"ავერსის თასი" მეცამეტედ გათამაშდა

  • 2018-10-31

მოზარდ ჩოგბურთელთა საშემოდგომო ტურნირი თბილისში, "სიტი-სპორტის" კორტებზე, 22-დან 26 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. ამჯერად აქ 18 წლამდე ასაკის 115 სპორტსმენი ასპარეზობდა. ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულებს თასი, სიგელები და საჩუქრები 30 ოქტომბერს, საზეიმო ღონისძიებაზე, "ავერსი-ფარმას" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ გადასცა.

- საყოველთაოდ ცნობილია, რომ "ავერსი" ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის აქტიურად მებრძოლი ბრენდია, - აღნიშნა მან, - ჩოგბურთელთა ტურნირის მხარდაჭერა კი კომპანიისთვის ორმაგად საამაყოა, რადგან საქმე მოზარდებს, ჩვენს მომავალ თაობას ეხება. ტურნირი ძალიან პოპულარულია და წლიდან წლამდე უფრო და უფრო დიდ ინტერესს იწვევს. თბილისის სხვადასხვა საჩოგბურთო სკოლის მოსწავლეები გამორჩეულად ემზადებიან ამ შეჯიბრებისთვის. გვყავდა მონაწილეები სხვა ქალაქებიდანაც. რუსთაველმა და თელაველმა ჩოგბურთელებმა საპრიზო ადგილებიც დაიკავეს, რაც ძალიან სასიხარულოა. ვიმედოვნებთ, მომდევნო ტურნირებზე კიდევ უფრო მეტი მოზარდი იასპარეზებს, ჩვენ კი შევეცდებით, შეჯიბრება კიდევ უფრო სახალისო და აზარტული იყოს, პრიზებით გავახაროთ და მეტი სტიმული მივცეთ ახალგაზრდა სპორტსმენებს.

 

ტურნირის შესახებ "სიტი-სპორტის" კორტების ხელმძღვანელს მიხეილ ბუთხუზსაც ვესაუბრეთ:

- "ავერსის თასი" მეექვსე წელია არსებობს და საჩოგბურთო კალენდარში საპატიო ადგილი უკავია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ის ყველაზე პოპულარული საბავშვო ტურნირია საქართველოში, რაშიც "ავერსს" უდიდესი წვლილი მიუძღვის. პატარა სპორტსმენებს განსაკუთრებით უხარიათ ამ ტურნირში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მადლიერებას კომპანიის მიმართ, რომელიც ბავშვთა სპორტის განვითარებაზე, მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაზე ზრუნავს.

 

“ავერსის თასი” პირველად 2013 წელს გათამაშდა. მას შემდეგ ტურნირი წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება. ტურნირს "სიტი-სპორტის" კორტები მასპინძლობს. შეჯიბრება ყოველთვის უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული.

მეცამეტე ტურნირის პრიზიორები არიან:

8-დან 9 წლამდე: გოგონათა შორის - მარიამ ბაზიერაშვილი, ვაჟთა შორის - გიორგი ბრეგვაძე;

9-დან 10 წლამდე: გოგონათა შორის - თეო ჭაია, ვაჟთა შორის - საბა სანაია;

12 წლამდე: გოგონათა შორის - ნია გელაშვილი, ვაჟთა შორის - ნოდარ ლიპარტელიანი;

14 წლამდე გოგონათა შორის - მარიამ შევარდენიძე;

16-18 წლამდე ვაჟთა შორის - ლუკა ჯანუაშვილი.

მარიამ შევარდენიძე "ავერსის" საჩოგბურთო ტურნირის რამდენიმეგზის პრიზიორია.

- ამჯერად მოგება გამიჭირდა, - აღიარა მან, - ძლიერ მეტოქესთან მომიწია შეჯიბრება, თუმცა ასპარეზობა ძალიან აზარტული იყო. "ავერსმა" გამარჯვება დღესასწაულად გვიქცია.

- ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, - გვითხრა ლუკა ჯანუაშვილმა, - ვეცდები, მომავალ ტურნირებშიც ასეთივე წარმატებით ვიასპარეზო. "ავერსის თასის" ფლობა დიდი სტიმულია და მიხარია, რომ გამარჯვების ეს სიმბოლო სხვებთან ერთად მეც აღვმართე.

საბა სანაიამაც გაგვიზიარა შთაბეჭდილებები და მადლიერება გამოხატა როგორც მწვრთნელების, ასევე გულშემატკივრებისა და კომპანია "ავერსის" მიმართ.

"ავერსი" ახალგაზრდა ჩოგბურთელებს წარმატებასა და გამარჯვების გზით სიარულს უსურვებს.

გააზიარე: