"ავერსის" გათამაშების გამარჯვებულებს პრიზები გადასცეს

  • 2019-07-30

"ავერსის" მტრედი ბარათის რიგით მეცამეტე გათამაშების გამარჯვებულებს 30 ივლისს მოგებული პრიზები სადღესასწაულო ვითარებაში პირადად გადასცა კომპანიის დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ.

"ავერსის" ყველაზე იღბლიანი მომხმარებლები, რომლებიც 21 ივლისს მტრედი ბარათის გათამაშებისას გამოვლინდნენ, არიან:

* ოლღა ჩაველაშვილი, ელგუჯა ალავერდაშვილი, ირაკლი ჩხობაძე, ჟანა კარაპეტიანი და თამილა ჩაველაშვილი – ათ-ათი ათასი ლარი;

* ნინო ყიფიანი – 25 ათასი ლარი;

* მარინა დვალი – 50 ათასი ლარი;

* ნათია შარვაძე – ერთგულების ჯილდო: 1000 ლარი ყოველთვიურად 25 წლის განმავლობაში.

"ავერსის" დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ აფთიაქში, როგორც წესი, წამლების შესაძენად დადიან, თუმცა "ავერსი" მომხმარებელს უამრავ სხვა პროდუქციას – ბავშვთა კვების, მოვლის და ჰიგიენის, ასევე კოსმეტიკურ საშუალებებს სთავაზობს:

– "ავერსში" ვიზიტი უფრო მეტ პოზიტივთან რომ ყოფილიყო დაკავშირებული და მომხმარებლისთვის საუკეთესო განწყობა შეგვექმნა, გადავწყვიტეთ, მტრედი ბარათის წამახალისებელი გათამაშება ჩაგვეტარებინა. წლევანდელი გათამაშება გამორჩეული აღმოჩნდა, რადგან 25-წლიანი ერთგულების ჯილდო მიიღო ოჯახმა, რომელსაც, ალბათ, ყველაზე მეტად სჭირდებოდა ეს... გათამაშება გაგრძელდება, რომ მომავალშიც რაც შეიძლება მეტი სიხარული ვაჩუქოთ ჩვენს მომხმარებლებს.

გამარჯვებულებს ვესაუბრეთ და ემოციების გაზიარება ვთხოვეთ.

ნათია შარვაძე:

– "ავერსის" დაარსების დღიდან მისი ერთგული მომხმარებელი ვარ. ბოლო თხუთმეტი წელია, განსაკუთრებით ხშირად ვსტუმრობ აფთიაქს – მყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი და მისთვის წამლებსა თუ მოვლის საშუალებებს ყოველთვის "ავერსში" ვყიდულობ. არასოდეს არაფერი მომიგია, თუმცა ბოლო ორი გათამაშების დროს საოცარი მოლოდინი გვქონდა. ამჯერად საოცრად გაგვიმართლა... ვიცი, რომ ჩემი შვილის ჯანმრთელობას ვერაფრით ვიყიდი, მაგრამ იმედი ჩამესახა, რომ საჭირო წამლები, მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები ამიერიდან მაინც არ მოაკლდება. მადლიერი ვარ "ავერსის", მისი დამფუძნებლის და ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩემი სიხარული ასე გულწრფელად გაიზიარა.

მარინა დვალი, პედაგოგი, რუსთავის მკვიდრი:

– ჩემ გარშემო არავის სჯეროდა, რომ ასეთ დიდ თანხებს შემთხვევითი ადამიანები მართლა იგებდნენ, ჩემმა გამარჯვებამ კი მთელი რუსთავი დაარწმუნა, რომ იღბალი მართლაც არსებობს. მადლობას ვუხდი ბატონ პაატა კურტანიძეს, მთელ "ავერსს" და გათამაშების წამყვანებს, რომლებმაც დოლურაში ჩაყრილი 4 მილიონი ბილეთიდან სწორედ ჩემი ამოიღეს. მოგებული თანხით შვილის განათლებას დავაფინანსებ. სიხარულს ვერ ვმალავ...

ნინო ყიფიანი:

მე და ჩემს პატარა ოჯახს "ავერსის" მეცამეტე გათამაშებამ დიდი სიხარული გვაჩუქა... პრიზის მოგების მოლოდინი არასოდეს მქონია, ამიტომ არც კი ვაქცევდი ყურადღებას, რამდენი ბილეთი მქონდა და როდის იმართებოდა გათამაშება. თურმე სასწაულები მართლა ხდება, თურმე შეიძლება, ფორტუნა მოულოდნელად შენკენ შემოტრიალდეს და ოცნებებმა ხორცი შეისხას... უდიდესი მადლობა "ავერსს" ამდენი ადამიანის გახარებისთვის.

მტრედი ბარათის წამახალისებელი გათამაშება 2009 წლიდან ტარდება. დღემდე გათამაშდა 39104 მომენტალური და 125 ძირითადი პრიზი, რომელთა საერთო თანხამაც 2 023 525 ლარი შეადგინა.

_ ავერსელები ბედნიერები ვართ, რომ ერთგულების ჯილდო ერთ-ერთმა ყველაზე ერთგულმა მომხმარებელმა მიიღო. მინდა, მივულოცო გამარჯვება "ავერსის" იღბლიან მომხმარებლებს და დიდი წარმატება ვუსურვო, – თქვა "ავერსის" სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ და დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში კვლავ დაიწყება მომდევნო გათამაშებისთვის ბილეთების გაცემა, რათა "ავერსს" უფრო მეტი მადლიერი მომხმარებელი ჰყავდეს.

გააზიარე: