ავერსის კლინიკის ექიმები კახეთს ეწვივნენ

ავერსის კლინიკის ექიმები კახეთს ეწვივნენ

  • 2013-09-28

რთველი ქართველი კაცისთვის მხოლოდ მოსავლის აღებას არ ნიშნავს, ეს შემოდგომის ყველაზე ლამაზი რიტუალია. ვაზი და ღვინო ჩვენი ქვეყნის სიმბოლოა და მათ არა მხოლოდ ჩვენს კულტურასა და ხელოვნებაში, არამედ, ქართველი ადამიანის გულშიც გამორჩეული ადგილი უკავიათ. რთველი და შემოდგომა კახეთში მაინც სხვაფერია: ოქროსფერი, თბილი დღეები, შეყვითლებულ ფოთლებსა და ბარაქიან მტევნებში მოელვარე მზის სხივები, ყურძნისა და ბადაგის სურნელით გაჯერებული ჰაერი, ბარაქა და ხვავი ყველა ოჯახში... ამ დროს კახეთში ყოფნას არაფერი ჯობს.  "ავერსის კლინიკის" ექიმებმა კახეთში სტუმრობა და რთველში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს. 28 სექტემბერს ორი დღით რაიონში გაემგზავრნენ და იქაურებს ყურძნის კრეფაში დაეხმარნენ, საწნახელში ღვინო ჩაწურეს, მეორე დღეს კი, თათარობას დაესწრნენ, ჩურჩხელები თავად ამოავლეს და ხარიხებზე ჩამოჰკიდეს _ ერთი სიტყვით, კახურ საშემოდგომო ტრადიციებში მონაწილეობა მიიღეს და უსაზღვრო ემოციებით დატვირთულნი დაუბრუნდნენ თბილისს. _ ვაზი, ღვინო, ვენახი და, რა თქმა უნდა, რთველი ყოველი ქართველისთვის საოცრად მშობლიურია. გადავწყვიტეთ, "ავერსის კლინიკის" ექიმებს ამ არაჩვეულებრივ საშემოდგომო რიტუალში მონაწილეობა მიგვეღო. ამასთან, ქართველ გლეხს შემოდგომაზე ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. დამატებითი მუშახელი განსაკუთრებით რთველშია მნიშვნელოვანი _ ყურძენი სწრაფად უნდა დაიკრიფოს, დაბინავდეს, დაიწუროს... ეს ყველაფერი იმდენად ლამაზია და იმდენად გავსებს დადებითი ენერგიით, რომ სამომავლოდ, რთველში სიარული ერთ-ერთ საუკეთესო ტრადიციად უნდა დავნერგოთ. კიდევ ერთი პლუსი, რაც ჩვენს კახეთში სტუმრობას აქვს გახლავთ ის, რომ მსგავსი ექსკურსიები, ქალაქგარეთ გასვლა, ლაშქრობა და უკვე ტრადიციად ქცეული სამედიცინო გასინჯვების სერია საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში თავად ჩვენი კოლექტივისთვის შესანიშნავი განტვირთვაა. ამასთან, ასეთ დროს საშუალება ეძლევათ, კიდევ უფრო დაუახლოვდნენ და დაუმეგობრდნენ ერთმანეთს. გუნდური, ერთიანი კოლექტივი კი, თავად კომპანიის წარმატების საწინდარია _ აღნიშნა "ავერსის კლინიკის" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ.
რთველში "ავერსის" რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძეც იმყოფებოდა: _ კახური შემოდგომა მთელი თავისი სილამაზით ვიხილეთ. ყურძნის კრეფა არც ისეთი იოლი ყოფილა, შორიდან რომ გვეგონა, თუმცა ეს შრომა მაინც ძალიან სასიამოვნო და სახალისო იყო. ღვინის დაწურვა და, რა თქმა უნდა, ჩურჩხელების გავლება ულამაზესი საშემოდგომო რიტუალია, რომლის მონაწილენიც "ავერსის კლინიკის" ექიმები გახდნენ. გინახავთ, როგორი სიყვარულით უვლის კახელი გლეხი ვენახს? ქართველებისთვის ვაზი თითქოს ცოცხალია. მათი შრომა და ვაზის სიყვარული კიდევ უფრო დასაფასებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვენახის მოვლა საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა. სასიამოვნოა, რომ მათი შრომის შემსუბუქებაც შევძელით და თავადაც არაჩვეულებრივი დღეები გავატარეთ საქართველოს ამ შესანიშნავ კუთხეში. ეს დღეები "ავერსის კლინიკის" ისტორიაში კიდევ ერთ ულამაზეს ამბად ჩაიწერება.
"ავერსის კლინიკა" გისურვებთ ჯანმრთელობას და დოვლათიან შემოდგომას.

გააზიარე: