოვა. შვილის კურთხევას ვასრულებო _ ამბობს. ბერი ანდრიას ფონდი ახლა 24 პატარას მფარველობს. სახლი დიდ დიღომში მირიან მეფის ქუჩაზე მდებარეობს. პატარა მყუდრო ეზოც აქვს და, რაც მთავარია, აქ ყოველთვის ბავშვების ჟრიამული ისმის. პატარებს სიცოცხლის ყოველი წუთისთვის ბრძოლა უწევთ. როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ბევრი მათგანი ხანმოკლე სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლის. სარეაბილიტაციო სახლში კი, მათ ამ წუთებსაც ულამაზებენ.
_ ჩვენი სახლი დახმარებას სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს უწევს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აქ არ არიან ონკოჰემატოლოგიური ავადმყოფები, არამედ მხოლოდ ისეთები, ვისაც სიმსივნე სხვადასხვა ორგანოზე გაუჩნდათ. ჩემი მიზანია, მათი მდგომარეობა საზოგადოებისთვის ისევე რეზონანსული იყოს, როგორც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების შემთხვევაში. საბედნიეროდ, ონკოჰემატოლოგიურ პაციენტებს აქვთ კლინიკა, სარეაბილიტაციო სახლიც, სახელმწიფო პროგრამებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობა 100%-ით ფინანსდება, ჯანდაცვის მინისტრმა ქმედითი ნაბიჯები გადადგა ამ სფეროში. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვი ჩვენს ბავშვებზე. სოლიდური სიმსივნით დაავადებულ პატარებს სახელმწიფო მხოლოდ ნაწილობრივ აფინანსებს. ბავშვები უმეტესად შეჭირვებული ოჯახებიდან არიან. ზოგი პროცენტიან ვალს იღებს, ზოგი სახლს ყიდის რომ ბავშვს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს... როდესაც პატარა ამ ქვეყნიდან მიდის, უმეტეს შემთხვევაში ოჯახი არა მარტო მორალურად და სულიერად ნადგურდება, არამედ სრულ სიღატაკეში _ სახლის გარეშე რჩება. ფონდი იმ ოჯახებზეც ზრუნავს, ვისი შვილებიც გარდაიცვალნენ. მშობლებთან ურთიერთობას არ ვწყვეტთ, ისინიც გვეხმარებიან ჩვენი პატარების მოვლაში...
მიხარია, რომ საზოგადოება უყურადღებოდ მაინც არ გვტოვებს. ჩვენი ფონდი კერძო პირების, უბრალო ადამიანების შემოწირულობით არსებობს. "ავერსი" პერიოდულად გვეხმარება _ საჭირო მედიკამენტებით უზრუნველგვყოფს.
სარეაბილიტაციო სახლის პატარებს თამთა ექიმიც დედასავით უყვართ. თამთა დემურიშვილი იაშვილის სახელობის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ექიმია, თუმცა ამბობს, რომ ბერი ანდრიას სახელობის სახლის პატარების პრობლემები კიდევ უფრო მძიმეა და უკვე რამდენიმე თვეა მათ გვერდითაც არის:
ჩემი სურვილია, რომ უსახსრობის გამო საქართველოში არც ერთი ბავშვი არ დაიღუპოს და თანადგომით, სიყვარულით ბავშვთა ასაკის სიმსივნურ დაავადებებს ერთად დავამარცხებთ.

ფონდი "ავერსი" ბერი ანდრიას სახელობის ფონდს დახმარებას პერიოდულად უწევს და პატარებს საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფს.

"ავერსი" ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და მათ ჯანმრთელობასა და ბედნიერ ბავშვობას უსურვებს.

გააზიარე: