კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის სამართლებრივი რეგულირება ჩვენს ქვეყანაში, თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნის თვალსაზრისით, სულ უფრო აქტუალური ხდება.
23 ივლისს "ავერსი-ფარმამ" უმასპინძლა სემინარს, რომელიც აუდიტორულმა კომპანიამ "ფრაისუოთერჰაუსკუპერსმა" გამართა. შეხვედრა კონკურენციის კანონმდებლობის დეტალურ გაცნობას ისახავდა მიზნად.
სემინარს "ავერსის" ასამდე თანამშრომელი ესწრებოდა, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული კომპანიაში მიმდინარე ბიზნესპროცესებთან.
_ კომპანიის იურიდიული და ფინანსური სამსახურების წარმომადგენლები, ასევე ბიზნესპროცესებთან დაკავშირებული რგოლების თანამშრომლები დეტალურად უნდა იცნობდნენ კანონმდებლობას, რომელიც კონკურენციის სამართალს არეგულირებს. ამ მიზნით მოვიწვიეთ აუდიტორული კომპანია "ფრაისუოთერჰაუსკუპერსი", რომლის წარმომადგენლებმა დამსწრეებთან ერთად განიხილეს კანონმდებლობის მთავარი ასპექტები. "ავერსი" იცავს კონკურენციის კანონს და მთლიანად იზიარებს საბაზრო საკანონმდებლო პოლიტიკას, რადგან ის, პირველ რიგში, მომხმარებელზეა ორიენტირებული და ჩვენი მიზანიც სწორედ მომხმარებლის ინტერესების დაცვაა, _ აღნიშნა "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ.
სემინარს უძღვებოდნენ შპს "ფრაისუოთერჰაუსკუპერსის" წარმომადგენლები – თეონა ჟიჟიაშვილი და ვანო გოგელია.
_ კომპანია "ავერსს" შემუშავებული აქვს კონკურენციის პოლიტიკა და ზედმიწევნით იცავს საკანონმდებლო რეგულაციებს. "ავერსის" ინიციატივით ჩავატარეთ სემინარი და თანამშრომლებს დეტალურად გავაცანით ის შეზღუდვები და აკრძალვები, რომლებსაც ითხოვს კონკურენციის სამართალი და რომლებსაც შეიძლება მუშაობის პროცესში შეეჯახონ, _ აღნიშნა "ფრაისუოთერჰაუსკუპერსის" იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელმა ვანო გოგელიამ.
"ავერსი", მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, ზედმიწევნით ითვალისწინებს კონკურენციის სამართლის ყველა ასპექტს.