"ავერსის თასის" მეთორმეტე საჩოგბურთო ტურნირი დასრულდა

  • 2019-06-10

"ავერსის თასის" საგაზაფხულო ტურნირი მოზარდ ჩოგბურთელებს შორის თბილისში "სიტი-სპორტის" კორტებზე, წლეულს, უკვე მეთორმეტედ, მაისის თვეში გაიმართა. შეჯიბრში 5-დან 18 წლამდე ასაკის ასამდე სპორტსმენი ასპარეზობდა როგორც საქართველოდან, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან. საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულებს ტრადიციული ჯილდო - "ავერსის თასი", საჩუქრები და სიგელები ხვდათ წილად.

2019 წლის საჩოგბურთო ტურნირისთვის განსხვავებული დიზაინით შექმნილი  საპრიზო თასი საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს "ავერსი-ფარმას" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ გადასცა.

2019 წლის საგაზაფხულო ტურნირის გამარჯვებულები არიან:

5-დან 8 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში - წითელი ბურთით მოთამაშეთა შორის ვიქტორია ნანავა,

8-დან 9 წლამდე (ე.წ. ნარინჯისფერი კატეგორია): გიორგი კინწურაშვილი;

9-დან 10 წლამდე: გოგონათა შორის - დიანა ჯანაშია,

ვაჟთა შორის - ზუკა ხიზიმბარელი;

12 წლამდე: გოგონათა შორის - რადა ზალატარიოვა,

ვაჟთა შორის - ნიკოლოზ გურგენიძე;

14 წლამდე გოგონათა შორის - მარიამ შევარდენიძე,

ვაჟთა შორის - დაჩი ყანჩელაშვილი;

16-18 წლამდე ვაჟთა შორის ადგილები ასე გადანაწილდა:

პირველი ადგილის მფლობელია დავით ხუროძე

მეორე საპრიზო ადგილი წილად ხვდა გიორგი ხაჭაპურიძეს

მესამე ადგილს კი გიორგი მხეიძე დასჯერდა.

ვესაუბრეთ ტურნირის ორგანიზატორსა და საჩოგბურთო კლუბ "სიტი-სპორტის" დირექტორს მიხეილ ბუთხუზს:

- მოზარდ ჩოგბურთელებს შორის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი "ავერსის თასი" პირველად 2011 წლის შემოდგომაზე ჩატარდა და მას შემდეგ წელიწადში ორჯერ სისტემატურად იმართება. მის პოპულარობაზე მეტყველებს ისიც, რომ შეჯიბრში უპრეცედენტოდ ბევრი სპორტსმენი მონაწილეობს.

წლეულს ტურნირში 5-დან 18 წლამდე ასაკის ასამდე ჩოგბურთელი ასპარეზობდა როგორც თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი ოჯახებიდან... ასე რომ თამამად შეიძლება მას საერთაშორისო ტურნირი ვუწოდოთ.

გამარჯვებულები და პრიზიორები, ტრადიციულად, საჩუქრებსა და ჯილდოებს იღებენ - "ავერსის თასს", სიგელებს, მედლებს... დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ საზეიმო  წვეულებას ვმართავთ - მხოლოდ საკუთარი სახსრებით ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. პატარა სპორტსმენებს ამ სიხარულს კომპანია "ავერსი" ანიჭებს. ის დაარსების დღიდან გვერდში გვიდგას. პირადად ბატონი ირაკლი ფურცელაძე, რომელიც ყველა საქმეს გადადებს ხოლმე და ჩვენს დაჯილდოების ცერემონიალს ესწრება, პატარა სპორტსმენების დიდი გულშემატკივარია. 

"ავერსი-ფარმას" გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე:

- "ავერსი" მოზარდ ჩოგბურთელთა ტურნირის სპონსორი და მხარდამჭერია. სასიხარულოა, რომ მათ სპორტულ წარმატებებსა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში უდიდეს როლს ვთამაშობთ.

ტურნირი ხელს უწყობს პატარა სპორტსმენების დახელოვნებას და დაოსტატებას. პირველ მღელვარებას,  პირველ ემოციებს, ნერვიულობას,  წარუმატებლობას და პირველ წარმატებასაც აქ ეზიარებიან. ეს გამოცდილება დიდ სპორტში გზის გაკვალვაში ეხმარებათ, საზოგადოდ, ცხოვრებაში პრობლემებთან ბრძოლას და მათთან გამკლავებას სწავლობენ.

როგორც ყოველ ჯერზე, წლეულსაც საინტერესო ტურნირი გაიმართა - მოასპარეზეები სხვადასხვა საჩოგბურთო აკადემიებიდან იყვნენ წარმოდგენილი. რამდენიმე ძლიერი ბავშვი გამოიკვეთა, რომელსაც ვფიქრობთ,  მომავალში  სერიოზული წარმატებები ელით საერთაშორისო ასპარეზზე. შევეცდებით მომავალში კიდევ უფრო გავზარდოთ გეოგრაფია და მასშტაბი.

ირაკლი ფურცელაძის ვაჟი - საბა "ავერსის თასის" ცხრაგზის გამარჯვებულია. ამჟამად ის საერთაშორისო ტურნირში 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ყაზახ სპორტსმენთან ფინალური შეხვედრისთვის ემზადება.

- "ავერსის თასი" პრესტიჟული ტურნირია, სადაც ასპარეზობა განსაკუთრებით საამაყოა. ყოველი ასეთი შეჯიბრი დაძაბული ბრძოლა იყო როგორც ჩემთვის, ასევე, თითოეული მონაწილისთვის, ახლაც იგივე განწყობაა - გვითხრა საბამ.

"ავერსი" ულოცავს ტურნირის გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს მოზარდ ჩოგბურთელებს.

გააზიარე: