"ავერსისა" და "ავერსი-რაციონალის" მხარდაჭერით თსსუ-ში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა

  • 2019-09-30

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, გაიმართა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი, რომლის ფარგლებში 27-28 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოში უმაღლესი ფარმაცევტული განათლების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. მისი ორგანიზატორები იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია, ხოლო ოქროს სპონსორები - "ავერსი" და "ავერსი-რაციონალი".

კონფერენციის თემა გახლდათ "მწვანე საშუალებები - მწვანე ტექნოლოგიებით - ჯანმრთელი სიცოცხლისათვის". შეხვედრაზე კლინიკური ფარმაციის პრობლემებსა და პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

კონფერენციას საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები და 10 ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სტუდენტებიც.

"ავერსი-რაციონალის" გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კურტანიძემ აღნიშნა, რომ ქართული ფარმაცევტული წარმოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სათანადოდ მომზადებული კადრების არსებობა, საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციები კი პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს:

- კონფერენციებში სტუდენტების მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების დონე საერთაშორისო სტანდარტებს კიდევ უფრო მიუახლოვდეს, რომ აქ მომზადებული კადრები მსოფლიოს ბიზნესინდუსტრიების მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ აღნიშნა, რომ მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმრების მოწვევამ ერთობლივი პროექტების განხორციელების შესანიშნავი პერსპექტივა შექმნა:

- კონფერენცია თემატურად ძალიან დატვირთული გახლდათ. ვისაუბრეთ წამლის ძიებისა და შემუშავების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის უახლეს მეთოდებზე, განსაკუთრებული ყურადღება განათლებას დავუთმეთ. კონფერენციის ოქროს სპონსორები, "ავერსი" და "ავერსი-რაციონალი", ყოველთვის მხარში გვიდგანან, როდესაც საქმე ეხება პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს განვითარების პერსპექტივებს ქმნის.

კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი "ავერსი-ფარმას" სასწავლო პროგრამების მენეჯერი ლალი დათეშიძე გახლდათ. მისი თქმით, ფარმაცევტული ზრუნვის თემა დღეს მთელ მსოფლიოში აქტუალურია, რაც შესაბამისი განათლების თანხვედრასაც მოითხოვს.

- ხანდაზმული ადამიანები მოსახლეობის მზარდი სეგმენტია, რომელიც მედიკამენტების ყველაზე აქტიური მომხმარებელია. შესაბამისად, რაციონალურად გაწეული დანახარჯები ჯანმრთელობის და სოციალური კუთხითაც მნიშვნელოვანია. აუდიტორიას სწორედ ხანდაზმულებისთვის ფარმაცევტული ზრუნვის კომპონენტებზე ვესაუბრე.

"ავერსი-რაციონალის" წარმომადგენელმა იმედა რუბაშვილმა კი კონფერენციის მონაწილეებს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ტექნიკის ვალიდაციისა და ხარისხის მართვისადმი თანამედროვე მიდგომები გააცნო და კომპანიაში დანერგილ სტანდარტებზეც ილაპარაკა.

- ჩვენს ქვეყანაში კლინიკური ფარმაციის განვითარება მნიშვნელოვანია, რომ ახლოს ვიყოთ ევროპულ და მსოფლიო სტანდარტებთან, - თქვა თავის გამოსვლაში თსსუ-ის სოციალური და კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამაზ ჭუმბურიძემ.

უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ კონფერენცია პირველი სერიოზული ნაბიჯია კლინიკური ფარმაციის დარგში და რომ ასეთი შეხვედრები ერთი პროფილის მეცნიერებსა და ბიზნესინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციხის განმტკიცების, სიახლეების გაცნობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის.

გააზიარე: