6 თებერვალს საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" და "ავერსის კლინიკამ" ტრადიციულად განაახლეს მემორანდუმი საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან, რომლის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" იღებს ვალდებულებას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრების და ვეტერან სპორტსმენების ჯანმრთელობაზე იზრუნოს.
როგორც "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, "ავერსის" კლინიკათა ქსელი უახლესი აპარატურითა და ტექნოლოგიებით მსოფლიოს წამყვან კლინიკებს ტოლს არ უდებს და, შესაბამისად, სპორტსმენებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს:
_ ჩვენს კლინიკაში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა ახალი, სხივური თერაპიის დეპარტამენტი, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას უახლესი აპარატურით უზრუნველყოფს. 2018 წლის საერთაშორისო ტექნოლოგიურ გამოფენაზე ულტრათანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფი იყო წარმოდგენილი, რომლის შეძენაც უკვე დაიგეგმა კლინიკის ხელმძრვანელობის მიერ... საზოგადოდ, "ავერსის" კლინიკა შესანიშნავი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აპარატურით გამოირჩევა. მედიცინა არის სფერო, რომელიც სწრაფად ვითარდება და ჩვენ ამ ტემპს არ ჩამოვრჩებით. შესაბამისად, სპორტსმენებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ვთავაზობთ. "ავერსი" ქართული სპორტის დიდი გულშემატკივარია და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ნებისმიერი წარმატება თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის სასიხარულოა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ავერსთან" გაფორმებული მემორანდუმი საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
_ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სპორტსმენები ყოველწლიურად აუმჯობესებენ სპორტულ მიღწევებს, რაც, უმეტესწილად, "ავერსის" დამსახურებაა. სწორედ ამ პროექტის ხელშეწყობით ჩვენს სპორტსმენებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველვყოფთ, რაც გამარჯვების და წინსვლის წინაპირობაა. წელს დატვირთული წელიწადი გველის _ ევროპის ჩემპიონატი მინსკშია დაგეგმილი, ხოლო ახალგაზრდული ფესტივალი _ ბაქოში. ინტენსიურად ვემზადებით და შესაბამის შედეგებსაც ველით. "ავერსის" დახმარება ჩვენს სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებზე ძალიან წაადგება.
"ავერსის" კლინიკათა ქსელის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, რომ მემორანდუმის ამოქმედების დღიდან "ავერსის" დახმარებით უამრავმა სპორტსმენმა და ვეტერანმა ისარგებლა:
_ თითოეული ავერსელისთვის, ექიმისთვის საამაყოა, რომ ჩართული არიან ასეთ მნიშვნელოვან პროექტში და თავისი წვლილი შეაქვთ ჩვენი სპორტსმენების წარმატებაში.
ვესაუბრეთ ღონისძიებაზე შეკრებილ სპორტსმენებს:
ერთ-ერთ პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს _ რაფაელ ჩიმიშკიანს წელს 90 წელი უსრულდება. ვეტერანმა სპორტსმენმა გვითხრა, რომ "ავერსის" ინიციატივა ქართული სპორტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლდათ:
_ "ავერსს" მთელს საქართველოში ცნობენ და აფასებენ, ჩემი სურვილია, რომ მისი ასპარეზი ქვეყნის ფარგლებს გასცდეს.
ოლიმპიური ჩემპიონის, პარლამენტის სპორტული კომიტეტის წევრის, შოთა ხაბარელის თქმით, "ავერსი" უდიდეს საქმეს აკეთებს, და მას უამრავი ადამიანი ემადლიერება:
_ დღეს ქვეყნის კეთილდღეობა იმ ერთეულ ადამიანებზეა დამოკიდებული, ვისაც ქველმოქმედების უდიდესი ნიჭი და უნარი აქვს. ბატონი პაატა სწორედ ასეთი ადამიანია და მადლიერება მინდა გამოვხატო მის მიმართ. ასევე, "ავერსის კლინიკის" და საქველმოქმედო ფონდის თითოეულ თანამშრომელს ვუხდი მადლობას კომფორტისთვის, რასაც ისინი გვიქმნიან, დაფასებისთვის, ყურადღებისთვის და იმ ადამიანებზე ზრუნვისთვის, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ.
_ ბატონმა პაატამ თავისი ინიციატივა სპორტის ხელშეწყობის შესახებ სწორედ იმ პერიოდში გააჟღერა, როდესაც მოშლილი იყო მთელი სპორტული ინფრასტრუქტურა, არ ფუნქციონირებდა არც ერთი სარეაბილიტაციო ცენტრი და, შესაბამისად, მისი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამ მძიმე პერიოდში ამოუდგა მხარში ქართულ სპორტს და არა მხოლოდ აქტიური სპორტსმენების, არამედ ვეტერანების ჯანმრთელობაზე ზრუნვის ვალდებულებაც აიღო. ეს ძალიან დასაფასებელია, რადგან "ავერსს" უდიდესი წვლილი შეაქვს თითოეული სპორტსმენის წარმატებაში _ აღნიშნა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, საქართველო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ.
საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ "ავერსი" ეროვნული მნიშვნელობის არა ერთ პროექტს ახორციელებს და ოლიმპიურ კომიტეტთან დადებული მემორანდუმიც ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც ქართული სპორტის წარმატებაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.