27 ოქტომბერს ყაზბეგში “ავერსის კლინიკისა” და “ავერსი-ფარმას” ერთობლივი აქცია გაიმართა. კლინიკის ექიმებმა სამი სოფლის: ჯუთის, კარკუჩის და სნოს, – მოსახლეობას თერაპიული, ქირურგიული, პედიატრიული, ოფთალმოლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, გინეკოლოგიური, ანგიოლოგიური და ნევროლოგიური კონსულტაციები გაუწიეს, ასევე ჩაუტარეს ექოსკოპიური და ლაბორატორიული გამოკვლევები.
“ავერსი-ფარმამ” აქციის ყველა მონაწილეს, ტრადიციისამებრ, უსასყიდლოდ გადასცა პირველადი მოხმარების ოცამდე დასახელების მედიკამენტი.
ამ ტიპის აქცია ყაზბეგის რაიონში უკვე მეოთხედ გაიმართა. ამავე პროექტის ფარგლებში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაცია-გამოკვლევები ჩატარდა შატილში (ორჯერ), სამცხე-ჯავახეთში, ზემო რაჭაში, თუშეთში, უჯარმაში, გორის რაიონში, ხაშურის რაიონში, ადიგენის რაიონში, ზემო აჭარაში, თიანეთში, მარნეულში. აქციების ფარგლებში 100 000 ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტი გაიცა.
– “ავერსი” თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს, განსაკუთრებით – მათზე, ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელია, – აღნიშნა ლალი ბრეგვაძემ, “ავერსის” რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, – ყაზბეგის რაიონის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისთვის აუცილებელია როგორც პროფესიონალი ექიმების კონსულტაციები, ასევე მედიკამენტებიც, რომლებიც აქციის ფარგლებში მათ უსასყიდლოდ მიიღეს.
დიმიტრი ჯორბენაძემ, “ავერსის კლინიკის” გენერალურმა დირექტორმა, გვითხრა, რომ აქციით ასამდე ადგილობრივმა მოსახლემ ისარგებლა:
– აქციების სერია 2010 წელს დავიწყეთ. წელიწადში რამდენიმე ასეთ გასვლას ვაწყობთ, უმთავრესად – მაღალმთიან სოფლებში, სადაც მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურება ნაკლებად ხელმისაწვდომია. რეგიონების მოსახლეობისთვის უფასო კონსულტაცია-გამოკვლევებს “ავერსი” მომავალშიც გამართავს.
ყაზბეგის რაიონში “ავერსი-ფარმასა” და “ავერსის კლინიკის” საქველმოქმედო აქცია გაიმართა
- 2018-11-06