“ავერსის” თასის საშემოდგომო ტურნირი დასრულდა

“ავერსის” თასის საშემოდგომო ტურნირი დასრულდა

  • 2019-10-30

მოზარდ ჩოგბურთელთა ტურნირი - “ავერსის თასი”  “სითი-სპორტის” კორტებზე უკვე მეთვრამეტედ გაიმართა და 5-დან 18 წლამდე ასაკის 110 სპორტსმენს შორის საუკეთესოები გამოვლინდნენ. საშემოდგომო ტურნირის პრიზიორებს საზეიმო ღონისძიებაზე "ავერსის" თასი, სიგელები და საჩუქრები ტურნირის ცხრაგზის გამარჯვებულმა საბა ფურცელაძემ გადასცა.  

როგორც ტურნირის ორგანიზატორმა და საჩოგბურთო კლუბ “სითი-სპორტის” დირექტორმა მიხეილ ბუთხუზმა გვითხრა, შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს რეგიონებიდან სხვადასხვა საჩოგბურთო სკოლის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

- მიღებული გამოცდილება ზრდის ახალგაზრდა სპორტსმენებს და პერსპექტივას უსახავს საერთაშორისო ასპარეზზე. “ავერსის თასი” პირველად 2011 წლის შემოდგომაზე გაიმართა და მას შემდეგ წელიწადში ორჯერ ტარდება. ამჯერად 110 ბავშვი 5 ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობდა. ორი თასი - ბათუმის, ხოლო ერთი თელავის საჩოგბურთო სკოლების წარმომადგენლებმა წაიღეს, დანარჩენი თბილისელ მოასპარეზეებს ხვდათ წილად. კომპანია “ავერსი” ტურნირის დაარსების დღიდან ჩვენი მხარდამჭერია. კერძო სექტორის ჩართულობა სპორტსმენებს სტიმულს აძლევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

2019 წლის საშემოდგომო ტურნირის პრიზიორები გახდნენ:

  • 5-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვთა შორის - იურა ტიკტოპულო, ლადო ხმალაძე და ლილე ნანობაძე;
  • 9-დან 10 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - ნუცა გიორგაძე, ვაჟთა შორის - თემურ ხუროძე;
  • 12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - თეო ჭაია, ვაჟთა შორის - ალექსანდრე სურმანიძე;
  • 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - კრისტინა ნანავა, ვაჟთა შორის - რაფაელ ხაჭაპურიძე;
  • 16-დან 18 წლამდე ასაკის ვაჟთა შორის - გიორგი თეთრაძე (I ადგილი), გიორგი ხაჭაპურიძე (II ადგილი), საბა გურგენიძე (III ადგილი).

ტურნირის მონაწილეებს შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ:

კრისტინა ნანავამ გვითხრა, რომ დასთან ერთად ტურნირში უკვე მეოთხედ მიიღო მონაწილეობა, საპრიზო პირველი ადგილი კი ორჯერ მოიპოვა. მისივე თქმით, ტურნირი, როგორც ყოველთვის უმაღლე დონეზე გახლდათ ორგანიზებული და ამისათვს მადლიერება გამოხატა კომპანია "ავერსისა" და "სითი-სპორტის" ხელმძღვანელობის მიმართ.

ნიკოლოზ გურგენიძე, ასევე, ტურნირის მონაწილე და მეორე საპრიზო კატეგორიის გამარჯვებულია. საპრიზო ადგილი ხუთჯერ მოიპოვა.

-  უღრმესი მადლობა "ავერსს" რომ ასეთ არაჩვეულებრივ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, მადლობა, ასევე, "სითი-სპორტის" დირექციას, რომ მასპინძლობს ამ ტურნირს - აღნიშნა ნიკოლოზმა. 

ვესაუბრეთ "ავერსის" თასის ერთ-ერთ პირველ პრიზიორს საბა ფურცელაძეს, რომელმაც ახლახან დევისის თასის ნაკრების შესარჩევ ტურნირში გაიმარჯვა. ახალგაზრდა სპორტსმენის სამომავლო გეგმებითაც დავინტერესდით:

- ტურნირი მეცხრე წელია ტარდება და ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია საქართველოს პირველობის შემდეგ. ჩემთვის ყოველთვის დიდი სტიმული იყო "ავერსის თასის" პრიზიორობა. თვის ბოლოს ანტალიაში მამაკაცთა საჩოგბურთო ტურნირში მონაწილეობას ვგეგმავ. ყოველი ასპარეზობა მეტ ძალისხმევას მოითხოვს და ვცდილობ, ყოველ ჯერზე მაქსიმალურად მომზადებული ვიყო.

“ავერსის თასის” პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. ახალბედა სპორტსმენებისთვის ამ ტურნირზე ასპარეზობა დიდი სტიმულია, რადგან ორგანიზატორები ცდილობენ ახალი სახეები აღმოაჩინონ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს საერთაშორისო ასპარეზზე გზა გაუკვალონ.

გააზიარე: