კომპანია „ავერსი“ 25 წლისაა

კომპანია „ავერსი“ 25 წლისაა

  • 2019-11-14

დღეს, 14 ნოემბერს,“ავერსი“ 25 წლის იუბილეს ზეიმობს. კომპანიამ არათუ გაუძლო საუკუნის მეოთხედს, არამედ უამრავი მიღწევით შეხვდა დაარსების 25-ე წლისთავს. ამ ხნის განმავლობაში, თითოეული ავერსელის ძალისხმევის შედეგად, „ავერსი“ თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა. დღეს ის ერთ-ერთი უდიდესი ქართული კომპანიაა, რომელშიც ათი ათასამდე ადამიანია დასაქმებული, რომლის 260  აფთიაქს ყოველთვიურად ორი მილიონი მომხმარებელი მიმართავს, რომელიც წელიწადში საკუთარი წარმოების ათ მილიონ კოლოფზე მეტ წამალს ყიდის საქართველოში თუ საზღვარგარეთ, რომლის 30 კლინიკა ყოველთვიურად 110 ათას პაციენტს ემსახურება, რომლის სადაზღვევო კომპანიაში საქართველოს ათიათასობით მოქალაქეა დაზღვეული, რომელსაც ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი შეაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში და რომლის სახელიც უკვე დიდი ხანია ხარისხთან ასოცირდება.

კომპანიის სათავო ოფისში დილიდანვე საზეიმო განწყობა იყო. ავერსელებს იუბილე კომპანიის დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ მიულოცა:

- სინამდვილეში „ავერსი“ გაცილებით ადრე დაარსდა. 1994 წლის 14 ნოემბერი მხოლოდ მისი ოფიციალური რეგისტრაციის თარიღია, რომლისთვისაც მაშინ, სიმართლე გითხრათ, დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. იმ დროს არ მეგონა, რომ „ავერსი“ ჩემი ძირითადი საქმე გახდებოდა და ამ კომპანიაში რამდენიმე ათასი ადამიანი იმუშავებდა... მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის, იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც იჩენს ჩვენი მომხმარებლის, საკუთარი თავის, ოჯახის, კომპანიისა და ქვეყნის წინაშე.

პაატა კურტანიძემ სიგელებით და ფულადი პრემიებით დააჯილდოვა კომპანიის პირველი თანამშრომლები, რომლებიც დღესაც, 25 წლის შემდეგ, „ავერსის“ გუნდის ერთგული წევრები არიან:

გია ქავთარაძე, „ავერსი-ფარმას“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე;

შალვა ბურჯანაძე, „ავერსი-ფარმას“ გენერალური დირექტორის მოადგილე;

ნინო კეშელავა, მომარაგების განყოფილების მენეჯერი;

მარიკა შიუკაშვილი, ფარმაცევტი;

ქეთინო ნოზაძე, „ავერსი-ფარმას“ მთავარი ბუღალტერი;

ლევან ვარშანიძე, „ავერსი-ფარმას“ მთავარი პროგრამისტი;

ნიკო ოღაძე, რეპორტინგის სამსახურის უფროსი.

კომპანიის მიღწევებზე საუბრისას პაატა კურტანიძე ყოველთვის განსაკუთრებით აღნიშნავს მშობლების დამსახურებას:

- ჩემი მშობლების წვლილი უდიდესია. მე ვერ შევძლებ შვილებისთვის იმის გაკეთებას, რაც ჩემთვის ჩემმა მშობლებმა გააკეთეს. მათ არ მოუციათ ფული ბიზნესის დასაწყებად, მაგრამ მომცეს გაცილებით მეტი - საფუძველი, რომელმაც შემაძლებინა, არაფრისგან კომპანია შემექმნა. მამაჩემმა, ნიკოლოზ კურტანიძემ,  პირადადაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა „ავერსის“  განვითარებაში.

მოგვიანებით კომპანიის იუბილესადმი მიძღვნილი ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. ავერსელების თვალწინ კიდევ ერთხელ გაცოცხლდა განვლილი წლები, წლები, რომლებმაც „ავერსი“ დღემდე მოიყვანა და საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთ ლიდერად აქცია.

დიახ, „ავერსის“ ისტორია უკვე 25 წელს ითვლის. თუმცა, გვჯერა, კომპანიას კიდევ უფრო დიდი მომავალი აქვს. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ: ჯერ მხოლოდ 25 წელს...

გააზიარე: