"ავერსი" და თბილისის მერია გამწვანების ერთობლივ პროექტს ახორციელებენ

  • 2019-12-10

7 დეკემბერს კომპანია "ავერსმა" და თბილისის მერიამ წამოიწყეს ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, "ავერსის" კუთვნილ ტერიტორიაზე, სხვადასხვა ჯიშის 600-მდე ხე დაირგვება.

მიმდინარე წელს "ავერსსა" და თბილისის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, ყაზბეგის 16 ნომერში, "ავერსის" კუთვნილ ტერიტორიაზე, დაავადებული ხეები მოიჭრა, გასუფთავებულ ტერიტორიაზე კი ახალი ნერგების ჩაყრა დაიწყო. წლის ბოლომდე აქ იქნება 150 კედარი, 50 ამბრის ხე, ამდენივე ნეკერჩხალი, უნგრული ცაცხვი, ევროპული მუხა, წვრილფოთოლა იფანი, არღავანი, უეკლო გლედიჩი, იაპონური სოფორა, კელრეუტერია.

რეკრეაციული ზონის განახლება-გაჯანსაღების პროექტი "ავერსმა" თბილისის მერიასთან ერთად ორი თვის წინ წარუდგინა საზოგადოებას:

- მოსახლეობას დავპირდით, რომ მოკლე ხანში ტერიტორიას ახალ სიცოცხლეს შევძენდით, - გვითხრა ირაკლი ფურცელაძემ, კომპანია "ავერსის" გენერალურმა დირექტორმა, - დანაპირებს ყოველთვის ვასრულებთ. ჩვენი მიზანია, ქალაქის გულში მწვანე ზონა შევქმნათ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

ეკა ბურძენიძემ, "ავერსის" სააფთიაქო ქსელის დირექტორმა, აღნიშნა, რომ ახლად მოწყობილი რეკრეაციული ზონა ეკოლოგიასაც წაადგება და უბნის იერ–სახესაც გააუმჯობესებს.

ღონისძიებას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

- მუნიციპალიტეტის ნებართვით, მიმდინარე წელს თბილისში 22 ათასი ხე მოიჭრა, – აღნიშნა  თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, – მათი უმრავლესობა კერძო საკუთრებაში არსებულ ფართობებზე იყო. ერთ-ერთი ასეთი ფართობი "ავერსის" კუთვნილი ტერიტორია გახლდათ, სადაც 1000-მდე გამხმარი ფიჭვი ეკოლოგიურ პრობლემას ქმნიდა. ვფიქრობთ, ეს პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯია ქალაქში გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებისკენ.

"ეკოსერვის ჯგუფის" დირექტორი, ვახტანგ ნოზაძე, პროექტის ტექნიკურ მხარეზე გველაპარაკა:

- "ეკოსერვისმა" ერთი კვირის განმავლობაში მთელ ქალაქში 5 ათასი ხე დარგო. "ავერსის" კუთვნილი ტერიტორიის გამწვანებაც ამ მასშტაბური პროექტის ნაწილია. ხეების დარგვამდე მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა: მოვაწყვეთ სარწყავი სისტემა, შევიტანეთ ნოყიერი ნიადაგი, რათა ნერგებმა უკეთ გაიხაროს.

- დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და ქალაქის ეკოლოგიის საკითხები – დასძინა თბილისის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა. – წლის ბოლომდე დედაქალაქში 12 ათასამდე მოზრდილი ხე დაირგვება. ვფიქრობთ, ეს საგრძნობლად შეცვლის ქალაქში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ ფონს.

მერიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ "ავერსსა" და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის უნიკალური მოდელია და ყველა კერძო მესაკუთრეს მოუწოდეს, ქალაქის მმართველობასთან გარემოს გაჯანსაღების მიმართულებით ითანამშრომლონ.

გააზიარე: