მედია ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსისა" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია "გორბის" მიერ ორგანიზებული ბიზნეს-რეიტინგის დაჯილდოების ცერემონიალი 14 დეკემბერს "თბილისი გარდენ ჰოლში" გაიმართა. წლის უმაღლესი სტანდარტის ფარმაცევტული საწარმო, მომსახურების მაღალი ხარისხი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია წლის საუკეთესო კომპანიის სტატუსი კი "ავერსს" ხვდა წილად.
"ვაკეთებთ იმას რაც ვიცით" - ეს გახლდათ რიგით 19 ტრადიციული ბიზნეს რეიტინგის სლოგანი. საზეიმო ღონისძიებაზე წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები დასახელდნენ. მანამდე კი შრომატევადი სამუშაო განხორციელდა - ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში, კომპეტენტურმა ექსპერტებმა 40-მდე კომპანია 14 კრიტერიუმის მიხედვით შეარჩიეს და შეაფასეს. გამარჯვებულები 60 ნომინაციაში დაჯილდოვდნენ.
ნომინაციების ჩამონათვალში წელს სიახლეც იყო - 2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიებისა და ინვესტორების გვერდით წარმატებული სტარტერი ორგანიზაციებიც დასახელდნენ. ასევე, დაჯილდოვდნენ მედიის რჩეული კომპანიები. საუკეთესო მედია ორგანიზაციები კი თავად ბიზნეს კომპანიებმა გამოავლინეს.
ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილი ბიზნესმენები, ტრადიციისამებრ, სამკერდე „ოქროს ჯვრით“ დაჯილდოვდნენ, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი გადაეცა გრან-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებულია ძვირფასი ლითონებისა და ქვებისგან.
2017-2018 წლის ბიზნეს რეიტინგის ლიდერი კომპანიის - "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ წარმატებული კომპანიების დამსახურების აღნიშვნა და მათი საქმიანობის დაფასება მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესი ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველია.
- ბიზნესის ეროვნული ჯილდო - მთავარი პრიზი გადმოგვეცა, რადგან საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულმა კომპანიებმა თავად დაგვასახელეს. ეს აღიარება, რა თქმა უნდა, "ავერსის" ერთიანი გუნდის დამსახურებაა. კომპანიისთვის კი დიდი სტიმულია, რომ ლიდერის იმიჯი მუდამ შეინარჩუნოს.
"ავერსი-ფარმას" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ფურცელაძემ მორიგი გამარჯვება მიულოცა "ავერსსა" და ავერსელებს:
- მნიშვნელოვანი წარმატება - ნაციონალურ ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვება მინდა მივულოცო "ავერსს", ავერსელებს, კომპანიის დამფუძნებელს და მის ოჯახს. ამ გამარჯვებას განსაკუთრებულობას სძენს ის ფაქტი, რომ საუკეთესოს გამოვლენა თავად ბიზნეს კომპანიების შეფასებით ხდება. მათ უმრავლესობასთან ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს თანამშრომლობა. ნაწილთან კი, ურთიერთობა საერთოდ არ იკვეთება, ამის მიუხედავად, მათ "ავერსი" საუკეთესო კომპანიად დაასახელეს. ბიზნეს რეიტინგის ჯილდო პრესტიჟულია და მის მისაღებად სხვადასხვა კომპანია და თითოეული თანამშრომელი წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობს. "ავერსის" გამარჯვებაც კომპანიის დამფუძნებლისა და იმ 9 ათასზე მეტი თანამშრომლის დამსახურებაა, ვისაც "ავერსი" აერთიანებს. საუკეთესო კომპანიისა და საუკეთესო ბიზნესმენის ჯილდო - გარდამავალი ორდენი ბატონ პაატასთან დაიდებს ბინას და "ავერსელებს შესაძლებლობა გვექნება მთელი წლის მანძილზე ვიამაყოთ ამ ორდენით. მომდევნო წელს კიდევ უფრო გრანდიოზული გეგმები გვაქვს, ასე რომ, იმედი მაქვს, ჯილდოს მფლობელის სტატუსს "ავერსი" კიდევ არა ერთი წლით შეინარჩუნებს.
- ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება 1995 წლიდან ტარდება. ჯილდო - უნიკალური ხელნაკეთი ჯვარი, რომელიც საუკეთესო კომპანიებისთვის დავაწესეთ, დიდი პოპულარობით სარგებლობს. წლევანდელი გრან-პრის მფლობელი "ავერსია", რომელმაც საუკეთესოს სტატუსი ფარული კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე მიიღო. 25 წლიანი ისტორიის მქონე კომპანია გამარჯვებულად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა თავად დაასახელეს და ეს დიდი აღიარებაა - აღნიშნა "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელმა ბატონმა მალხაზ გულაშვილმა და დასძინა, რომ "ჯორჯიან თაიმსისა" და "გორბის" მიერ ორგანიზებული ბიზნეს რეიტინგების ყოველწლიური დაჯილდოების მიზანი ქართული ბიზნესისთვის მაქსიმალურად პოზიტიური იმიჯის შექმნა გახლავთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
"ავერსი", როგორც წარმატებული და ძლიერი კომპანია, ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების მუდმივი მონაწილეა. ის, არა ერთი ნომინაციის გამარჯვებული და გრან-პრის მფლობელი გახდა. წლევანდელი ბიზნეს-რეიტინგის საუკეთესო კომპანიის სტატუსი მისთვის მორიგი, დამსახურებული აღიარებაა.