"ავერსს" ქართული სპორტის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს

  • 2020-01-28

28 იანვარს „ავერსის კლინიკაში“ საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა“ და „ავერსის კლინიკამ“ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებული მემორანდუმი განაახლეს, რომლის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ იღებს ვალდებულებას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს უფასოდ გაუწიოს სამედიცინო მომსახურება „ავერსის“ კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს ისინი მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით.

მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. დღემდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა ისარგებლეს 1 078 738.5 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით და მიიღეს 634 373 ლარის ღირებულების მედიკამენტები. პროექტის ფარგლებში დახარჯული ჯამური თანხა 1 713 112.02 ლარს შეადგენს.

- "მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ სპორტსმენების წარმატებაში - აღნიშნა "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ - მოგეხსენებათ, მსოფლიო ასპარეზზე სპორტული მიღწევებით წარდგენა ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან საამაყოა, მით უფრო ისეთი პატარა ერისთვის, როგორიც საქართველოა.  მოხარული ვარ, რომ ჩვენი სპორტსმენები მართლაც წარმატებით ასპარეზობენ სპორტულ  შეჯიბრებებში და კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ მათ მიღწევებში ჩვენი წვლილიც არის.  ყოველთვის ვეცდებით, რომ მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ სამედიცინო თვალსაზრისით.

სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენს სპორტსმენებს მსოფლიო სტანდარტების მომსახურებას ვთავაზობთ, მით უფრო, რომ "ავერსის კლინიკა" ტექნოლოგიური აღჭურვილობით ნამდვილად უმაღლეს დონეზეა. მსოფლიოს მასშტაბით მეექვსე კლინიკა ვართ, სადაც 640 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი ფუნქციობს, ეს უახლესი სიტყვაა სამედიცინო ტექნოლოგიებში.  აპარატის უპირატესობა მაღალი ხარისხის ფოტოები, რენტგენული დასხივების მინიმალური მაჩვენებელი და კვლევის მოკლევადიანი პროცედურაა - სულ ორი წუთია საჭირო. ამასთან, სხვა ტომოგრაფებთან შედარებით მისი უპირატესობა ხელოვნური ინტელექტია - თითოეული გადაღებული სურათი 30 მილიონამდე ანალოგიურ ფოტოსთან დარდება და ექიმს ყველაზე ზუსტი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას ეძლევა.

ასევე შევიძინეთ მძლავრი მამოგრაფიული აპარატი და დენსიტომეტრი, რაც სპორტსმენებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  ვამაყობ და მიხარია, რომ ჩვენს სპორტსმენებს ასეთი მაღალი დონის მომსახურებას ვთავაზობთ.

ბატონმა პაატამ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში ინერგება რიგის მართვის ინტელექტუალური პროგრამა, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მომსახურების დონეს და პაციენტებს რიგში დიდხანს დგომა აღარ მოუწევთ.

მემორანდუმს ხელი მოაწერა ასევე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. მისი თქმით, "ავერსისა" და ოლიმპიური კომიტეტის ურთიერთთანამშრომლობა სპორტისა და კერძო სექტორის მეგობრობის შესანიშნავი მაგალითია:

- მადლიერება მინდა გამოვხატო მოქმედი სპორტსმენებისა და ვეტერანების სახელით. უნდა აღვნიშნო, რომ 2019 წელი უპრეცენდენტოდ წარმატებული იყო ჩვენი ქვეყნისთვის -  ექვსი მსოფლიო ჩემპიონი გვყავს და საერთაშორისო ასპარეზზე 1200 მედალი მოვიპოვეთ სპორტის სხვადასხვა სახეობაში. დღეს მასობრივ სპორტთან მიმართებაშიც შესანიშნავი შედეგები გვაქვს.  ამ წარმატებაში "ავერსის" წვლილი ძალიან დიდია.

ოლიმპიური კომიტეტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც  2019 წლის დეკემბერში ჩატარდა, "ავერსის" დამფუძნებელს დიდი თანადგომისა და მეცენატობისთვის მადლიერების ჯილდო - ოლიმპიური სიმბოლიკით დატვირთული მედალი გადავეცით. წარმატებას ვუსურვებთ საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" და "ავერსის კლინიკის" თითოეულ თანამშრომელს მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის.

„ავერსის“ კლინიკათა ქსელის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, რომ ექიმების თანადგომის გარეშე სპორტულ არენაზე სერიოზული წარმატების მიღწევა  შეუძლებელია:

- "ავერსის კლინიკის" თითოეულ თანამშრომელს გვეამაყება, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქართველი სპორტსმენების წარმატებაში".

საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“ დირექტორმა ქეთევან ნემსაძემ კი გვითხრა რომ ქართული სპორტის განვითარებაზე ზრუნვა საამაყოც არის და საპასუხისმგებლოც:

- 2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ოლიმპიური წელია და წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის სასახელოდ.

მემორანდუმის განახლების საზეიმო ღონისძიებას ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები ესწრებოდნენ. "ავერსის" მიმართ გულწრფელი მადლიერება გამოხატეს ვეტერანმა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა შოთა ხაბარელმა და რაფაელ ჩიმიშკიანმა. მათ აღნიშნეს, რომ სრულფასოვანი სამედიცინო თანადგომის გარეშე მოქმედი სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობას ვერ შეძლებდნენ და ყოველი გამარჯვება "ავერსის" დიდი დამსახურებაა. 

"ავერსის" თანამშრომლობა ოლიმპიურ კომიტეტთან გრძელდება. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს ოლიმპიურ არენაზე  წარმატებას ვუსურვებთ.

გააზიარე: