20 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც უროლოგიის ეროვნული ცენტრის შენობაში "ავერსის" პატარა აფთიაქი გაიხსნა. ქალაქის პირველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, დღეს არაერთი კლინიკა ფუნქციონირებს. "ავერსის" სააფთიაქო ქსელის უროლოგიის ფილიალი ყოველი მათგანისთვის საიმედო პარტნიორად იქცა. ეს აფთიაქი არა მხოლოდ ექიმებმა, მომხმარებლებმაც გაიცნეს და სულ მალე მისი გაფართოების საკითხი დღის წესრიგში დადგა.
კომპანიამ ცალკე მდგომი შენობა შეისყიდა და თანამედროვე, მოდერნიზებული აფთიაქი გახსნა. 3 ივნისს, "ავერსის" უროლოგიის აფთიაქის 20 წლის იუბილე სწორედ ამ შენობაში, გრანდიოზულად აღინიშნა.
- ოცი წლის წინ, ადგილობრივი კლინიკების ხელმძღვანელობის მოთხოვნით აფთიაქის გახსნა გადავწყვიტეთ - აღნიშნა "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ - ქალაქის პირველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე დღეს კიდევ უფრო მეტი სამედიცინო დაწესებულებაა და "ავერსის" აფთიაქი ყოველ მათგანთან თანამშრომლობს.
ჩვენი მიზანია, მომხმარებელი იყოს კმაყოფილი. ამიტომ აფთიაქის მოდერნიზებაც გადავწყვიტეთ. გაფართოვდა დარბაზი, გაუმჯობესდა ინვენტარი... ყველა პირობა შეიქმნა, რომ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი კომფორტი ჰქონდეს.
აფთიაქს იუბილე კლინიკების ხელმძღვანელებმა და სამედიცინო სფეროს წამყვანმა სპეციალისტებმა მიულოცეს. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო კარდიოლოგიური კლინიკა "გულის" დირექტორი ანზორ მელია:
- ბედნიერებაა, როდესაც ასეთი წარმატებული ფარმაცევტული ფირმა ჩვენი კლინიკების გვერდით არის. "ავერსთან" მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა გვაქვს. რა თქმა უნდა, კლინიკა ყოველთვის იმარაგებს წამლებს, თუმცა ზოგჯერ არის ურგენტული სიტუაცია და კონკრეტული წამალი სასწრაფოდ გჭირდება. უდიდესი კომფორტია, როდესაც იცი, რომ აფთიაქი ნებისმიერ ასეთ მედიკამენტს ორ წუთში მოგაწვდის. "ავერსის" ხელმძღვანელობას ვულოცავ დღევანდელ იუბილეს და ძალზედ სასიხარულოა, რომ ამ წარმატებულ კომპანიასთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.
" ავერსის" ხელმძღვანელობასა და აფთიაქის კოლექტივს იუბილე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, კლინიკა "ჯანმრთელობის სახლის" უროლოგმა პროფესორმა გიორგი ბოჭორიშვილმა მიულოცა:
- დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სააფთიაქო ქსელი, ექიმებსაც და პაციენტებსაც გვერდში გვიდგას და უზრუნველგვყოფს კვალიფიციური სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. "ავერსში" ძალიან კარგი და მეგობრული კოლექტივია ბატონი პაატა კურტანიძის ხელმძვანელობით და დღეს მინდა წარმატებები და კიდევ უფრო მეტი წინსვლა ვუსურვო მათ.
- 25 წელია, რაც "ავერსი" ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა, ბატონმა პაატამ შეძლო ერთი აფთიაქისგან მთელი იმპერია შეექმნა. დღეს "ავერსს" წამყვანი პოზიციები უკავია არა მხოლოდ დისტრიბუტორის რანგში, არამედ მასშტაბური წარმოების მხრივაც. ამასთან, ეს კომპანია ბევრ სასიკეთო საქმესაც აკეთებს - საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო, ვუსურვო წინსვლა და კიდევ უფრო მეტი განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას წაადგება - აღნიშნა მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის თორაკალური სამსახურის ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა ვახტანგ ქაცარავამ.
ვესაუბრეთ იუბილარი აფთიაქის მენეჯერს - თამარ შარიქაძეს:
- აფთიაქი 1999 წელს გაიხსნა. ეს ის პერიოდია, როდესაც წამლები ჯიხურებში უკონტროლოდ იყიდებოდა. საბითუმო ფასად, კლინიკის ეზოში მედიკამენტის შეძენა კი ხალხისთვის წარმოუდგენელი კომფორტი იყო. ამასთან, "ავერსს" უკვე ჰქონდა თავისი ნიშა და მომხმარებელმა იცოდა, რომ აქ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტს შეიძენდა. ამიტომ, აფთიაქმა პოპულარობა მალევე მოიპოვა... 2004 წელს გავფართოვდით და იმ დღიდან, როდესაც შენობას საძირკველს უყრიდნენ, ჩვენ და ბატონი ნიკოლოზ კურტანიძე მუშებს თავზე ვედექით. შეიძლება ითქვას, ამ აფთიაქის ცოცხალი მემატიანე ვარ.
ამავე აფთიაქთან ჩემი ცხოვრების ბევრი ბედნიერი წუთია დაკავშირებული. სტუდენტობის შემდეგ "ავერსში" მოვედი სამუშაოდ და, შემიძლია გითხრათ, რომ პროფესიონალად სწორედ აქ ჩამოვყალიბდი. პიროვნულადაც აქ გავიზარდე - კომპანიამ თავისი დისციპლინითა და მიზანდასახულობით გავლენა იქონია ჩემზე და სტიმული მომცა, რომ მის რიტმს მეც ავყოლოდი... დღეს აფთიაქში 7 თანამშრომელია, ყოველ მათგანს "ავერსში" მუშაობის 10 წელზე მეტი სტაჟი აქვს.
"უროლოგიის" კოლექტივს ვულოცავთ 20 წლის იუბილეს და წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებთ მათ.