"ავერსის" ქსელის ერთ-ერთი პირველი აფთიაქი განახლდა

  • 2018-12-25

"ავერსის" ქსელი დღეს მთელ საქართველოში 243 აფთიაქს აერთიანებს. შარშან კომპანიამ წამოიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც ხდება აფთიაქების სრული მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა.

24 დეკემბერს გაიმართა განახლებული "ოქროს", "ავერსის" ქსელის ერთ-ერთი პირველი ფილიალის, პრეზენტაცია. ფილიალს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, განსხვავებულად მოეწყო დარბაზი, ფართო ვიტრინებითა და განათების თანამედროვე სისტემით აღჭურვილი ინტერიერი უფრო ნათელი და კომფორტული გახდა. დარბაზში განთავსებულ კუნძულებზე თემატურადაა განლაგებული პარაფარმაცევტული ნაწარმი, რაც მომხმარებელს მისი თავისუფლად დათვალიერებისა და არჩევის შესაძლებლობას აძლევს.

აქ ნახავთ თმის, სახისა და სხეულის მოვლის საშუალებებს, მამაკაცის ჰიგიენისა და კოსმეტიკის ხაზს, ბავშვის კვებისა და მოვლის საშუალებებს, აქსესუარებს ჩვილისთვის, დეკორატიულ და სამკურნალო კოსმეტიკას ქალებისთვის.

განახლებულ აფთიაქში დღეს მომხმარებლებს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდათ: თითოეულმა მათგანმა "ავერსის" სასაჩუქრე ნაკრები მიიღო.  

– "ოქრო" "ავერსის" ქსელის ერთ-ერთი პირველი აფთიაქია, ამიტომ, ბუნებრივია, საფუძვლიანი მოდერნიზება დასჭირდა. სრულიად შეიცვალა როგორც ექსტერიერი, ისე ინტერიერიც. შევეცადეთ, ახალი აფთიაქი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული ყოფილიყო. ახლა აქ უფრო მეტი სივრცეა, მეტი სინათლე და, ვფიქრობთ, განახლებული შენობაც ძალიან მოუხდა ქუჩას, – ბრძანა პაატა კურტანიძემ, კომპანია "ავერსის" დამფუძნებელმა.

- "ოქრო" 1996 წელს გაიხსნა. ის მეორე აფთიაქია, რომელზეც იმ დროისთვის კომპანიის ლოგო გამოჩნდა. ასეთი ისტორიის მქონე ფილიალს შესაფერისი ინფრასტრუქტურაც უნდა ჰქონოდა, – გვითხრა "ავერსის" სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ და დასძინა, რომ "ავერსმა" უკვე 85 ძველი აფთიაქი განაახლა:

- გარემონტდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ქსელის ფილიალები. 2019 წლის იანვრის ბოლომდე აფთიაქების მოდერნიზების პროცესი დასრულდება.

"ავერსი-ფარმას" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ფურცელაძემ, კი აღნიშნა, რომ "ავერსის" სააფთიაქო ქსელის მოდერნიზების პროექტმა გაამართლა:

- ამით, ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე შთავბერეთ "ავერსის" აფთიაქებს და არა მარტო შესანიშნავი ექსტერიერი და ინტერიერი შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებელს, არამედ თვისებრივად უკეთესი მომსახურება და ფარმაცევტული სერვისის მაღალი დონეც. პროგრამა გრძელდება და ქსელის სრული მოდერნიზებით დასრულდება.

გააზიარე: