"ავერსმა" კიდევ ერთხელ მოიპოვა ბიზნესის ეროვნული ჯილდო

  • 2019-12-03

27 ნოემბერს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული მეოცე ბიზნესრეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა.

ღონისძიებაზე, ტრადიციისამებრ, წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოავლინეს, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კი თავად კონკურსის მონაწილეებმა დაასახელეს.

კომპანია „ავერსმა“ რამდენიმე ნომინაციაში მოიპოვა ბიზნესის ეროვნული ჯილდო: პროფესიონალთა საუკეთესო გუნდისთვის, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის და ფარმაციასა და მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

გრან-პრის მფლობელი კი ამჯერად „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა. კომპანიის დამფუძნებელს „ოქროს ბოლნური ჯვარი“ გადაეცა.

ისტორიული ბიზნესორდენის კავალრები სხვადასხვა დროს გახდნენ:

•  ავერსი;

•  ჯეოსელი;

•  სოკარი;

•  ყაზბეგი;

•  საქართველოს ბანკი;

•  სამგორი - 94;

•  თიბისი ბანკი;

•  კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია;

•  თბილავიამშენი;

•  გაერთიანებული ქართული ბანკი;

•  ვისოლ ჯგუფი.

რეიტინგების დათვლას, ტრადიციისამებრ, საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი “გორბი“ აწარმოებდა.

- ეს ის მშვენიერი მანიფესტაციაა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება იმეგობრონ მედიამ და ბიზნესმა, - აღნიშნა საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბის“ ხელმძღვანელმა მერაბ ფაჩულიამ.

კომპეტენტურმა ჟიურიმ ბიზნესრეიტინგის ფარგლებში უკვე მეოთხედ დააჯილდოვა საუკეთესო ინვესტორები და დაასახელა წლის საინვესტიციო პროექტები. საიუბილეო ღონისძიებაზე ბიზნესრეიტინგის მხარდამჭერი მედიაკომპანიები და ჟურნალისტებიც დაჯილდოვდნენ. ბიზნესის რჩეულები "TV პირველი" და "ჯორჯიან თიმსი" აღმოჩნდნენ.

შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან ადგენს.

დაჯილდოება მედიისა და ბიზნესსაზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. წლის შემაჯამებელ ცერემონიალს ესწრებიან უდიდესი ქართული და უცხოური ბიზნესკომპანიების ტოპმენეჯერები, საპატიო სტუმრები უცხოეთიდან, ქართული კინოს, თეატრისა და შოუბიზნესის ვარსკვლავები.

გააზიარე: