"ავერსსა" და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • 2019-03-19

19 მარტს  '"ავერსსა"  და თბილისის საკრებულოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების თანახმად,  თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომლებიც მედიკამენტების შესაძენად რაიონულ გამგეობებს დახმარების თხოვნით მიმართავენ, შესაძლებლობა ექნებათ "ავერსის" სააფთიაქო ქსელში  კვირის ნებისმიერ დღეს, ფასდაკლების დღეებში არსებული ტარიფით ისარგებლონ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ  აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია  მოქალაქეებისთვის  შეღავათების დაწესების თხოვნით მოლაპარაკებებს სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან აწარმოებდა და პირველი  გახლდათ კომპანია "ავერსი", რომელიც  ამ მეტად მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს გამოეხმაურა და თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

- მადლიერება მინდა გამოვხატო კომპანია "ავერსის"  მიმართ. ის ცნობილია, როგორც  მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია და მისგან შემოთავაზებული საუკეთესო პირობები ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე მისაღები და სახარბიელო აღმოჩნდა. გამგეობებს ხშირად მიმართავს მოსახლეობა, ვისაც მედიკამენტების შესაძენად საჭირო სახსრები არ გააჩნია. ჩვენი სოციალური პროგრამის ფარგლებში ასეთ ადამიანებს დახმარებას ვუწევთ და მედიკამენტებით უზრუნველვყოფთ. დღეიდან კი საჭირო პრეპარატების შეძენა არა საბაზრო ფასით, არამედ აქციით გათვალისწინებული ღირებულებით მოხდება - იმ ტარიფით, რასაც "ავერსი" მომხმარებელს ფასდაკლების დღეებში სთავაზობს. ეს უდიდესი ნაბიჯია, რომელიც კომპანია "ავერსმა" კეთილი ნებით გადადგა და ჩვენს მოსახლეობას მხარში დაუდგა. კიდევ ერთხელ მადლიერებას გამოვხატავთ ასეთი თანადგომისთვის - აღნიშნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

შპს "ავერსი-ფარმას" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მასშტაბით "ავერსს" 111 აფთიაქი აქვს და ის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომია არა მხოლოდ გეოგრაფიული დაფარვის თვალსაზრისით, არამედ შეღავათიანი ფასებითაც:

- მომხმარებელს უპრეცენდენტო ფასდაკლებას ვთავაზობთ ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს. თბილისის საკრებულოსთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მუნიციპალიტეტის პროგრამის ბენეფიციარები მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს სწორედ ამ ფასად მიიღებენ.

"ავერსი" ერთადერთი კომპანიაა ფარმაცევტულ სფეროში, ვინც ამგვარი მემორანდუმი გააფორმა, ეს ნაბიჯი  "ავერსის" მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს, ამით მან პროგრამაში ჩართული თბილისის ბენეფიციარებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა ფარმაცევტული პროდუქტი. მემორანდუმს დღეს მოეწერა ხელი და პირობებიც ძალაში დღეიდან შევიდა. შეღავათს მოსახლეობა უკვე დღეიდან იგრძნობს.

მემორანდუმის მნიშვნელობასა და პირობებზე ვესაუბრეთ, ასევე, კომპანია "ავერსის" კომერციულ დირექტორს ეკა მიქელაძეს:

- თბილისის მუნიციპალიტეტმა თხოვნით მიმართა ფარმაცევტულ კომპანიებს, რომ  სოციალურ პროგრამაში  მიეღოთ მონაწილეობა. "ავერსის" მიერ შეთავაზებული წინადადება, ფასდაკლების მასშტაბები და გავრცელების არეალი მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა და გავაფორმეთ მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მოსახლეობა კიდევ უფრო დიდი შეღავათით ისარგებლებს, ვინაიდან კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. "ავერსის" მხრიდან ეს არის სოციალური პროექტის სერიოზული მხარდაჭერა. ჩვენი კომპანია ყოველთვის ზრუნავს მოსახლეობაზე, მაქსიმალურად ცდილობს მხარში დაუდგეს შეჭირვებულ ადამიანებს და შესთავაზოს მეტი შეღავათი. პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია,  იმ მრავალრიცხოვან სოციალურ  პროექტებს შორის, რომელსაც "ავერსი: ახორციელებს, რადგან, მისი დამსახურებით  მოსახლეობას უდიდესი თანადგომა და საგრძნობი შეღავათი ექნება.

"ავერსსა" და თბილისის საკრებულოს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მოსახლეობა, ვინც მედიკამენტების შეძენის თხოვნით გამგეობებს მიმართავდა, დღეიდან არა საბაზრო ფასით, არამედ "ავერსის" სააფთიაქო ქსელის ფასდაკლებული ტარიფით ისარგებლებს.

გააზიარე: