9 ივნისი ჟურნალ „ავერსისთვის“ განსაკუთრებული დღე იყო. ჟურნალის რესპონდენტები, საქმიანი პარტნიორები და უბრალოდ მეგობრები საგურამოში შეიკრიბნენ, რომ მისთვის დაბადების დღე მიელოცათ.
პაატა კურტანიძის ჩანაფიქრმა, სანდო და თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი სამედიცინო ჟურნალი გამოეცა, 2004 წელს შეისხა ხორცი. მას შემდეგ 15 წელი გავიდა და ჟურნალის ისტორიაში უკვე ჩაიწერა 166 ნომერი, მილიონამდე გაყიდული ეგზემპლარი, მკითხველისთვის დაწერილი თხუთმეტი ათასი გვერდი, ორმოცდაათამდე რუბრიკა, ხუთასამდე რესპონდენტი...
ღონისძიების პროგრამა, ისევე როგორც ჟურნალის შინაარსი, შემეცნებით-გასართობი იყო. სტუმრებმა ჯერ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს, მერე გურამიშვილის ისტორიული მარანი მოინახულეს და ღვინოები დააჭაშნიკეს.
მარნიდან გამოსულებს, ულამაზეს ეზოში სიმებიანი ტრიო და ჟურნალის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა დახვდათ. კლასიკური მუსიკის ფონზე ავერსელებმა და მათმა სტუმრებმა თვალი გადაავლეს ჟურნალ „ავერსის“ განვითარების ისტორიას, ერთმანეთს შეადარეს მისი პირველ და ბოლო წელს გამოშვებული ნომრები, დაათვალიერეს რედაქციის საქმიანობის ამსახველი ფოტოები.
სამახსოვრო ფოტოსესიისა და იმპროვიზებული მუსიკალური ნომრების შემდეგ წვეულებმა დარბაზში გადაინაცვლეს.
პაატა კურტანიძემ, ჟურნალის დამფუძნებელმა, სარედაქციო ჯგუფს თბილად მიულოცა დაბადების დღე. მისი ჩანაფიქრით, ჟურნალი მკითხველზე, მის ინტერესებზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული, გაეცნო მისთვის მედიცინის სიახლეები, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე მოვლენები, სამკურნალო დაწესებულებები და სხვადასხვა დარგის საუკეთესო სპეციალისტები და, რაც მთავარია, გაეღვიძებინა მასში ჯანსაღი ცხოვრების სურვილი. ბატონმა პაატამ აღნიშნა, რომ ჟურნალმა მისი მოლოდინი გაამართლა და უკვე თხუთმეტი წელია, ინარჩუნებს მაღალ სტანდარტს:
- ყველაფერთან ერთად, ჟურნალი კომპანია „ავერსის“ მემატიანეც არის. წლების შემდეგ კიდევ ერთხელ სიამოვნებით გადავათვალიერებ მის ყველა ნომერს და „ავერსის“ წარმატებებს კიდევ ერთხელ გავიხსენებ.
იუბილარისთვის სიყვარულით სავსე სიტყვები არ დაიშურა „ავერსის“ რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ, სარედაქციო ჯგუფის უშუალო ხელმძღვანელმა, საუკეთესო მეგობარმა და მრჩეველმა:
– გარდა იმისა, რომ ჟურნალ „ავერსს“, როგორც შემეცნებით–პოპულარულ სამედიცინო გამოცემას, ქართულ სივრცეში ანალოგი არ გააჩნია, ჩვენი კომპანიისთვის ის მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაციის საშუალებაცაა. 15 წელია, ჟურნალი ღირსეულად ართმევს თავს ამ მისიას და წარმოაჩენს კომპანიის იმიჯს. მეამაყება, რომ ასეთი ჟურნალი გვაქვს, რომელსაც მართლაც რომ ეტყობა პროფესიონალთა ხელი.
სტუმრებისთვის სიურპრიზად იქცა რედაქციის მუშაობის ამსახველი სახალისო ვიდეორგოლი: როგორ იბადება თემები, როგორ ხდება ინფორმაციის მოძიება, როგორ იქმნება ჟურნალის ენა და ვიზუალი...
სარედაქციო ჯგუფსაც ელოდა სიურპრიზი: ტელეკომპანია „პულსმა“ ჩაიწერა და ვიდეორგოლად აქცია ჟურნალის რესპონდენტების მილოცვები და საუკეთესო სურვილები.
მერე კი იყო სახალისო ვიქტორინა, თამაშები, პრიზების სიუხვე, უგემრიელესი ტორტი... ეს გახლდათ დღე, როდესაც ყველას შეეძლო, დაევიწყებინა ყოველდღიური რუტინა, პროფესიული მოვალეობები, დაუმთავრებელი საქმეები და სიამოვნება მიეღო პარტნიორებთან, თანამშრომლებსა თუ უბრალოდ მეგობრებთან ურთიერთობით.
– სამეცნიერო-პოპულარული სამედიცინო ჟურნალისთვის 15 წელი შეიძლება მოწიფულ ასაკად ჩაითვალოს, – ამბობს მარი აშუღაშვილი, ჟურნალ „ავერსის“ მთავარი რედაქტორი, – ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე დავიმკვიდრეთ თავი; უკვე გვყავს ერთგული მკითხველი, რომელიც ყოველთვე ელოდება ახალ ნომერს და თუ “მის” აფთიაქში ჯერ არ გამოჩენილა, რედაქციაში გვირეკავს, სად არისო; გვყავს ერთგული პარტნიორები, რომლებიც გვენდობიან ჩვენც, ჩვენს მკითხველსაც; ექიმები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან და მკითხველისთვის სასარგებლო ინფორმაციას გვაწვდიან... ჟურნალი „ავერსი“ ჩვენთვის უკვე ცხოვრების წესად იქცა. ყოველი ნომრის მომზადება ახალი გამოწვევაა. დიდი სტიმულის მომცემია იმის ცოდნა, რომ ადამიანების ჯანმრთელობაში მცირე წვლილი ჩვენც შეგვაქვს, რომ მკითხველი გვენდობა, მადლობას გვიხდის ინფორმაციისთვის, რჩევას გვთხოვს... ასეთი გამოხმაურება პასუხისმგებლობას გვმატებს.